კინოკლუბის დაარსება

კინოკლუბი „სინემა“, პროექტის მონაწილემ, გიორგი მასალკინმა მეგობრებთან ერთად ბათუმში ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს კინოთეატრ „ინტერნაციონალში“ ჩამოაყალიბა და ის, თავის დროზე, ქალაქში ერთერთი „თავისუფალი ტრიბუნა“ იყო. 90-ან წლებში კინოკლუბი წლების განმავლობაში მოღვაწეობდა ხელოვნების სტუდია „მონპარნასის“ ბაზაზე. ამ პერიოდში კინოკლუბმა („მონპარნასი“) მოიპოვა ღია საზოგადოების გრანტი, რაც დაეხმარა მას ახალი აპარატურისა და ახალი ფილმების შეძენაში.
კინოკლუბის შემდეგი ეტაპი იყო გადაცემა „ღამის კონოკლუბი“. რომელიც 2005 წელს გადიოდა „აჭარის ტელევიზიის“ ეთერით. პარალელურად, დროთადრო ტარდებოდა ფილმების ჩვენება და დისკუსიები შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ჰუმანიტარული ფაკულტეტი), რეგიონის სხვადასხვა
სკოლებში, კულტურისა და განათლების სამინისტროს ახალგაზრდული დეპარტამენტის მოწყობილ კინოჩვენებებზე და ასე შემდეგ.
2011 წლის დეკემბერში კინოკლუბი დაარსდა „პრეს-კაფეში“ (ჩვენებები იმართება პარასკეობით, 19 საათზე). კინოკლუბს გააჩნია სატელევიზიო ფორმატიც: ფილმი და დისკუსიის დაიჯესტი გადის რეგიონულ ტელეარხზე „25“ – ყოველ შაბათს, 19.00 საათი. კინოკლუბში ყველა საღამო სრული ანშლაგით ტარდება. ცალკეული შეხვედრები ატარებს „ღონისძიების“ ხასიათს. ასე, მაგალითად, ტრიუფოს „400 დარტყმის“ ჩვენებაზე გვყავდა მოწვეული ბავშვთან მომუშავე ინსტიტუციების წარმომადგენლები (მოდერატორი – ფსიქოლოგი მაია ცირამუა, თბილისი); ჩოხელის ფილმებზე „ბაკურხეველი ხევსური“ და „ცოდვის შვილები“ მოდერატორად მოწვეული გვყავდა კინომცოდნე, პროფესორი, გ. ჩოხელის შემოქმედებაზე მომუშავე ინგა ხალვაში; ახალგაზრდა ბათუმელ კინორეჟისორთა ნამუშევრების ჩვენებას ესწრებოდნენ ფილმების ავტორები, ხოლო მოდერატორი გახლდათ ხელოვნების უნივერსდიტეტთან არსებული კინოსახელოსნოს ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ხალვაში; ფილმ „12 განრისხებული მამაკაცის“ განხილვაზე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის თაობაზე ისაუბრეს მოწვეულმა იურისტებმა.