შეხვედრა ქედასა და შუახევში ასოცირების ხელშეკრულების შესახებ

24 აპრილს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესახებ შეხვედრები გაიმართა დაბა ქედასა და შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ცივაძეებში.
აღნიშნულ შეხვედრებზე მოსახლეობას ვაწვდით ინფორმაციას კონკრეტულად სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში აღებულ ვალდებულებებსა და მათი შესრულების პროცესზე. შეხვედრები მოიცავს დისკუსიის ფორმატს, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვავლინოთ სხვადასხვა პრობლემა. ძირითად დაბრკოლებას წარმოადგენს მოსახლეობის არაინფორმირებულობა ან არასწორად მიღებული ინფორმაცია სხვადასხვა საკითხების შესახებ, რაც თავის მხრივ იწვევს პესიმისტურ და სკეპტიკურ განწყობებს.
შეხვედრებზე მონაწილეები გაეცნენ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს. განვიხილეთ ნაკისრი ვალდებულებები, რა შესრულდა და რა დარჩა შესასრულებელი, ვისაუბრეთ თუ რა სიკეთის მომტანია ასოცირების შეთანხმება თითოეული მოქალაქისთვის. ასევე გაეცნენ ასოცირების ხელშეკრულების ინტერაქტიული გზამკვლევის ვებ-პორტალს www.aa.ge და გადაეცათ საინფორმაციო ცნობარი, რათა მარტივად მოიძიონ მათთვის სასარგებლო ინფორმაცია აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. ეს საშუალებას მისცემთ თვალი ადევნონ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესს.

შეხვედრები იმართება პროექტის ფარგლებში “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”, ფონდი “ღია საზოგადოება საქართველოს” Open Society Georgia Foundationმხარდაჭერით.