ქართველი ებრაელები ბათუმში

მეგი აფხაზავა 18 წლისაა. მისი დედა ებრაელია. თვითონაც. მეცხრე კლასში იყო, როცა სასწავლებლად ისრაელში წავიდა, სკოლა იქ დაამთავრა, ივრითი ისწავლა, საქართველოში დაბრუნდა და სწავლა ბათუმის საზღვაო აკადემიაში გააგრძელა. „ბათუმი არის ჩემი სამშობლო“, – ამბობს მეგი.

„ნავსადგურის მენეჯმენტის ფაკულტეტზე ვსწავლობ. ოთხი წელი  ვსწავლობდი ისრაელში, ნეთანიაში. მეცხრე კლასიდან წავედი, თუმცა სწავლის დამთავრების შემდეგ აღარ მომინდა იქ დარჩენა. დედაჩემი ებრაელია, მამაჩემი ქართველი. ქართულ-ებრაული ტრადიციები ერთადაა ჩვენს ოჯახში შერწყმული. მაგალითად, ახალ წელს ჩვეულებრივადაც აღვნიშნავთ – პირველ იანვარს და სექტემბერშიც, როცა ებრაული ახალი წელი დგება. როდესაც ვსწავლობდი, მქონდა სასწავლო ვიზა. ახლაც თავისუფლად შემიძლია გადასვლა, მაგრამ ისრაელში ალბათ არ დავბრუნდები“, – ამბობს მეგი აფხაზავა.

მოსახლეობის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით, საქართველოში (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) მუდმივად ცხოვრობს  1 405 ებრაელი, მათ შორის 71 – ბათუმში. ბათუმში ებრაელები, ძირითადად, რუსეთ-თურქეთის 1877-1878 წლების ომის შემდეგ გამოჩნდნენ.  დავით იაკობაშვილის ბაბუა 1921 წელს ჩამოვიდა ბათუმში ქუთაისიდან.

„იმის მერე ცხოვრობდნენ ბათუმში. აქ დაიბადა მამაჩემი და მეც. ისრაელში ერთხელ ვიყავი მხოლოდ. ჩემი დის შვილისშვილის ქორწილში. განცდა მქონდა როგორც ყველა ქართველს. ჩავფრინდები, დამაბრუნებენ უკან თუ შემიშვებენ? მე ეროვნება პასპორტში არ მიწერია, ჰოდა, ეგენი გხვდებიან როგორც საქართველოს მოქალაქეს. ჩავედი, შემეკითხნენ, გავეცი პასუხები, მითხრეს მობრძანდითო, ვიყავი ორი კვირა და დავბრუნდი უკან. არ მდომებია არასდროს დიდი ხნით დარჩენა,“ – ამბობს დავით იაკობაშვილი.

დავითს სხვა ებრაელებთან ერთად პარასკევ საღამოს, ლოცვის წინ, სინაგოგაში შევხვდი. ებრაელები ათი ადამიანის შეკრებას ელოდებოდნენ იმისთვის, რომ ლოცვა დაეწყოთ.

„ადამიანს ყოველთვის შეუძლია ილოცოს, მაგრამ სრულყოფილად რომ ილოცოს, მინიმუმ უნდა შეგროვდეს  10 მამაკაცი. როცა 10 კაცი არ გროვდება, სრულყოფილი რიტუალი არ ტარდება,“ –  მიხსნის დავითი.

ემილ კრუპნიკი, ებრაელთა დიასპორის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სინაგოგაში ებრაელები ძირითადად შაბათს და დღესასწაულებზე დადიან. ასევე ხშირად აკითხავენ ბათუმის სინაგოგას ის ტურისტული ჯგუფები, რომლებიც ისრაელიდან ჩამოდიან.

„თემი დაკავებულია რელიგიური, განათლებისა და ქველმოქმედების საკითხებით. დიდი ყურადღება ეთმობა ტრადიციებსა და ებრაელი ხალხის ისტორიას. ასევე საქართველოს ისტორიას, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ჩვენ გვქონდა ებრაული სკოლა, სადაც ბავშვები დადიოდნენ – 30-40 ბავშვი. ორი ჯგუფი გვყავს მოსწავლეების, უფროსები და უმცროსები, ისინი სწავლობენ ივრითს, ისტორიას, თორას… ახლა არდადეგებია, მაგრამ საქმე ის არის, რომ გარკვეული ფინანსური შეფერხება აქვს სკოლას. თუმცა, ვფიქრობ, ამ პრობლემას ჩვენი მეგობრების,  სპონსორების დახმარებით გადავჭრით“.

სინაგოგასთან არსებობდა სასადილო, სადაც ნებისმიერ ებრაელს შეეძლო მისვლა და სადილის მირთმევა. თუმცა ახლა სასადილო დაკეტილია.

„ფინანსურ სირთულეებთან დაკავშირებით, რომელიც არამარტო საქართველოშია, სასადილო ჩანაცვლდა იმით, რომ თითქმის ყველა ებრაელი, რომელმაც მიაღწია საპენსიო ასაკს და მათი სოციალური მდგომარეობის გამო ვერ მუშაობენ,  დახმარებას იღებს პროდუქტებით. აქ კეთდებოდა ადრე სადილი და აქ მოდიოდნენ, ახლა კი სახლში იღებენ სხვადასხვა პროდუქტს და იმას ამზადებენ, რაც მათ სურთ. თემის ბაზაზე არის საქველმოქმედო ცენტრი, ადრე ფოთსა და ბათუმში ცალკე იყო, ახლა გააერთიანეს ეს ცენტრები. ისინი ეხმარებიან მატერალურად იმ ადამიანებს, რომლებიც ფინანსურ სიდუხჭირეში ცხოვრობენ, იღებენ წამლებს, პროდუქტებს, გათბობის საშუალებებს და ა.შ.,“ – ამბობს ემილ კრუპნიკი.

მეოცე საუკუნის 70-იან წლებში საქართველოში მცხოვრებმა ებრაელებმა მასობრივად დაიწყეს ისრაელში დაბრუნება. მათ შორის იყო აარონ ნამთალაშვილი, რომელიც  თავის მეუღლესთან, გალინა ნამთალაშვილთან ერთად ისრაელში წავიდა საცხოვრებლად.

„ბათუმიდან წავედი 1972 წელს, მარტის თვეში. ჩემი მეუღლე ბუღალტერი იყო და სხვადასხვა დაწესებულებაში მუშაობდა ისრაელში მანამ, სანამ 60 წლის არ გახდა და პენსიაში არ გავიდა. როცა ორივე პენსიონერი გავხდით, გადავწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება და ბათუმში ცხოვრება. ისრაელში 36-წლიანი ცხოვრების შემდეგ, 2007 წელს, მარტში დავბრუნდი საქართველოში. ორმაგი მოქალაქეობა მაქვს. მეც და ჩემი მეუღლეც მივხვდით, რომ ბათუმი გვენატრებოდა, აქ გვინდოდა ცხოვრების ბოლო წლების გატარება“, – იხსენებს აარონ ნამთალაშვილი.

აარონი ამბობს, რომ საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ სრული 10 წელი მშვიდად იცხოვრეს. ჰქონდათ პენსია, როგორც ისრაელის მოქალაქეებს.

„ისრაელის პენსია სრულად შეგვინარჩუნდა მე და ჩემს მეუღლეს. საქართველოში ჩამოსვლისას მივედით საპენსიო ფონდში და უარი განვაცხადეთ ქართულ პენსიაზე. სინაგოგას აქვს კიდევ 40-დოლარიანი დახმარების პროგრამა, მაგაზეც უარი ვთქვით. საკმარის თანხას ვიღებდით და არ გვინდოდა. ჩხუბი კი გვიწევდა ისე პენსიის მიღებაზე. დრო რომ მოახლოვდებოდა, ჩემი მეუღლე იღებდა ტელეფონს და რეკავდა და რეკავდა ისრაელში. ექვსი თვის წინ, მარტში, ჩემი მეუღლე გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შემდეგ პენსია არ მიმიღია. ყოველგვარი შემოსავლის გარეშე დავრჩი. ვრეკავ ისრაელში და მეუბნებიან, რომ უნდა ჩავიდე, სხვანაირად ვერ აღმიდგენენ პენსიას. მე ახლა 83 წლის ვარ და თვითმფრინავით მგზავრობა არ შემიძლია. ვერ გავუძლებ გზას. ჩემი ძმები იქ ცხოვრობენ, იყვნენ მისულები პენსიის საკითხის გასარკვევად, მაგრამ იმათაც იგივე უთხრეს – ჩამოვიდესო. ადვოკატი აიყვანეო მითხრეს, მაგრამ ადვოკატი იმდენს ითხოვს, მაგდენს ვერ მივცემ. არც პენსია, არც სხვა შემოსავლები, მაგრამ გადასახადები მაქვს და რა გავკეთო არ ვიცი“.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა საქართველოში ისრაელის საელჩოს პრესის, ინფორმაციისა და კულტურის განყოფილებას და კითხა, თუ როგორ შეიძლებოდა ისრაელის მოქალაქეს არსებული პრობლემები მოეგვარებინა. საელჩოდან პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს