საარჩევნო მარათონის პიკზე

posted in: სიახლე | 0

გულნარა სოლომონიძე

საარჩევნო მარათონი პიკს უახლოვდება. ცალკეული კანდიდატები საარჩევნო პროგრამას ემოციური საუბრით ხალხში იმედიან განწყობილებას ტოვებენ. წინასაარჩევნო პერიოდში მართლაც ბევრი რამ კეთდება. თვალს ახარებს ლამაზი ფასადები, სკვერები, ფანტანები, მაგრამ ყოფითი პრობლემები იმდენად ბევრია, რომ უნებურად მაინც იტყვი – არ ჯობდა ხალხს არ უჭირდეს და ზოგიერთი ნაგვის ბუნკერში არ ეძებდეს ლუკმა-პურს?

არჩევნებს ხალხი იმედის თვალით უყურებს, მაგრამ გაყალბების ეჭვი იმდენად დიდია, რომ უმრავლესობა აღარც მიდის თავისი ნების გამოსახატავად. ჩემი აზრით, არჩევნები დემოკრატიულად მაშინ ჩატარდება, როცა ცალკეული პარტიები არ შეეცდებიან ამომრჩევლის მოსყიდვას ან კიდევ დაშინებასა და ზეწოლას.

არჩევნებმა უნდა შეცვალოს თითოეული ადამიანის ცხოვრება. ახალგაზრდა, რომელიც სკოლას ამთავრებს, იმის გამო, რომ სწავლის ქირის გადახდა არ შეუძლია, სულ აღარ აბარებს გამოცდებს და იმდგაცრუებული ფიქრობს, რა საშუალება გამონახოს მიზნის მისაღწევად. ხშირად სწავლის გაგრძელების სურვილი იმიტომაც იკარგება, რომ ხედავ შენს ნათესავს, ამხანაგს, რომელსაც შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული და სამსახურს ვერ შოულობს. ახალგაზრდები სამუშაო ადგილების უქონლობის გამო საზღვარგარეთ წასვლაზე არიან ორიენტირებულნი.

ჩემი აზრით, საქართველოში თვითმმართველობის ორგანოები კადრების შერჩევის მიზნით უნდა ატარებდნენ კონკურსს ყველა უწყებაში ღირსეული კადრის შესარჩევად. მართალია, ზოგჯერ კონკურსით არჩევენ, მაგრამ აქაც თავს იჩენს არაობიექტური ტენდენციები, ნათესაური კლანები ენაცვლება ღირსეულ კანდიდატებს.

სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ ხშირად უსახსრობის გამო ავადმყოფი საოპერაციო მაგიდაზე შეიძლება დარჩეს მანამ, სანამ სასწრაფოდ არ გადაიხდის ფულს. ეს კი შეიძლება კატასტროფით დამთავრდეს.

რა არის ხალხის კეთილდღეობისთვის პირველი და აუცილებელი პრობლემა გარდა სოციალური პრობლემისა? სამართლიანი, დემოკრატიული პრინციპებით თითოეული პიროვნების, ცალკეული ინდივიდის საზოგადოებაში ინტეგრირება, მისი უფლებების პატივისცემა.

ყველა უნდა წავიდეს არჩევნებზე იმ იმედით, რომ მისი თუნდაც ერთი ხმა ზოგჯერ შეცვლის რაღაცას. არჩევნებზე წაუსვლელობა ხელს შეუწყობს გაყალბებას. მივცეთ ხალხს საშუალება, გააკეთოს სწორი არჩევანი. ხვალინდელი დღე ჩვენი მომავალი, მხოლოდ ჩვენ მიერ გაკეთებული არჩევანით შეიძლება ჩვენსავე სასიკეთოდ შეიცვალოს. ხევისბერს ხომ ოდითგანვე ხალხი ირჩევდა და სჯეროდა მისი.