აქტიური მოქალაქე

posted in: სიახლე | 0

ლიანა ხიმშიაშვილი

სოფლის თვითმმართველობა, რომელიც ხალხისგან არის არჩეული, უნდა იყოს მოსახლეობის ინტერესების გამტარებელი ადგილობრივ მუნიციპალიტეტში თუ საკრებულოში – ეს არის სტანდარტული ტექსტი, რომელიც ხშირად მოგვისმენია არჩევნებში მონაწილე სუბიექტებისგან. განა რეალურია ეს სიტყვები და მართლაც ასეა თუ არა?! არის თუ არა თვითმმართველობა მოსახლეობის ინტერსების გამტარებელი?

მე სტუდენტი ვარ და ხშირად მიწევს სამარშრუტო ტაქსით მგზავრობა. იქიდან გამომდინარე, რომ ვერ ვმონაწილეობ სოფლის დაგეგმარების პროექტებში და არ ვარ ჩართული აქტიურად, ობიექტური მიზეზების გამო, ეს არის ადგილი, სადაც ვისმენ პოლემიკას პოლიტიკაზე, თვითმმართველობაზე და ვეცნობი ჩემი თასოფლელების აზრს. თუმცა სამწუხაროდ, ხშირად მესმის მათი უკმაყოფილება ყოფისა და მობეზრებული სოფლის ცხოვრების გამო.

ასეთი დისკუსიის შემდგომ, როცა ჩავდივარ ხიჭაურის სახელმწიფო უნივერსიტეტში, უფრო დიდი ენერგიით ვარ დამუხტული, ანუ ვაცნობიერებ იმას, რომ ჩემ უკან არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ დასაყრდენი და უკეთესი პირობები.

შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ სოფელი უფრო ცუდ დღეშია, ვიდრე ქალაქი. ჩვენ მხოლოდ ჩვენი მიწის ნაკვეთის იმედად ვართ და მეტი ალტერნატივა არ გაგვაჩნია. ზოგჯერ თითო ტომარა სასუქს თუ მივიღებთ, ისიც დიდი “ზარზეიმით” მუნიციპალიტეტისგან.

ჩემს სოფელს სამი თავმჯდომარე ჰყავს (გამგებელი). და რაში არიან ისინი საჭირონი? – მათი ფუნქცია ხომ ის არის, რომ შუამავლად გამოვიდნენ სოფლის მცხოვრებლებსა და მუნიციპალიტეტს შორის და ხალხის გულისტკივილი მიიტანონ მმართველ სისტემაში. თუმცა ეს ასე არ ხდება – მათი ფუნქცია თვის ბოლოს ბანკში მისვლა და ხელფასის აღებაა, თანაც ბევრს წუწუნებენ იმაზე, რომ თანხა საკმარისი არ არის.

ყოველივე ამის შემდგომ, ვფიქრობ, ლოგიკურია მოსახლეობის განწყობა, როცა არჩევნები მათთვის უბრალო ფორმალობაა და რეალური სარგებლის მოტანა არავის შეუძლია.

აი, თუნდაც ბებიაჩემი ავიღოთ. წარმოდგენა არ აქვს თუ ვინ არიან კანდიდატები და მისი არჩევანი მხოლოდ საქვეყნოდ ცნობილი პარტიული ნომრებით თუ განისაზღვრება.

მარტო ორატორული ნიჭის დემონსტრირება საკმარისი არ არის. საჭიროა, რომ თვითმმართველობამ შეძლოს და გაიგოს მოსახლეობის გულისტკივილი და შესაძლებლობების ფარგლებში გადადგას ნაბიჯები.

სისტემის არამდგრადობა ქმნის სოფლის მოშლის საშიშროებას და მოსახლეობას სავალალო მდგომარეობაში აყენებს.

როცა ამას ვხედავ, მინდა დავეხმარო ჩემს სოფელს. თუნდაც ინიციატორად გამოვიდე და დავამსხვრიო ის კონსერვატიზმი, რომელიც სუფევს ჩემს სოფელში. მე წავალ არჩევნებში იმ იმედით, რომ ჩემი ერთი ხმაც კი შეიძლება გადამწყვეტი იყოს იმ გარემოს შესაცვლელად, სადაც ვცხოვრობთ.