გაცვლითი პროგრამის კონკურსი

posted in: სიახლე | 0
„ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის [PITA] მონაწილე ახალგაზრდებისთვის ცხადდება რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის კონკურსი.

გაცვლითი პროგრამის კონკურსის შესახებ: რეგიონთაშორისი გაცვლითი პროგრამის მიზანია საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ახალგაზრდებსა და საქართველოში მცხოვრებ ეთნოსებს შორის ინტეგრაციის გაძლიერება; ახალგაზრდების სამოქალაქო და მოხალისეობრივი აქტივიზმის გაძლიერება და თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთობების ხელშეწყობა. გაცვლითი პროგრამის კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეებს (პროგრამის ახალგაზრდული ცენტრის წევრებს) შესაძლებლობა ექნებათ გაემგზავრონ მათ მიერ შერჩეულ PITA-ას პროგრამის სამიზნე ქალაქში და განახორციელოს მათ მიერ წარმოდგენილი პროგრამა/ინიციატივა.
გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს პროგრამა, რომელშიც მითითებული იქნება მასპინძელი ქალაქი, პროგრამის მოკლე აღწერა, მისაღწევი შედეგები და გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა. შესაძლებელია ერთსა და იმავე ქალაქიდან ორმა აპლიკანტმა შეარჩიოს ერთი და იგივე მასპინძელი ქალაქი და გაცვლითი პროგრამის დრო, თუმცა მათი პროგრამა უნდა განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, ანუ წამოადგინონ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ინიციატივები. ასევე, ახალგაზრდებს შეუძლიათ წყვილში დაამუშაონ საპროექტო იდეა და გააკეთონ განაცხადი.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
გაცვლითი პროგრამის კონკურსში მონაწილეობა შეუძლია მხოლოდ ,,ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის [PITA] პროგრამის“ 16-25 წლის მონაწილეს.
გაცვლითი პროგრამის თემატიკა შეიძლება ეხებოდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:
📷 კულტურათაშორისი დიალოგი
📷 ქსენოფობიის, ანტი-დასავლური პროპაგანდის და სიძულვილის ენის მედია მონიტორინგი
📷 ტოლერანტობა და მრავალფეროვნება
📷 გენდერული თანასწორობა
📷 სოციალური ინკლუზია (ღონისძიებები შშმ პირების ჩართულობისა და დაცვის მიმართულებით)
📷 ადამიანის უფლებების დაცვა
📷 გარემოს დაცვა
📷 ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია
📷 საქართველო და ევროკავშირი (პოლიტ-ეკონომიკური ურთიერთობები, ევროინტეგრაცია)
📷 მეწარმეობა, სოც. კორპორაციული პასუხისმგებლობა, ინოვაციები და სოციალური მეწარმეობა
პროგრამის აქტივობები შეიძლება მოიცავდეს: შემეცნებით აქტივობებს (ტრენინგი, სემინარი, ვორქშოფი), ახალგაზრდულ სათემო და მოხალისეობრივ ინიციატივას, ადვოკატირების კამპანიას, კვლევას, ცნობიერების ამაღლების აქტივობებსა და ა.შ.
პროგრამის ხანგრძლივობა: გაცვლითი პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 2- დან 7 დღემდე (დამოკიდებულია აპლიკანტის მიერ წარმოდგენილ პროგრამაზე).
ბიუჯეტი: თითოეული აპლიკანტის ბიუჯეტში PITA-ას პროგრამიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 600 ლარს.
ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს ტრანსპორტირების, კვების, სასტუმროში განთავსებისა და პროგრამის აქტივობების განხორციელებისთვის საჭირო თანხას. ტრანსპორტირება შესაძლებელია მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტით. მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში არის დასაშვები ტაქსის ხარჯების ანაზღაურება.
პრიორიტეტი მიენიჭება ისეთ აპლიკანტს, რომელიც სასტუმროს, ჰოსტელისა თუ გესთაუსის(საოჯახო სასტუმროს) ნაცვლად მასპინძელ ქალაქში დარჩება PITA-ს პროგრამის მონაწილის ან მეგობრის სახლში.
შესაძლებელია, აპლიკაციების განხილვის დროს, ჟიურის წევრებმა აპლიკანტს შესთავაზონ წარმოდგენილ საკონკურსო პროგრამის აღწერაში და ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებების შეტანა.
გაცვლითი პროგრამის კონკურსის გამარჯვებულების შერჩევა: თითოეული ახალგაზრდული ცენტრიდან შეირჩევა 1 ან 2 საპროექტო წინადადება. შერჩევა მოხდება სპეციალურად დაკომპლექტებული კომისიის მიერ.
შეფასებისას ყურადღება მიექცევა: რამდენად ეხმიანება აპლიკანტის მიერ წარმოდგენილი პროგრამა კონკურსის თემატიკას და მოთხოვნებს. პროგრამის განხორციელებით რა შედეგს მიაღწევს აპლიკანტი და რა ცვლილებას მოუტანს მასპინძელ ქალაქს. ასევე, ყურადღება მიექცევა წარმოდგენილი აქტივობების რელევანტურობას, ორიგინალურობასა, აქტუალობასა და ბიუჯეტის შესაბამისობას.
საკონკურსო აპლიკაციის წარდგენის ვადა: დაინტერესებულ პირებს კონკურსის ფარგლებში შევსებული საპროექტო განაცხადის ფორმის წარმოდგენა შეუძლიათ 2018 წლის 23 იანვრიდან, მიმდინარე წლის 2 თებერვლის ჩათვლით (იხილეთ ბმული: https://drive.google.com/file/d/1zY…). განაცხადის ფორმა ყველა საჭირო დოკუმენტთან ერთად უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tkhutsishvili@una.ge და CC-ში ჩასვათ ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორი. მეილის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ: „გაცვლითი პროგრამა“. აპლიკაციას თან უნდა ახლდეს როგორც „გამშვები“, ისე „მასპინძელი“ ქალაქის პროგრამის პარტნიორი ორგანიზაციების თანხმობის წერილები. გთხოვთ გაითვალისწინოთ, თანხმობის წერილების გარეშე განაცხადი არ განიხილება.
შესარჩევი კომისია განიხილავს მხოლოდ იმ განაცხადებს, რომლებიც მითითებულ ვადაში და თანდართულ სააპლიკაციო ფორმაში სრულად იქნება წარმოდგენილი.
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ მიმართოთ თქვენი ახალგაზრდული ცენტრის კოორდინატორს.