დავაფიქსიროთ თავისუფალი აზრი

posted in: სიახლე | 0

ნატო ჩოგაძე

დიახ, მე მაქვს ასაკი, მივიღო არჩევნებში მონაწილეობა. არჩევნებში ყოველთვის აქტიურად ვიღებ მონაწილეობას და ჩემს ლამაზ ბათუმელებსაც მოვუწოდებ ამ პროცესზე უარს ნუ იტყვიან. ამით მათ ექნებათ შესაძლებლობა, დააფიქსირონ თავიანთი თავისუფალი აზრი. მაწუხებს და ვცდილობ დიდი თუ არა, პატარა წვლილი მაინც შევიტანო საყოველთაო საქმეში, გავაკეთო რამე სასიკეთო ჩემი უბნისთვის, გაჭირვებული ხალხისთვის.

დიდი ყურადღებით ვაკვირდები ქალაქის თვითმმართველობას. თითქმის ყოველდღიურად მიწევს საუბარი და ზოგჯერ კამათიც კი წინასაარჩევნოდ, რადგან აღმოვაჩინე, რომ ბევრს არ აინტერესებს არჩევნები და წასვლაც კი ეზარება – ყველა დაიღალა წინასაარჩევნო დაპირებებით. საწყენია, რომ ბევრი იმედგაცრუებულია.

სამწუხაროდ, ჩემი პირადი ცხოვრება მოსაწყენი და სევდიანია. დღის უმეტეს ნაწილს ბავშვების აღზრდასა და სწავლაში ვატარებ, დარჩენილ დროს ყავას ვსვამ მეგობრებთან და ვსაუბრობ ყველაფერზე. ოჯახის საქმეებს რომ მოვრჩები, გავდივარ საზოგადოებაში და სულ სიახლის ძიებაში ვარ. ვცდილობ, უფრო მეტი სასარგებლო რამ გავიგო.

თვითმმართველობა აღმშენებლობის საქმით რომ არის დაკავებული, ეს მგონია, ყველასთვის ნათელია, მაგრამ სასურველია გლეხებსა და უკიდურესად გაჭირვებულ ხალხს მეტად დაეხმაროს.

მე რომ ჩართული ვიყო თვითმმართველობის საქმიანობაში, პასუხისმგებლობით მოვეკიდებოდი ყველა მოთხოვნას და პრობლემებს შესაძლებლობის მიხედვით გადავუწყვეტდი ადამიანებს. თუმცა ახლაც ვეხმარები ჩემს მეზობლებს ელემენტარული პრობლემების გადაჭრაში: არიან პენსიონერები, უნარშეზღუდულები, დაუსაქმებელი ახალგაზრდები, რომლებსაც ამა თუ იმ პრობლემის გამო არა აქვთ საშუალება გადაადგილების და კურიერად ვარ ქცეული – ამბებისა და განცხადებების მიტან-მოტანას ვგულისხმობ…

მე ვცხოვრობ აჭარაში. კერძოდ გაბრწყინებულ ბათუმში.