დავფიქრდეთ, რა და რატომ გვჭირს

დავფიქრდეთ, რა და რატომ გვჭირს

posted in: სიახლე | სტატია წაკითხულია 903-ჯერ

არჩილ კახაძე

ისევე როგორც მთელ საქართველოში, ახლა ჩემს სოფელშიც წინასაარჩევნო ციებ-ცხელებაა. საერთოდ, ჩვენს ქვეყანაში სიმღერა, ფეხბურთი და პოლიტიკა ყველამ იცის, მაგრამ ასეთ მომენტებში ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ აღტკინებას იწვევს მოსახლეობაში. ტელევიზორში დაუსრულებელ რეკლამებს და უამრავ პლაკატებს ნებისმიერი თავშეყრის ადგილზე გაცხარებული კამათი (ხშირად დედის გინებით დამთავრებული) ემატება.

მე, პირადად, დიდი ხანია ვმონაწილეობ ნებისმიერი დონის არჩევნებში, როგორც ამომრჩეველი და დარწმუნებული ვარ, როგორც არ უნდა წარიმართოს ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება, ბოლომდე ჯიუტად შევეცდები ჩემმა “რჩეულმა” გაიმარჯვოს. ჩემი უბნისა და თემის ბედი მაწუხებს იმდენად, რამდენადაც ჩემი ოჯახის: ბევრი ჩემი ახლობლის მომავალი დიდ წილად მის განვითარებაზეა დამოკიდებული. ვაკვირდები ჩემი ქალაქისა და სოფლის მმართველობის ფუნქციონირებას და მართალი გითხრათ, ვერ გამიგია, რატომ ჰქვია ასეთი შესანიშნავი სახელი. პირველ რიგში, ჩემი აზრით, ნებისმიერ ასეთ ერთეულს უნდა ჰყავდეს ხალხის მიერ პირდაპირ არჩეული ხელმძღვანელი და ის უპირველესად პასუხისმგებელი უნდა იყოს თავისი ამომრჩევლის წინაშე. ამა თუ იმ ერთეულში პრიორიტეტები უნდა განისაზღვროს იქ მცხოვრები ხალხის აქტიური მონაწილეობით. მართალია, მოსახლეობის უმეტესობა ჯერ კიდევ “კომუნისტურ ნირვანაშია” ჩაძირული, მაგრამ “დემოკრატიის ჩემპიონთა” ვალია, ეს ყველაფერი აუხსნას და გააგებინოს ხალხს.

ამ ყველაფრის მაგალითად ჩემი სოფლის საკრებულოს მუშაობას დავასახელებ: პრეზიდენტის თქმით, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხა რაში დაიხარჯება. პირადად ჩემთვის და ჩემი მეზობლებისთვის არავის უკითხავს აზრი, პირველ რიგში რა გვჭირდებოდა და, საერთოდაც, არ გამიგია ვინმეს თუ ჰკითხეს. ძალიან კარგია ახლად მოასფალტებულ გზაზე გაჩერების გაკეთება, მაგრამ ჩემი და უმრავლესობის აზრით, ეს ყველაფერი აზრს კარგავს, თუ ამ დროს წყლის პრობლემა არაა გადაჭრილი. განსაკუთრებით მაშინ, როცა ვიცით, რომ გაცილებით მეტი თანხა დაიხარჯა (აქაც უნდა დაისვას კითხვა: რატომ?) ამ ყველაფერზე, ვიდრე წყალს სჭირდებოდა.

გაყალბებულ არჩევნებზე ლაპარაკი ჩვენი ცხოვრების წესია, მაგრამ არა მგონია, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ ხელისუფლებას უნდა დაბრალდეს. არსებობს ოქროს წესი – “მოითხოვე და მოგეცემა”. იშვიათი გამონაკლისების გარდა მე არ მინახავს, ხალხს რამე საფუძვლიანად, აზრიანად და მტკიცედ მოეთხოვოს. სამაგიეროდ, ვიღაც “ვიღაცის” “ურას” აყოლილი ან გადმოგდებული 10 ლარის სანაცვლოდ დამდგარი 1000 ადამიანი ბევრჯერ მინახავს. მე, პირადად, ვაკვირდებოდი რამდენიმე არჩევნებს “სამართლიანი არჩევნებიდან”. მათ შორის ისეთ არჩევნებს, სადაც იარაღის მუქარით ხალხს აიძულებდნენ არჩევანის გაკეთებას, მაგრამ ერთი ადამიანიც არ მინახავს, ვინც გააპროტესტებდა ამ ყველაფერს. თვითონ ოპოზიციის წარმომადგენლებიც თვალს ხუჭავდნენ და არჩევანს უყალბებდნენ მათ ამომრჩეველს. მინახავს კარუსელში მონაწილე ადამიანთა ჯგუფი (მათ შორის ჩემი ახლობლებიც). მათ მხოლოდ იმიტომ გააკეთეს ეს არჩევანი, რომ მოცემულ მომენტში, მათი თქმით, ხელისუფლებას “გამორჩნენ” და ერთი ტომარა აზოტი თუ ფქვილი მიიღეს; ადამიანები, რომლებმაც არჩევანი იმ ნათესავის სასარგებლოდ გააკეთეს, რომელთა პატიმარიც იყო გასათავისუფლებელი და ასე შემდეგ, კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ სწორედ ახლა ეს ხალხი ლანძღავს ხელისუფლებას იმისთვის, რომ ასი საავადმყოფო არ ააშენა და ასი ათასი სამუშაო ადგილი არ შექმნა, რომ სამართალი შერჩევითია და სამსახურს ისე ვერ დაიწყებ თუ არ “ჩააწყობ”.

აბსურდის დრამასავით ვითარდება ეს ყველაფერი და მეორდება დაუსრულებლად. ამიტომ დროა, ყველა ჩვენგანი დაფიქრდეს რა და რატომ გვჭირს. აუცილებლად წავიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ ისეთი არჩევანი, საკუთარ მესთან და სინდისთან რომ იქნება შეთანხმებული, ჩავერიოთ ნებისმიერ იმ პრობლემაში, რომელიც ჩვენ მომავალ ცხოვრებაში იმოქმედებს. თუ გვაქვს შანსი ამ წუთში და საყვარელ საქმეს ვაკეთებთ, ბოლომდე დავიხარჯოთ. სხვისი გაკეთებულის დაფასება ვისწავლოთ და მჯერა, რაღაც მაინც შეიცვლება სასიკეთოდ.

ერთი წინაპრის სიტყვებს რომ ვენდოთ, ხალხი იმაზე უკეთეს ხელისუფლებას არ იმსახურებს, ვიდრე ჰყავს. ამიტომ ჯერ ყველამ საკუთარ თავში გავაკეთოთ არჩევანი – გადავწყვიტოთ ვინ ან რა და რატომ გვინდა. მერე კი თითოეულმა ჩვენგანმა ყველაფრის ფსად დავიცვათ ეს გადაწყვეტილება და დავინახავთ, რომ სულ ყველაფრის სხვაზე გადაბრალება აღარ დაგვჭირდება.

One Response

  1. Anonymous

    შენს სოფელში ვცხოვრობ 45 წელია და 45 წელია წყალის პრობლემაა. რავარც არ გასწორდება ძაღლის კუდი ესე არ მოგვარდება ეგ საქმე. რატომ? იმიტომ რომ….

Leave a Reply