აქცია–წარმოდგენა ,,ესენი ჩემი პეპლებია“

ასოციაცია ,,დეა“ 18 სექტემბერს 20:00 საათზე ბათუმის ბულვარის კოლონადებში ატარებს აქცია–წარმოდგენას ..ესენი ჩემი პეპლებია“.

წარმოდგენის მიზანია ქალების საარჩევნო უფლებებსა და პოლიტიკაში მონაწილეობისთვის მათ პოტენციალზე სტერეოტიპული წარმოდგენების დაძლევის ხელშეწყობა.

პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის უფლება ადამიანის ერთ–ერთი ფუნდამენტური უფლებათაგანია, ხოლო გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა არჩევით ორგანოებში დემოკრატიული, ჰარმონიული და სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების მახასიათებელია და ადამიანის უფლებების საკითხია.

წარმოდგენაზე   გამოყენებულია ინგლისელი მხატვრის სუ ბლეკველის (Su Blackwell) ნამუშევრის მიხედვით დამზადებული კომპოზიცია. კომპოზიციაში კაბა არის ქალის სიმბოლო, პეპლები კი  სიმბოლური ნიშანია ქალის უფლებების, სურვილებისა და მისწრაფებებისა და მათი შეზღუდვით საზოგადოებისთვის ნაჩვენები იქნება ქალის, როგორც პიროვნების რღვევის სურათი.

წარმოდგენის სცენარის ავტორი და  წამყვანი  გახლავთ   მწერალი დათო ტურაშვილი.

წარმოდგენა იმართება ასოციაცია ,,დეას“ მიერ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით პროექტის ,,შენი ხმა წყვეტს“ ფარგლებში.

 გთხოვთ, გვეწვიოთ.

აქცია–წარმოდგენაზე დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების მხარდამჭერები: ქალაქ ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია, სახელმწიფო რწმუნებულისგუბერნატორის ადმინისტრაცია საქართველოს ადმინისტრაციულტერიტორიულ ერთეულებში _ აბაშის, ზუგდიდის, მარტვილის, მესტიის, სენაკის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის, ხობის მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქ ფოთში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა, არასამთავრობო ორგანიზაციები _ ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ,,სთეფ ფორვარდი“ და ,,ცვლილებები  თანაბარი უფლებებისთვის“, მედია მხარდაჭერა: აჭარის ტელევიზია, რადიო ,,ათინათი.“

ფოტოგრაფი გუჯა ხუბუტია.