1701 წლის თბილისი

თბილისის ამ ჩანახატის ნახვისას, ყველას ახსენდება ფრანგი ბოტანიკოსის, პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრის – ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორის (Joseph Pitton de Tournefort) მოგზაურობის დროს, 1701 წელს შესრულებული თბილისის ჩანახატი. უფრო ზუსტად, ტურნეფორის თანმხლები მხატვრის კლოდ ობრიეს (Claude Aubriet) მიერ ჩახატული თბილისი. დიახ, ეს ნამდვილად 1701 წელს, ტურნეფორის მოგზაურობის დროს კლოდ ობრიეს მიერ ჩახატული თბილისია. თუმცა, XVIII საუკუნის პირველ ნახევარში, როგორც მინიმუმ თბილისის ამ ჩანახატის ოთხი სხვადასხვა ევროპული გამოცემა არსებობდა.

პირველი გამოცემა, ტურნეფორის გარდაცვალების შემდეგ 1717 წელს პარიზში დაიბეჭდა. მეორე გამოცემა – ჰენრი აბრაჰამ ჩატელაინის (Henri Abraham Chatelain) 1719 წლის ფრანგული გამოცემა ამსტერდამში. მესამე – იოჰან ბაპტისტ ჰომანის (Johann Baptist Homann), 1724 წლის გამოცემა ნიურნბერგში, გერმანული ენაზე. ხოლო მეოთხე, ამსტერდამში – 1737 წელს, Janssoons van Waesberge-ს გამოცემა ჰოლანდიურად.

იოჰან ბაპტისტ ჰომანი (1664-1725)

საერთოდაც, თბილისის ეს ჩანახატი დიდი პოპულარობით სარგებლობდა ევროპაში და XVIII საუკუნის მეორე ნახევარშიც არაერთხელ გამოიცა. შეიძლება ისიც ითქვას, რომ თბილისის ეს ჩანახატი უფრო პოპულარული იყო, ვიდრე ტურნეფორის მოგზაურობამდე 29 წლით ადრე, ჟან შარდენის მოგზაურობის დროს 1672-1673 წლებში შესრულებული თბილისის პირველი გრაფიკული ჩანახატი. მიუხედავად იმისა, რომ ჟან შარდენის მოგზაურობის დროს შესრულებული თბილისის პირველი გრაფიკული ჩანახატი, ბევრად ინფორმაციული და სრულია.

XVIII საუკუნის პირველ ნახევარში გამოცემული თბილისის ზემოთ აღნიშნული ოთხი ჩანახატიდან, მხოლოდ ორი – 1717 წლის პარიზული და 1737 წლის ამსტერდამული გამოცემები უკავშირდება ტურნეფორის მოგზაურობას. ჩატელაინის და ჰომანის გამოცემები კი სულ სხვა ამბის ნაწილია. ასე მაგალითად, ჩატელაინის გამოცემა – 1719 წელს გამოცემული ისტორიის ატლასის V ტომში შევიდა, ხოლო იოჰან ბაპტისტ ჰომანის გამოცემა, სპარსეთის სამეფოში შემავალი 15 სხვადასხვა ქალაქის ხედის ნაწილია (მაგალითად, თბილისი, ასტრახანი, დარუბანდი, ყარსი, ერზერუმი, ბაქო, ერევანი, შირაზი, ისპაჰანი და სხვ).

სწორედ, ჰომანის მიერ 1724 წელს გამოცემული თბილისის ვერსია არის ყველაზე საინტერესო. მიზეზი მარტივია, ჰომანის გამოცემა ერთადერთია, რომელსაც ჩანახატის ქვემოთ, თბილისში არსებული შენობების და სხვა ადგილების აღმნიშვნელი მინაწერები აქვს. საერთო ჯამში, თბილისის ხედის ქვემოთ, შემდეგი შინაარსის ცხრა მინაწერს ვხდებით:  a – სასახლე, b – სომხური მთავარი ეკლესია, c – კათოლიკური ეკლესია, d – კაპუცინების მონასტერი, e – სასაწყობე ადგილი, f – ჯარის საწვრთნელი ადგილი, f – ბაზრობა, h – წმინდა მთისკენ, i – პრინცების სასახლე.

ამ მინაწერების ნაწილს, ჟან შარდენის მოგზაურობის დროს შესრულებულ თბილისის პირველ გრაფიკულ ჩანახატზეც ვხდებით.

ჟოზეფ პიტონ დე ტურნეფორი (1656-1708)

ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ადამიანი იყო იოჰან ბაბტისტს ჰომანი ამაზე მისი ბიოგრაფია მეტყველებს. ჰომანი XVIII საუკუნის გერმანიაში წამყვან კარტოგრაფად და გამომცემლად ითვლებოდა. ბავშვობაში იეზუიტების სკოლაში დადიოდა, რამდენიმე წლის განმავლობაში სხვადასხვა მონასტერში ცხოვრობდა და  ბერად აღსაკვეცად ემზადებოდა. თუმცა, XVII საუკუნის ბოლოს და XVIII საუკუნის დასაწყისში, იოჰანს, როგორც კარტოგრაფს და გამომცემელს ისე იცნობდნენ უკვე.

ოფიციალურად, ჰომანმა, 1702 წლიდან, ნიურნბერგში საკუთარი გამომცემლობა „Ioh. Baptisto Homanno“ დაარსა, რომელიც ძირითადად გლობუსებს და რუკებს ამზადებდა. 1715 წელს პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის წევრად აირჩიეს. 1717 წელს კი „სამეფო გეოგრაფის“ ტიტული უბოძეს. სხვადასხვა დროს, ნიურნბერგის გარდა, ასევე ცხოვრობდა ვენაში, ლაიფციგში და ერლანგენსში. შემოქმედებიდან აღსანიშნავია, 1707 წელს გამოცემული პირველი ატლასი, რომელშიც 40 რუკა მოათავსა. 1712 წელს, იგივე ატლასის გადამუშავებული ვერსია დაბეჭდა 100 რუკით. 1716 წელს კი – „დიდი ატლასი მთელი მსოფლიოს შესახებ“, 126 რუკით. XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, ჰომანი გერმანიაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი კარტოგრაფი და გამომცემელი იყო. მის საგამომცემლო სახლში უამრავი ინფორმაცია იყრიდა თავს და მუდმივად იღებდა შეკვეთებს, მიუხედავად იმისა, თუ დედამიწის რომელი მხარე, ქვეყანა ან ქალაქი აინტერესებდა დამკვეთს. შესაბამისად, სულაც არ არის გასაკვირი, რომ მას დიდი ინფორმაცია ჰქონდა აღმოსავლეთის ქალაქების, მათ შორის თბილისის შესახებ.

დიდი დრო გავიდა იოჰან ბაპტისთ ჰომანის მიერ, 1724 წელს გამოცემული თბილისის ცნობილი ხედის შემდეგ, რომელიც ტურნეფორის მოგზაურობის დროს, კლოდ ობრიემ 1701 წელს ჩაიხატა. თბილისის გრაფიკული ჩანახატის ზემოთ აღნიშნული ოთხი სხვადასხვა ვერსიიდან, სამი უკვე ვიპოვე და ჩემს კოლექციაში ინახება. ყველაზე ადრე, ჰენრი აბრაჰამ ჩატელაინის გამოცემა კვიპროსში, მერე „Janssoons van Waesberge“-ს დრო დადგა, რომელიც საბერძნეთში აღმოვაჩინე. სულ ბოლოს კი, მისი აღმატებულება იოჰან ბაპტისტ ჰომანის დრო მოვიდა, ვინც – ნიურნბერგში, გერმანიაში, იმავე ქალაქში ვიპოვე, სადაც 1724 წელს ჰომანმა გამოსცა.

ავტორი: სულხან სალაძე.

_____

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.