გავაკეთოთ სწორი არჩევანი

posted in: სიახლე | 0

ირაკლი მიქელაძე

არჩევნები საზოგადოების ერთ-ერთი უძველესი ინსტიტუტია, საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს აწესრიგებენ თვითმმართველობის მეშვეობით, სახელმწიფო სუვერენიტეტის შეულახავად. მე ვარ საქართველოს მოქალაქე და ჩემი ვალია (მე ასე მიმაჩნია) წავიდე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ანუ ავირჩიო ჩემი წარმომადგენელი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებში.

ამ ყველაფერზე ვმსჯელობთ და ვკამათობთ მეგობრები. თუ რას ნიშნავს არჩევნებზე წასვლა და რა შედეგის მოტანა შეუძლია ჩვენს ერთ ხმას. ერთ ხმას შეუძლია კონკრეტული კანდიდატის ბედი გადაწყვიტოს. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ მის სამოქმედო ტერიტორიაზე ისე უნდა განახორციელოს თავისი უფლებამოსილება და ვალდებულება ხალხის წინაშე, რომ დაცული იქნას ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული კოსტიტუციური უფლებები.

ქ.ბათუმის მერიამ და საკრებულომ ისეთი ღონისძიებები უნდა გაატარონ ბათუმში, რომ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და ხალხმაც დაისვენოს სოციალური პრობლემებისგან. ადამიანისთვის სასიცოცხლო და პირველადი მნიშვნელობის მოთხოვნილება (სასიცოცხლო, საარსებო;) ეს არის წყალი, საქართველოს ტერიტორია წყალს მიაქვს და რატომ უნდა ვიხდიდეთ ბათუმში წყლის გადასახადს?

უნდა მოგვარდეს ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის განრიგი და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი ამ ქაოსურ მდგომარეობას.

ბათუმში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს დაზღვევა და მედიკამენტებზე უნდა იყოს განსხვავებული ფასები, ჩვენს თანამოქალაქეებს უნდა შევუქმნათ ჯანსაღი და ლაღი ცხოვრების პირობები.

ქალაქის მერიამ სასწრაფოდ უნდა დაასრულოს (მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ და მადლობა უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ აკეთებს ამ საჭირბოროტო საქმეს) ქალაქის წყლისა და გზების რეაბილიტაცია და მოაწესრიგოს ეს ყველაფერი, რადგან ხალხს სული შეუწუხდა. ეს მოქმედებები დროში გაწელილი არ უნდა იყოს, თუ ერთ უბანზე მუშაობს 20 კაცი, გავაორმაგოთ მუშების რაოდენობა, რათა მალე დასრულდეს რეაბილიტაცია.

სოციალურად დაუცველ ოჯახებს მერიამ უნდა დაუწესოს შეღავათები პირველადი მოთხოვნილების საგნებთან დაკავშირებით. ასეთ ხალხს უნდა დაემატოს პენსია, ხელფასი, რათა მათ არ იგრძნონ თავი დაჩაგრულად.

ეს ჩამონათვალი მცირედია იმისა, რაც უნდა გააკეთოს ქალაქ ბათუმის თვითმმართველმა ორგანომ. ეს პრობლემები რომ მოგვარდეს, გთხოვთ, ყველა წავიდეთ არჩევნებზე და გავაკეთოთ სწორი არჩევანი, ავირჩიოთ ის კანდიდატი, ვისაც ვენდობით, რათა ჩვენი ეს ყველა პრობლემა მიიტანონ იმ ხალხის ყურამდე, ვისაც ამის გადაჭრა და მოგვარება შეუძლია.

ყოველი ერი დაუცხრომელი მუშაობის შედეგად ქმნიდა და დღესაც ქმნის თავისი ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ, იდეოლოგიურ, რელიგიურ საფუძვლებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს, ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც.