დისკუსია №8- მედია და საზოგადოება

დისკუსიათა ციკლის “მედია და საზოგადოება” მე-8 შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ქვედა ვაშლოვანის მოსახლეობასთან გაიმართა. მასში მონაწილეობას იღებდნენ აჭარის ტელევიზიის გადაცემა  ჰეშთეგის ჟურნალისტი მაგდა მარუაშვილი და ბათუმელების” კორესპონდენტი ეკა ბარამიძე. აღნიშნულ შეხვედრაზე არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა. მოსახლეობის განცხადებით შუახევის ჰესის გვირაბის მშენებლობამ მნიშვნელოვნად შეამცირა სარწყავი და სასმელი წყლის რაოდენობა, რის გამო მაისის თვიდან ოქტომბრის ჩათვლით, ისინი წყლით ვერ სარგებლობენ. მათივე განცხადებით არაერთხელ მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და პროტესტის სახით გზაც გადაკეტეს, თუმცა პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.

ადგილობრივები პრობლემად ინტერნეტის დაფარვის ზონის სიმცირესაც ასახელებენ,რის გამოც მის გამოყენებას ვერ ახერხებენ, გარდა ამისა აწუხებთ ბავშვთა დაზიანებული სათამაშო მოედანი, რომლის მოწესრიგების თხოვნა დღემდე არ შესრულებულა.

კიდევ ერთ პრობლემურ საკითხად ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრალურ გზასთან ახლოს ბეტონის საწარმოს მშენებლობა დასახელდა, რომელიც მოსახლეობას საფრთხის შემცველად მიაჩნია და რეაგირებას ითხოვენ. აღნიშნული საწარმო საცხოვრებელ სახლებთან 30-40 მეტრის რადიუსში მდებარეობს და ადგილობრივი ოჯახებისათვის საფრთხის შემცველია.

მოსახლეობის მიერ დასახელებულ ყველა პრობლემაზე მედიის წარმომადგენლები მასალებს ამზადებენ.

მომზადდება შეხვედრის მოკლე ვიდეო-ჩანაწერი. ბეჭდური ვერსია გამოქვეყნდება ვებ-გვერდზე ბათუმელები • Batumelebi.ge დისკუსიების მიზანია ხელი შევუწყოთ მედიის მონაწილეობით აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირებას და მათ გაშუქებას.

შეხვედრაზე გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლისა” და დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით.

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=r30HVx3K5VI&feature=youtu.be” width=640 height=360 ]