ბათუმელი აზერბაიჯანელები

საქართველოში ქართველების შემდეგ ყველაზე მეტი აზერბაიჯანელია, თუმცა, მათი უმრავლესობა აღმოსავლეთ საქართველოში ცხოვრობს. 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, ბათუმში 302-მა, აჭარის მასშტაბით კი 340-მა მოქალაქემ მიუთითა, რომ ეროვნებით აზერბაიჯანელია. ბათუმელ აზერბაიჯანელებს, ძირითადად, შერეული ოჯახები აქვთ და რუსულ-ქართულად საუბრობენ. მათ ბათუმში სათვისტომო არ აქვთ და ამ ფუნქციას ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ასრულებს, რომელსაც 1997 წლიდან დღემდე უცვლელი ხელმძღვანელი ჰყავს. 

პირველი აზერბაიჯანელები ბათუმში

„უხუცესი ბათუმელი აზერბაიჯანელებისგან ვიცი, რომ მათი წინაპრები აქ მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩამოვიდნენ. ადამიანი ყოველთვის ეძებს კარგ პირობებს ცხოვრებისთვის და აზერბაიჯანელები, რომლებმაც ნახეს, რომ არის ლამაზი მხარე, შესანიშნავი ხალხი, არის საშუალება დასაქმდე, პოულობდნენ რაღაც ნიშას და იწყებდნენ თავიანთ საქმეს – ეს იყო ვაჭრობა, ასევე მიწათმოქმედება, მებაღეობა… შემდეგ, ჩაისა და ციტრუსის პლანტაციებში, სადაც მესაკუთრეს სჭირდებოდა იაფი მუშახელი, აზერბაიჯანელები აჰყავდათ დამხმარე მუშებად“, – ამბობს ვიდადი ახუნდოვი, ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

ბათუმელი აზერბაიჯანელები ამბობენ, რომ მათი წინაპრების შრომისმოყვარეობამ, წესიერებამ, ხელი შეუწყო მათ ასიმილაციას.

„ფულს აგროვებდნენ და ამ ფულით თავად წამოიწყეს პატარა საქმეები – გახსნეს ჩაიხანა, ყავახანა, ე.წ. „ლავკა“ – პატარა მარკეტი. ძირითადად პორტთან, სადაც უცხოელ მეზღვაურებს გამოჰქონდათ თავიანთი ნივთები – ტანსაცმელი, თამბაქო, უცხოური სასმელები და ცვლიდნენ ციტრუსზე, საკვებზე… ზოგიერთმა საწყობებიც კი გახსნა ნავსადგურთან“, – ყვებიან ბათუმელი აზერბაიჯანელები წინაპრებზე.

„ბენზეს, ბონის დასახლებაში ახლაც ცხოვრობენ მათი შთამომავლები, მაგრამ ასიმილირებული არიან იმდენად, რომ არც ენა იციან და არც წინაპრებზე ბევრი არაფერი“, – ამბობს ვიდადი ახუნდოვი.

მაგრამ ყველამ იცის ჯელილ გულიევის შესახებ, რომელსაც სანაპიროზე რამდენიმე საწყობი ჰქონია. გულიევს ორსართულიანი სახლი აუშენებია ბათუმში, რომელიც ახლაც დგას, ზ. გამსახურდიას ქუჩაზე და იქ მისი შთამომავლები ცხოვრობენ. „ჩვენ ახლა ქართველები უფრო ვართ, ვიდრე აზერბაიჯანელები, ვცხოვრობთ ისე, როგორც ნებისმიერი ამ ქალაქში“, – ამბობენ ისინი.

ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაცია

ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიდადი ახუნდოვი ბათუმში საცხოვრებლად 1984 წელს ჩამოვიდა. პროფესიით იურისტია. 1992-2005 წლებში რუსთაველის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზეც ასწავლიდა.

„პირველად რომ ჩამოვედი ბათუმში, აქაური აზერბაიჯანელები მოვიკითხე. პუშკინის ქუჩაზე მიმითითეს, სადაც „იოლდაშები“ დგებიან, იქ ნახავო. აქ მართლაც იკრიბებოდნენ ადამიანები სხვადასხვა კერძო სამუშაოს შესასრულებლად. ვინაიდან, ძირითადად, აქ აზერბაიჯანელები იყვნენ შიდა ქართლიდან და ერთმანეთს მიმართავდნენ –  „იოლდაშ“, [აზერბაიჯანულ ენაზე „ამხანაგი“], მათ „იოლდაშები“ შეარქვეს. ეს სახელი დარჩა დღემდე, მაგრამ იქ ახლა აზერბაიჯანელებს ვერ ნახავთ“, – ამბობს ვიდადი ახუნდოვი.

მისი თქმით, ბათუმელმა აზერბაიჯანელებმა არ იციან მშობლიური ენა, აზერბაიჯანის ისტორია, როგორ მოხვდნენ აქ, საიდან არიან… „ამიტომ დავწერე წიგნი აზერბაიჯანის ისტორიაზე, რუსულ ენაზეა და კომპანია „სოკარის“ დაფინანსებით გამოვეცი. წიგნს ჩვენი საზოგადოების წევრებს უფასოდ ვურიგებ“.

ვიდადი ახუნდოვი ამბობს, რომ დააფუძნეს ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო საზოგადოება და არა სათვისტომო, რადგან საზოგადოების წევრი 600-მდე ოჯახიდან ნახევარზე მეტი შერეული, აზერბაიჯანულ-ქართული ოჯახია: „ჩვენი საზოგადოება აზერბაიჯანელი მწერლისა და დრამატურგის, მირზა ფათალი ახუნდოვის სახელს ატარებს. ის თბილისშია დაკრძალული. აზერბაიჯანის საკონსულოს ბათუმში რაც შეეხება, ჩვენს საქმეებში ვერ ერევიან, ვერც მიგვითითებენ, არ არის ასეთი რამ და რომც იყოს, არ მივცემთ ჩარევის უფლებას, ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები“.

2009 წლამდე აზერბაიჯანულ-ქართულ ორგანიზაციას არანაირი დაფინანსება არ ჰქონია. „ვაგროვებდით ფულს და ხშირად მახუნცეთის ჩანჩქერთან, პიკნიკზე, ვიკრიბებოდით, ხშირად ბაირამსაც იქ აღვნიშნავდით“, – გვიყვება ვიდადი ახუნდოვი. ბათუმელი აზერბაიჯანელები, ძირითადად, აღნიშნავენ ნოვრუზ ბაირამს, საქართველოსა და აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, მსოფლიო აზერბაიჯანელთა სოლიდარობის დღეს. ასევე გლოვის დღეს, 20 იანვარს – ამ დღეს, 1990 წელს, საბჭოთა ტანკები შეიყვანეს ბაქოში და 100-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

ბოლო 8 წელია ორგანიზაციას კომპანია „სოკარი“ თვეში 500 ლარს ურიცხავს ოფისის ხარჯებისა თუ საკანცელარიო ნივთებისთვის. „სოკარი“ ადგილობრივ აზერბაიჯანელებსაც ასაქმებს ბენზინგასამართ სადგურებზე. ვიდადი ახუნდოვის თქმით, ბათუმელი აზერბაიჯანელები სამუშაოდ მაინც რუსეთში, აზერბაიჯანში, თურქეთსა და ირანში მიდიან.

საზოგადოების ერთოთახიანი ოფისის ერთ კედელზე ხალიჩაა, რომელზედაც აზერბაიჯანის ექსპრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის პორტრეტია ამოქარგული, მეორე კედელზე კი აზერბაიჯანელი პოეტის, აჰმედ ჯავადის პორტრეტი ჰკიდია.

აჰმედ ჯავადი დღევანდელი აზერბაიჯანის სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის ავტორია. ჯავადი მეოცე საუკუნის 10-იან წლებში ბათუმში ცხოვრობდა და მას მომავალი ქართველი მეუღლეც ბათუმში გაუცვნია. ჯავადიმ აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“. ის 1937 წელს  კომუნისტებს დაუხვრეტიათ.

აზერბაიჯანული სკოლა

„ბათუმში 1920-1930-იან წლებში აზერბაიჯანული სკოლაც იყო, თუმცა შემდეგ დაკეტეს“, – ამბობს ვიდადი ახუნდოვი.

„ახლანდელი თავდადებულისა და რუსთაველის ქუჩების კვეთაში აგურის სახლი რომ დგას [შემდეგ იქ საბავშვო ბაღიც იყო], მაქ იყო აზერბაიჯანული სკოლა. ჩემს მამიდას და უფროს ბიძებს ეგ სკოლა აქვთ დამთავრებული“, – გვიყვება ბათუმელი ხუდატ ბაგიროვი.

ხუდატ ბაგიროვის ოჯახში, ძირითადად, რუსულ-ქართულად საუბრობენ: „ბავშვებმა რუსულ სკოლაში მიიღეს განათლება, მაგრამ უნივერსიტეტი დაამთავრეს ქართულ ენაზე და ვლაპარაკობთ რუსულ-ქართულად. ქართული უკეთესად ვიცით, ვიდრე აზერბაიჯანული“.

ქართულ-აზერბაიჯანული საქველმოქმედო ორგანიზაცია ბოლო ორი წელი ცდილობდა ბათუმელი აზერბაიჯანელებისთვის საკვირაო სკოლის გახსნას. ასეთი სკოლა ბათუმში აზერბაიჯანის საკონსულოს მხარდაჭერით წელს, 14 ოქტომბერს გაიხსნა. საკვირაო სკოლა სასტუმრო „დივანში“ ფუნქციონირებს. ენის შესწავლის გაკვეთილები აქ კვირაში ერთხელ, შაბათობით ტარდება. პედაგოგი ბაქოდანაა მოწვეული.

„ამ სკოლაში აზერბაიჯანული ენის შესწავლა ნებისმიერ მსურველს შეეძლება ეროვნების მიუხედავად… სკოლას აზერბაიჯანის ხელისუფლება ფინანსურად უჭერს მხარს. აქ არა მარტო ენის გაკვეთილები ჩატარდება, არამედ საუბარი იქნება ისტორიასა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე“, – ამბობს აზერბაიჯანის გენერალური კონსული ბათუმში რაშად ფაილ ოღლუ ისმაილოვი.

რელიგიური დღესასწაულები სამლოცველოს გარეშე

ბათუმელი აზერბაიჯანელები შიიტი მუსლიმები არიან, თუმცა თავიანთი სამლოცველო ბათუმში არ აქვთ. „ბათუმელმა აზერბაიჯანელებმა, განსაკუთრებით ახლანდელმა თაობამ, არც იცის ლოცვა. ბაირამს და რამაზანს აღნიშნავენ, იციან, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან, თორემ აღზრდა, სკოლა, განათლება, ენა, წეს-ჩვეულებები და ტრადიციებიც კი, თითქმის ქართულია. ეს კარგიცაა“, – ამბობს ვიდადი ახუნდოვი.

ვიდადი ახუნდოვი ამის მიზეზად საბჭოთა პერიოდს ასახელებს: „მეც ადმინისტრაციულ ორგანოებში ვმუშაობდი, მეჩეთში არ დავდიოდი სალოცავად და არც დავდივარ. დღესასწაულებზე თუ მიგვიწვევენ მეჩეთში, როგორც ორგანიზაციის თავმჯდომარე, მივდივარ. ჩვენებმა არც იციან ლოცვა“.

ისტორიულად კი, აზერბაიჯანელებისთვის მეჩეთის ფუნქციას ბათუმში ერთსართულიანი შენობა ასრულებდა. ეს შენობა ლუკა ასათიანის ქუჩაზე ახლაც დგას. შიიტური სამლოცველო ამ სახლში 1910 წელს გაუხსნიათ.

ხუდატ ბაგიროვი, რომელსაც ბაბუას სახელი ჰქვია, ამბობს, რომ სახლი, სადაც ახლა ცხოვრობს და ის შენობაც, სადაც მეჩეთი იყო, მის ბაბუას 1909 წელს შეუძენია: „5600 ოქროს მანეთი გადაუხდია, რაც დიდი ფული იყო მაშინ“.

„მაშინაც არსებობდა ბათუმში ირანის საკონსულო და ეს მეჩეთი მისი პატრონაჟის ქვეშ ყოფილა [წყაროების მიხედვით ბათუმში ირანის საკონსულო 1927 წელს დაიხურა – ავტ.]. ბაირამებს აქ ზეიმობდნენ, სხვადასხვა ღონისძიებაც ტარდებოდა; ირანიდან ჩამოდიოდნენ თუ აზერბაიჯანიდან, აქ იკრიბებოდნენ. ეს ყველაფერი თურმე 1938 წლამდე გრძელდებოდა“, – გვიყვება ხუდატ ბაგიროვი.

ხუდატ ბაგიროვის ბაბუა პირველად 16 წლის ასაკში ჩამოსულა  ბათუმში:

„1889 წელს ბათუმში იყიდა ფართობი და სამი მაღაზია გახსნა. 1907 წელს ჩამოიყვანა მეუღლე შუშადან. ამ სახლში, ახლანდელი ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის კვეთაში, სადაც ახლა ვცხოვრობ, ბაბუას 9 შვილი შეეძინა – 8 ბიჭი და ერთი გოგო. უმცროსი მამაჩემი იყო, 1931 წელს დაიბადა. შენობა მაშინ ერთსართულიანი იყო, შემდეგ დააშენეს მეორე სართული. საბჭოთა პერიოდში კი აქ საკონდიტრო ქარხანაც იყო“, – გვიყვება ბაგიროვის მემკვიდრე.

მეწარმე ბაგიროვი 1938 წელს დაუპატიმრებიათ, როგორც ხალხის მტერი და თბილისში დაუხვრეტიათ. ოჯახის ქონება [მიწა, სახლი, ის შენობაც სახლის გვერდით, სადაც მეჩეთი იყო] კი სახელმწიფოს გადასცეს. შემდეგ იყო მეორე მსოფლიო ომი და „ხალხის მტრის“ ოჯახიდან ომში მისი 4 შვილი წაუყვანიათ –  ერთი დაღუპულა, ორიც დაჭრილა.

„ერთ ბიძას ქართველი, გუგუნავას ქალი ჰყავდა ცოლად, მეორეს – ებრაელი, მესამეს ბაქოში – სომეხი ცოლი, ბილალ ბაგიროვს, რომელიც აჭარის ანსამბლში მედოლე იყო – ასევე სომეხი ცოლი ჰყავდა; დედაჩემი აზერბაიჯანელია. აზერბაიჯანში სანათესაოსთან  კავშირები ინტერნეტით მაქვს… უფრო იქედან თუ ჩამოდიან დასასვენებლად. ჩვენი იქ ჩასვლა ძვირი ჯდება“, – გვიყვება ხუდატ ბაგიროვი.

ხუდატ ბაგიროვი ამბობს, რომ 1993 წელს ბაბუას ქონების ნაწილი საკუთრებაში დაიბრუნა: „1991 წლიდან ვიბრძვი, ბაბუაჩემის ქონების 2/3 დავიბრუნე და დარჩა ეს 1/3. ისევ სასამართლოს უნდა მივმართო. საბუთი არ მაქვს, რომ ჩვენს შენობაში მეჩეთი იყო, სიტყვიერად ვიცოდი. ამიტომ სასამართლომ უარი მითხრა. არადა, ამ სახლის ნაწილი იყო და რატომ არ უნდა დავიბრუნო. ირანის საელჩოც შეიძლება გაყვეს მაგ საქმეს, რადგან ბაბუაჩემს მოქალაქეობა არ შეუცვლია – ირანის მოქალაქედ დარჩა.  შენობა მიტოვებულია, თუ არ ვცდები, აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა დღეს“.

რეპრესიები თამარა ბაჟინოვამ და მისმა ოჯახმაც გამოიარა. მათი ყაზახეთში გადასახლების თუ ოჯახის წევრების დაკარგვის ისტორია სხვა მსხვერპლების ისტორიის იდენტურია. შვიდწლიანი გადასახლების შემდეგ ოჯახის ცოცხლად დარჩენილი წევრები ისევ ბათუმში დაბრუნდნენ და ანგისაში დასახლდნენ.

თამარას თქმით, ბათუმელ აზერბაიჯანელებს ახლა ერთმანეთთან, ძირითადად, ქართულ-აზერბაიჯანული საზოგადოება აკავშირებს: „დავდივართ, ვხვდებით ერთმანეთს“.

თამარა ბაჟინოვა 30 წელი ბათუმის მე-3 რუსულ სკოლაში მუშაობდა. ის ამ სკოლის დირექტორი იყო 10 წლის განმავლობაში და ამბობს, რომ თავის დროზე უმიზეზოდ გაათავისუფლეს: „ისე დავიღალე, რომ ჩავთვალე ასე უნდა მომხდარიყო – არ ვიცოდი დღე, ღამე, ზაფხული, ნათესაობა, სულ დაკავებული ვიყავი… რამდენჯერმე საზოგადოებასაც დავეხმარე სკოლის დირექტორობის დროს – წელიწადში ერთხელ შემაჯამებელ კონფერენციას ატარებენ და სკოლის შენობაში დარბაზს ვუთმობდი“.

დირექტორობიდან გათავისუფლების შემდეგ „შაჰინის“ სკოლაში დაუწყია რუსული ენის მასწავლებლად მუშაობა, სპეციალურად შეუსწავლია თურქული ენაც, თუმცა ეს სკოლა სახელმწიფომ დახურა. შემდეგ ერთ-ერთ კერძო სკოლაში დაიწყო მუშაობა, აქედანაც ყოველგვარი განმარტების გარეშე გაათავისუფლეს. თამარა ბაჟინოვა ახლა საკვირაო სკოლაში აზერბაიჯანულ ენას სწავლობს.

„პოლიტიკაში არ ვერევით“

რა ინფორმაცია აქვთ აზერბაიჯანში მიმდინარე პროცესებზე და როგორ აფასებენ მოვლენებს? – ამ კითხვაზე ბათუმელ აზერბაიჯანელებს ერთი პასუხი აქვთ – „ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, პოლიტიკაში არ ვერევით“.

ვიდადი ახუნდოვის თქმით, „ტრადიციულად, სადაც არ უნდა იყოს აზერბაიჯანელი, რომელ ქვეყანაშიც, ის მხარს უჭერს იმ ხელისუფლებას, რომელიც ლეგიტიმურია აზერბაიჯანში. ჩვენ ძველთაგანვე პატივისცემით ვექცევით უფროსს და თუ სახელმწიფოს ხელმძღვანელი 10-15 წელია მართავს, ის მიიჩნევა უფროსად… ჰეიდარ ალიევმა აზერბაიჯანი დაშლას გადაარჩინა და აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა. აზერბაიჯანში ამბობენ, რომ ის ჩვენი ეროვნული ლიდერია. ასე გვეუბნებიან და ჩვენ რა, ჩვენ საქართველოს მოქალაქეები ვართ, იქნება იქ ჰეიდარ ალიევი, მისი შვილი, თუ იქნება მამედი, ახმედი, ჩვენთვის მთავარია მას ჰქონდეს რეალობის შეგრძნება. ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც მიმართულია ორ ხალხს შორის მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისკენ, ანუ ჩვენთან მიმართებაში – ჩვენ ვართ საქართველოს მოქალაქეები“.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება აჭარაში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ.
სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.