სასწაულის მოლოდინში

posted in: სიახლე | 0

თამარ კიწმარიშვილი

თითქმის ყველა არჩევნებზე ვარ ნამყოფი. არ მჯერა, რომ პოლიტიკოსები წინასაარჩევნოდ უხვად ჩამორიგებულ დაპირებებს შეასრულებენ, მაგრამ არჩევნებზე მაინც მივდივარ. რამდენიმე წლის წინ საარჩევნო უბანზე საღამოს რვის ნახევარზე მივედი, სოფლიდან ხმის მისაცემად საგანგებოდ ჩამოვედი, მაგრამ საარჩევნო უბანი დაკეტილი დამხვდა. მიზეზი რომ ვიკითხე, მითხრეს, რომ საარჩევნო ბიულეტენები დაუმთავრდათ და იძულებული გახდნენ, უბანი დაეხურათ. მაინტერესებს, ვინ და რა არჩევანი გააკეთა ჩემი კუთვნილი ბიულეტენით და არ მინდა იგივე განმეორდეს.

ჯერჯერობით გადაწყვეტილი არა მაქვს, ვის მივცემ ხმას. წინასაარჩევნოდ ბევრს გვპირდებიან, მათ შორის გზის დაგებას, წყალ-კანალიზაციის პრობლემების მოგვარებას. მიკვირს, რატომ უნდა მივცე ამის გამო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ხმა, როცა ეს მთავრობის პირდაპირი მოვალეობაა.

არ მომწონს, როცა კანდიდატები კარდაკარ დადიან და მოსახლეობას ხმის მიცემის სანაცვლოდ დაპირებებით ავსებენ. ასეთ დროს პროტესტის გრძნობა მიჩნდება და არც ხმის მიცემის სურვილი მაქვს, რომელი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელიც არ უნდა იყოს.

მიჭირს ვთქვა, ზუსტად რას ველი ამ არჩევნებიდან, მაგრამ მინდა ამ ქვეყანაში, ამ ქალაქში შეიცვალოს მოხუცების, ავადმყოფებისა და ბავშვების მდგომარეობა. ჩემი მეზობლები, ნაცნობ-მეგობრებიც აპირებენ არჩევნებზე წასვლას, იქნებ მოხდეს სასწაული და არჩევნების გზით ისეთი ადამიანები მოვიდნენ, ხალხს რომ გვერდით დაუდგებიან.