რამდენად ასრულებს მეთორმეტე კლასი თავის ფუნქციას?

posted in: მულტიმედია | 0

19 იანვარს, 20:00 საათზე გადაცემა ჰეშთეგის პირდაპირ ეთერში გავიდა ჩვენი მოხალისე-რეპორტიორის მიერ მომზადებული სიუჟეტი, თემაზე: რამდენად ასრულებს მეთორმეტე კლასი თავის ფუნქციას?

უკვე ათი წელია, საქართველოს საშუალო სკოლები 12-წლიან სისტემაზე გადავიდნენ. რამდენად მიზანშეწყონილია მეთორმეტე კლასის არსებობა დღევანდელი ფორმით, ისევე როგორც ათი წლის წინ ამ თემაზე დღესაც აზრთა სხვადასხვაობაა.

განათლების რეფორმის შემდეგ საქართველოს განათლების სისტემა თანხვედრაშია ერთიან ევროპულ სტანდარტთან, რაც მოსწავლეებს საზღვარგარეთ თავისუფლად ჩაბარების შესაძლებლობას აძლევს. თუმცა მეთორმეტე კლასის შექმნის ერთ-ერთი მთავარი მიზნის მიღწევადობა – ეროვნული გამოცდებისთვის მოსწავლეების უკეთ მომზადება და განათლების ხარისხის გაუმჯობესება – სადავოდ რჩება. მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექციას ამ საკითხზე სხვადასხვა აზრი აქვს.

სკოლაში მიღებული ცოდნა, როგორც ჩანს, არასაკმარისია მოსწავლეებისათვის. აბიტურიენტების უმრავლესობა ემზადება რეპეტიტორებთან, თუმცა არსებობენ ისინიც, ვინც თვლის, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მომზადება საკუთარი ძალებითაც შესაძლებელია.

„ჩემი მეგობრების უმეტესობა რეპეტიტორთან ემზადება. როცა ვეკითხები, თუ დადიან სადმე – პასუხი თითქმის ყოველთვის დადებითია. მე ვთვლი, რომ საკუთარი ძალებითაც შეიძლება მოემზადო ეროვნულებისთვის“ – მარიკო ნაცარიშვილი – მეთორმეტე კლასის მოსწავლე.