არჩევნები – სწორი გადაწყვეტილება

posted in: სიახლე | 0

ალექსანდრე ბენიძე

ყოველთვის, როდესაც ახლოვდება არჩევნები, პოლიტიკურ წრეებში და მთლიანად პოლიტიკურ საზოგადოებაში, წინასაარჩევნო ბუმი იწყება და ეს ცნობილია საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების პრაქტიკაში. თუმცა ხმაური არაფერს ამტკიცებს.

არჩევნებში მონაწილე თითოეული პარტია იწყებს მოსახლეობის გამოკითხვას კარდაკარ და ბროშურების დარიგებას, გარკვეულ უბნებში აქციების გამართვას და მოსახლეობისთვის მათი საარჩევნო გეგმის გაცნობას. თუმცა კონკრეტულს მაინც ვერაფერს ამბობენ – ყოველი არჩევნების დროს გაისმის მრავლისმომცველი დაპირება, რომელიც ხშირად სიტყვებად რჩება.

მრავალწლიანი საარჩევნო გამოცდილებიდან გამომდინარე, ამომრჩეველთა უმრავლესობაში ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოლოდინი მხოლოდ ქიმერაა.

თითოეულმა ჩვენგანმა იცის წინასწარ ის შედეგები, რომლებიც ოფიციალურად გამოქვეყნდება ხმების დათვლის შედეგად და საკუთარი თავის გასამართლებლად ვფიქრობთ, რომ ძალა არ გვქონდა. სინამდვილეში ძალა კი არა, ნებისყოფა და გამბედაობა არ გვაქვს, წინ აღვუდგეთ ყოველგვარ დარღვევას.

საყოველთაო კენჭისყრა ჩვენი უფლებაა. მას აქვს უარყოფითი მხარეები, მაგრამ იგი ერთადერთი საშუალებაა, რაც უხეშ ძალას ეწინააღმდეგება! ამიტომ ჩვენ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გვავალდებულებს, დავიცვათ საკუთარი ხმები. მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, ნიშნავს აზროვნებდე, ხოლო აზროვნებდე ნიშნავს იპოვო განსხვავება. უნაკლო არაფერია, მაგრამ მათ შორის უკეთესი ის არის, ვისაც ყველაზე მცირე ნაკლი აქვს.

ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია, გაეცნოს მოსახლეობაში არსებულ მოთხოვნებსა და პრობლემებს და მათ მოგვარებაზე იზრუნოს. ეს უნდა წარმოადგენდეს მის მუდმივ, სისტემატურ მდგომარეობას და არ უნდა იქცეს წინასაარჩევნოდ ერთჯერად ქმედებად.

კარგი იქნება არა ყოველ მე-4 წელს, არამედ ყოველ წელს ტარდებოდეს არჩევნები, რადგან ცნობილია, პოლიტიკური წრეები ამ პერიოდში აქტიურდებიან, როგორც არასდროს – კეთილის საქმეების კეთების სურვილი უჩნდებათ… არჩევნების დასრულების შემდეგ ყველა თავის მეხსიერებას ემდურის. მოსახლეობა კი არჩევნებიდან არჩევნებამდე იმ იმედით ცხოვრობს, რომ რაღაც შეიცვლება. ეს, ალბათ, ჯერ კიდევ იმედად დარჩება.

უმადური ვიქნები, არ დავინახო ის, რაც დღეს აჭარის პერიფერიაში ხდება. მიმდინარეობს მრავალი სახის რეკონსტრუქცია. საგრძნობლად იმატა სამხრეთელი მეზობლებისა და მათი ინვესტიციების შემოსვლამ. მაგრამ, იმედია, ამით ჩვენი მოსახლეობა ისარგებლებს მეტად და გაიზრდება დასაქმებულთა მაჩვენებელი. ასევე აუცილებელია ანალოგიური შემართება მთელ საქართველოს მოედოს და არა ცალკეულ ქალაქს.

გასულ წლებში, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, ბათუმის ერთ-ერთ უბანზე დამკვირვებლად ვიყავი წარდგენილი და მოვალეობას დიდი ენთუზიაზმით შევუდექი. სამწუხაროდ, ამან შედეგი არ გამოღო, რადგან ათში ერთი რომ იქნები ლეგიტიმური არჩევნების ჩატარების მომხრე, ყველაფერი ისე გაკეთდება, რასაც უმრავლესობა გადაწყვეტს. მიკვირს, რატომ მისდევენ ადამიანები უმრავლესობას? იმიტომ, რომ უმრავლესობა ყოველთვის მართალია? არა, მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობა ძლიერია! არადა, ისინიც ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და არ აქვთ სურვილი, იცხოვრონ სამართლიანი არჩევნების შედეგად მიღებულ სახელმწიფოში, გახდნენ ღირსეული ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები.

ადამიანებს სანახაობა გვიზიდავს და არჩევნებიც ზოგჯერ სანახაობას წააგავს, სადაც საუკეთესო ადგილებს არცთუ კეთილშობილი ადამიანები იკავებენ… ვიმედოვნებ, ჩვენ ყველაზე მეტად გვჯერა იმ დასკვნების, რომლებსაც თვითონ ვაკეთებთ და არა იმისი, რომლებიც სხვა ადამიანებს მოუდით თავში. მაგრამ უმთავრესი და აუცილებელია სწორი დასკვნები გამოვიტანოთ ყოფითი პოლიტიკური ცხოვრებიდან და 30 მაისს არჩევანი გავაკეთოთ არა ჩვენი, არამედ ჩვენი ერის სასიკეთოდ.

მჯერა, რომ ერი სახელმწიფოზე ძლიერია!..