რეკომენდაციები მომავალ თვითმმართველობას

posted in: სიახლე | 0

უჩა მელიქსეთიანი

ბათუმი შავი ზღვის მარგალიტია. აი, ამ ქალაქში ვცხოვრობ მე. საარჩევნო ასაკი ჯერ კიდევ სტუდენტობის დროს შემისრულდა. 30 მაისს არჩევნებში მონაწილეობას რასაკვირველია მივიღებთ. ჩემი ქუჩის ბედ-იღბალი დიახაც რომ მაწუხებს (მელიქიშვილისა და სევასტოპოლის ქუჩების კვეთა). როგორც კი ბათუმური წვიმა მოვა, უბანში ყველას გვეშინია. ყველაფერი იტბორება. როგორ გინდა ასეთ დროს არ გაიხსენო დიდებული ბათუმელი, შესანიშნავი პედაგოგი, ჯაბა ჯაყელი, რომელიც წლების განმავლობაში #20 საშუალო სკოლის დირექტორი იყო და თათბირებზე პარტიულ ხელმძღვანელობას სულ ეჩხუბებოდა, ან გზა გაგვიკეთეთ, ან ნავები მოგვეცით ბავშვები გადავიყვანოთო.

ახლაც იგივე სურათია. რომელიმე უცხოელმა ტურისტმა რომ მოინდომოს ჭაობის მხარეს გასეირნება, თავი მოგვეჭრება. აი, ეს მაწუხებს. ქალაქი უნდა განახლდეს თანაბრად. თუ ერთი უბანი ცენტრში რემონტდება, მეორე უბანი პერიფერიაში უნდა გარემონტდეს კაპიტალურად. ასე უფრო სამართლიანი იქნება – სოციალურად, ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც, თქვენ წარმოიდგინეთ ფინანსურადაც. თვითმმართველობაც და მერიაც ხომ იმაზე უნდა ფიქრობდეს, რომ აშენებული ბინები იაფი იყოს ბათუმელებისთვის და არა ისე უღმერთოდ ძვირი, როგორიც დღესაა. დღევანდელი სტრატეგიით ბათუმი ე.წ. “პოტიომკინის” სოფელს დაემსგავსა.

ჩვენ ვაკვირდებით ქალაქის თვითმმართველობის მუშაობას. უნდა აღინიშნოს, რომ მისი მუშაობა გაუმჭვირვალე და არაპროგნოზირებადია. ამის შედეგია, რომ საზოგადოებამ ხშირ შემთხვევაში არ იცის რის გაკეთებას აპირებს ქალაქის მერია მოკლევადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში. აი, თუნდაც სამშენებლო ბუმი, რომელშიც ჩართულია ბათუმი, ჩვენი აზრით “ზემოდან” ზეწოლით თითქმის უმართავი შეიქმნა. ასანთის კოლოფებივით შენდება სახლები, მაგრამ ერთი ახალი სკოლაც კი არ არის აშენებული. ის კი არადა, დაიშალა #3 სკოლა. დაიშლება ალბათ #6 სკოლაც. არადა, ორივე სკოლა სამიოდე წლის წინ კაპიტალურად გარემონტდა. გამოდის, რომ ეს სახსრები წყალში ჩაიყარა… ან ძეგლების გადატან-გადმოტანა. რაც იმაზე მიუთითებს, რომ ეს საკითხები სუბიექტურად და ვოლუნტარისტულად წყდება. ამის კიდევ ერთი მკაფიო მაგალითია შოთა რუსთაველის ბიუსტის დადგმა. მეგობრებმა ის ერთად ვნახეთ და უადგილო ადგილას დადგმული ბიუსტი არც ერთს არ მოგვეწონა. ბათუმში უნდა იყოს შესანიშნავი ძეგლი შოთა რუსთაველისა და ის უნდა იდგეს უნივერსიტეტის ეზოში, რადგანაც ის მისი სახელობისაა. ყოველივე ამის შესახებ ვსაუბრობთ მეგობრებში, მეზობლებში, სადაც გამოითქმება უფრო რადიკალური აზრები და შეხედულებები.

მე 30 წელზე მეტია სკოლაში ისტორიას ვასწავლი და გული მწყდება, რომ განათლების რეფორმის ლომაიასეული ვარიანტი აჭარაში დაიწყო სკოლებში ღირსეული დირექტორების სამსახურიდან იძულებით დათხოვნით. მათთვის ერთი მადლობაც კი არავის უთქვამს, ეს ის ხალხი იყო, რომლებმაც გადაარჩინეს სკოლები სამოქალაქო ომისა და შიგა არეულობის დროს, როცა სკოლების გარდა არაფერი მუშაობდა.

გული მწყდება – დღეს ხელისუფლებაში ჟიული შარტავას თაობა უნდა იყოს და არა დღევანდელი თინეიჯერები. თაობათა შორის კავშირის წყვეტა კიდევ დიდხანს დააჩნდება საქართველოს სახელმწიფოს.

მე მიმაჩნია, რომ ქალაქის თვითმმართველობა და მერია მოქმედებს შებოჭილად და როგორც აღვნიშნე, გაუმჭვირვალედ. მისი კომპეტენციის ფარგლებშიც კი თითქოს ვიღაცის და რაღაცის ეშინია. აქედან გამოსავალი იქნებოდა ქალაქის მერის პირდაპირი არჩევა. რატომ არ წავიდა ამაზე ხელისუფლება, ჩვენთვის გაუგებარია. თბილისში ხომ ირჩევენ მერს, ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქის მცხოვრებნი მერს ვერ ავირჩევდით? მეჩვენება, რომ ცენტრალური ხელისუფლება ხშირად ხელოვნურად ქმნის პრობლემებს. ეს კი საზოგადოებაში დაძაბულობას იწვევს.

მიმაჩნია, რომ მერიის ბიუჯეტი უნდა იყოს რაციონალურად შედგენილი და უაღრესად გამჭვირვალე. მე როგორც რიგით მოქალაქეს, უნდა მქონდეს ბიუჯეტის შედგენაში მონაწილეობის უფლება, პრიორიტეტების გამოყოფა. თვითმმართველობა კი განიხილავს მოქალაქეთა ყველა ამ შენიშვნას და შეადგენს ქალაქის შეჯერებულ ბიუჯეტს, რომელიც გამოკრული იქნება ქალაქის თვალსაჩინო ადგილას.

მე მინდა ნებისმიერი ბათუმელი შედიოდეს მერიაში როგორც საკუთარ ოჯახში და მას ხვდებოდნენ როგორც დიდი ხნის უნახავ მეგობარს, გამოკითხონ ყველაფერი და სათანადოდ დაეხმარონ.

მიმაჩნია, რომ მერიის სტრუქტურაში უნდა იყოს საქმიანი წინადადებებისა და შენიშვნების სამსახური, რომლის საშუალებითაც მოსახლეობა მიიღებს მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის მუშაობაში. ჩვენი ქალაქის ახალ თვითმმართველობას ერთ წინადადებას ახლავე მოვახსებენ. ქალაქის მუნიციპალიტეტმა 9 მაისი აღნიშნოს არა ჩუმად, არამედ ხალხის ნებიდან გამომდინარე, ხალხს კი სურს რომ ეს ზეიმი იყოს სახალისო.