ჩემი მოსაზრება დღევანდელი არჩევნების შესახებ

posted in: სიახლე | 0

მაია მიქელაძე

ჩემი ემოციები და დამოკიდებულება ძალზე დიდია არჩევნებთან დაკავშირებით. უკვე ოცდაოთხი წლის ვარ, მყავს ორი შვილი და იმაზე ვფიქრობ, თუ რომელ კანდიდატზე შევაჩერო არჩევანი. ჩემს შვილებს ნორმალური პირობები რომ შევუქმნა. ყველა პარტია რაღაც სიახლეს გვპირდება: ზოგი სამუშაო ადგილებს, ზოგი დაბალ ტარიფებს, ზოგი საქართველოს ერთად მართვას გვთავაზობს, ზოგი რაღაცის შეცვლას აპირებს, ზოგიც საქმით მოდის და საქმეს გვპირდება.

დაპირებები ნამდვილად კარგია, რომელიმე მათგანი რომ შეასრულებდეს. ადამიანს სამუშაო ვერ უშოვია, თუ სადმე გავლენიანი პატრონი არ ჰყავს. უბრალო მუშადაც კი უჭირს განათლებულ ადამიანს მუშაობის დაწყება. ვფიქრობ, თუ რამდენად რეალურია კანდიდატების დაპირება, ამათგან რომელი გაამართლებს, ნამდვილად არ ვიცი და ამიტომ მიძნელდება არჩევანის გაკეთება.

ამ წლების განმავლობაში ხელისუფლებაში იმდენი ცვლილებისა და გადახალისების მოწმე გავხდი, რომ თითქოს რაღაც აქამდეც უნდა შეცვლილიყო, მაგრამ ძირეული ძვრა არც ერთ სფეროში არ მომხდარა, ამიტომაც მეეჭვება რომ ვიღაც, ახალი მოსული, რაიმეს უკეთესობისკენ შეცვლის. ყველა მხოლოდ სავარძლების დაკავებას და ჩვენგან წაღლეტილი ფულით ჯიბეების გასქელებას ფიქრობს.

ხშირად მესმის, რომ ჩვენ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, მაგრამ დგება მომენტი, როცა ვფიქრობ, რომ მართლა დემოკრატიულია თუ არა ჩვენი ქვეყანა?! თუ ჩვენ, ახალმა თაობამ, თავიდან უნდა დავიწყოთ დემოკრატიისა და თანამედროვე საზოგადოებრივი სახელმწიფოს შენება?!

უსამართლო ვიქნები, არ ვთქვა და არ დავინახო ის, რაც საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში რეალურად ხდება. დღეს სრული განახლება მიდის. მახსოვს, იყო პერიოდი, როცა შუქს სიხარულით ველოდით; როცა თვეში ან ორ თვეში ერთხელ თუ გაანათებდა ჩვენს ნათურებს, მაგრამ ეს გასაკვირი არც უნდა იყოს და არ უნდა გვიკვირდეს, ჩვენ ხომ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და რაიმეს თუ აკეთებენ, ისევ ჩვენი ჯიბის ხარჯზე.

იყო პერიოდი, როცა ბევრი რამ აკლდა საზოგადოებას. დღეს ეს ყველაფერი თითქმის შეიცვალა, უფრო თავისუფალი და გალაღებული სეირნობს ხალხი გალამაზებულ და განათებულ ქუჩებში. მაგრამ ნორმალური პირობები და სამუშაო რომ იყოს, შვილებსა და ოჯახებს მოშორებული ბევრი ჩვენგანი საქართველოს ფარგლებს გარეთ არ იქნებოდა გადახვეწილი ლუკმა-პურის მოპოვების მიზნით და არც ამდენი ქალი გაიკეთებდა აბორტს იმის ფიქრით, რომ ვერ შეუქმნის ნორმალურ პირობებს შვილებს. იმის გაფიქრებაც კი ცუდად მხდის, რომ ჩასახული ახალი სიცოცხლე, რომლის გულიც გამალებით სცემს, უსამართლობის და უმუშევრობის მსხვერპლი უნდა გახდეს.

ამიტომ მიუხედავად ყოყმანისა და ამდენი ფიქრისა, უნდა გავაკეთო სწორი არჩევანი, სასურველ კანდიდატს მივცე ხმა. რადგან დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების შექმნა ქვეყანაში ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული. მეც ვალდებული ვარ, წავიდე არჩევნებზე.

აჭარამ ნამდვილად ბევრი რამ გადაიტანა ამ მოკლე ხანში და იმსახურებს თავისუფლებას და სამართლიანობას.