მარტოხელა დედები

posted in: მულტიმედია | 0

16 მარტს, 20:00 საათზე გადაცემა „ჰეშთეგის“  პირდაპირ ეთერში გავიდა ჩვენი მოხალისე-რეპორტიორის, ხატია სიხარულიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი თემაზე: მარტოხელა დედები.

მარტოხელა დედის სტატუსი საქართველოს კანონმდებლობით 2015 წელს განისაზღვრა, რომლის მიხედვითაც, მარტოხელა დედა არის პირი, ვისაც ჰყავს ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი და ბავშვის დაბადების მოწმობაში არ არის ჩანაწერი მამის შესახებ. ასევე, მარტოხელა დედად ითვლება პირი, რომელმაც შვილად აიყვანა 18 წლამდე ასაკის ბავშვი და არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში. თუმცა, ბევრი მიიჩნევს, რომ ასეთი დეფინიცია დისკრიმინაციულია და სტატუსის მიღმა რჩება ქვრივები ან განქორწინებულები.

სიუჟეტში ნახავთ,თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ  სხვადასხვა ქვეყნებში, ვრცელდება თუ არა რაიმე სახის დახმარება მარტოხელა დედებზე და როგორია სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობა.

ალბათ, ხშირად გვსმენია, რომ მარტოხელა დედა უგულებელყოფილია ხალხისგან, ვერ ხერხდება მათი ადაპტაცია საზოგადოებაში, თითქოს  არ თვლიან სრულფასოვან, ჩამოყალიბებულ ადამიანებად. თუ რა სირთულეებს აწყდებიან ისინი ამ მეტად საპასუხისმგებლო ფუნქციის შესრულებაში და როგორ უმკლავდებიან ამ ყველაფერს, ამას სიუჟეტში მოვისმენთ.

„მიუხედავად იმისა, რომ მარტოხელა დედა ვარ, სულაც არ ვთვლი თავს უბედურად. ვფიქრობ, რომ ყველაფერი მაქვს ბედნიერებისთვის. წვრილმანებიც კი ბევრს ნიშნავს ჩემთვის. მაგალითად, ახლა გაზაფხულია და ესეც მაგარია, ბედნიერი ვარ. ხშირად მსმენია ჩემი შვილის, ემას მისამართით ნათქვამი სიტყვები: „საცოდავი, პატრონი არ ჰყავს“, რაც ძალიან მაღიზიანებს. როგორ შეიძლება რომელიმე ბავშვი იყოს საცოდავი?! ყველა ბავშვს აქვს თანდაყოლილი ბედნიერება და ემაც ძალიან ბედნიერია, არაფერი აკლია“- აღნიშნა რესპოდენტმა ბელა შანავამ.

პროექტი “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”  ხორციელდება  ფონდის  “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.