პრესკაფე მუშაობას აჩერებს

პრესკაფე მუშაობას აჩერებს

posted in: სიახლე | სტატია წაკითხულია 32-ჯერ

ვისაც ბათუმში მდებარე პრესკაფე გიყვართ, შემოიარეთ – 15 დეკემბერს ჩვენი ბოლო სამუშაო დღეა.16 დეკემბერს პრესკაფე ძველ მისამართზე მუშაობას შეაჩერებს. თუმცა, მუშაობას გააგრძელებს პრესკაფეს ქეთერინგის (coffe break-ების ორგანიზება ადგილზე მიტანითა და მომსახურებით) და წიგნების გამოფენა-გაყიდვის სერვისი.

განახლებული პრესკაფე ახალ მისამართზე 2015 წლის გაზაფხულზე გაიხსნება, შეცვლილი ინტერიერითა და ახალი, გაუმჯობესებული სერვისით.

როგორც პრესკაფეს მენეჯმენტში განმარტავენ, კაფეს მუშაობის შეჩერების მიზეზი ის გახდა, რომ სივრცე, სადაც პრესკაფე იყო განთავსებული, სხვას ეკუთვნოდა. თანამშრომლობის ახალი პირობები კი შეუთავსებელი იყო პრესკაფეს რესურსებთან.

პრესკაფეს მენეჯმენტი ამ ეტაპზე ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს, რათა გაზაფხულიდან პრესკაფეში მოსულ სტუმრებსა და კაფეს მეგობრებს დასვენებისა და მუშაობის უკეთესი პირობები დახვდეთ.

პრესკაფე ბათუმში 2010 წლის 26 ნოემბერს გაიხსნა ევროკავშირის მხარდაჭრითა და გაზეთ „ბათუმელების“ ფინანსური ინვესტიციით, როგორც კაფე და სადისკუსიო, ღია სივრცე ნებისმიერი მოქალაქისთვის.

ოთხი წლის მანძილზე პრესკაფემ 500-მდე დისკუსიასა და პრეზენტაციას და 50-მდე გამოფენას უმასპინძლა. პრესკაფეში დისკუსიისას განხილული თემები არაერთხელ მოხვდა მედიის ყურადღების ცენტრში. კაფეში პერიოდულად იმართებოდა კინოჩვენებები და წიგნის ბაზრობები. პრესკაფე იყო არაერთი საზოგადოებრივი ინიციატივის ავტორი, მონაწილე და მხარდამჭერი.

ამჟამად პრესკაფეს მენეჯმენტი განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობს. კაფე ახალ ადგილზე, გაზაფხულის ბოლოს, ბევრი ახალი და გაუმჯობესებული სერვისითა და ინტერიერით გაიხსნება. თუმცა უცვლელი დარჩება პრესკაფეს სტრატეგია – ღია სადისკუსიო სივრცე, ადგილი, სადაც შეგიძლია მიიღო და გასცე ინფორმაცია ფინჯან ყავასთან ერთად, ხელმისაწვდომ ფასად.

Leave a Reply