18 წლის ამომრჩეველი

posted in: სიახლე | 0

თეონა ჯაიანი

მე წელს შემისრულდა 18 წელი და მიხარია, რომ მონაწილეობას მივიღებ 30 მაისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.

იქ, სადაც ამჟამად მე ვცხოვრობ, ურთიერთობა მაქვს ჩემი უბნის მცხოვრებლებთან, ამხანაგებთან და მეგობრებთან. სისტემატურად ვეცნობი მათი ცხოვრების პირობებსა და პრობლემებს.

მე-12 კლასის სრულასაკოვანი მოქალაქე ვცდილობ კარგი სწავლითა და სანიმუშო ყოფაქცევით ვასახელო ჩემი სამშობლო, ჩემი უბანი.

სიტყვა თვითმმართველობა ნიშნავს, რომ მოქალაქე თავად მართავ, თავად ეძებ ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტის გზებს, ადგილზე და თანამოაზრეებთან ერთად ქმნი ახალ მექანიზმებს უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ადგილობრივი თვითმმართველობა უმთავრესად იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამომრჩეველი უშუალოდ იღებს მონაწილეობას, როგორც საკუთარი პრობლემების მოგვარებაში, ისე მუნიციპალიტეტის დონეზე ქვეყნის მართვაში.

მოსახლეობა ყველაზე ახლოს სწორედ თვითმმართველობის ორგანოებთანაა (საკრებულო, მერია) კავშირში და ადგილებზე საკითხების გადაჭრაშიც თავად უნდა იყოს ჩართული. სწორედ მოსახლეობამ უნდა განსაზღვროს პრიორიტეტები — თუ რა არის პირველ რიგში გასაკეთებელი და რაში დაიხარჯოს თვითმმართველობის ფული, თანხების ხარჯვაც გააკონტროლოს და ისიც გაარკვიოს, პასუხობს თუ არა საკრებულო თავისი საქმიანობით ამომრჩეველთა იმ მოთხოვნებს, რისთვისაც ის აირჩიეს.

თავის მხრივ, სახელმწიფო ვალდებულია, ხელი შეუწყოს მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის უფლების განხორციელებაში. ამ უფლებით კი საქართველოს მოქალაქეებმა, როგორც საზოგადო, ასევე საკუთარი კეთილდღეობისთვის აუცილებლად უნდა ვისარგებლოთ. ვფიქრობ, გარკვეული აქტიურობა და მხარდაჭერაც აუცილებელია ჩვენი მხრიდან, რათა მივაღწიოთ დასახულ მიზანს.

მე, პირადად, კავშირი მაქვს უბნის თვითმმართველობასთან, რომელიც დღენიადაგ იღწვის, რათა ყველაფერი ხალხის მოსაწონად გააკეთოს. არ იშურებს ძალას და ენერგიას უბნის კეთილმოწყობისთვის, ადამიანების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის. მიუხედავად მათი ასეთი შრომისა, ისინი აცხადებენ, რომ მათ მიერ გაკეთებული საქმე არ არის საკმარისი. მე, ახალგაზრდა ამომრჩეველი, პირველად მივდივარ არჩევნებზე და ხმას მივცემ ჩემი ქვეყნის მომავალს, ყველაზე ღირსეულს.

არჩევნებზე დიდ იმედს ვამყარებ. ვფიქრობ, იგი აუცილებლად ობიექტურად უნდა ჩატარდეს.

მგონია, რომ ჯერჯერობით ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, მთავარია, მშვიდობა გვქონდეს და დანარჩენი ეტაპობრივად გაკეთდება.