რას სთავაზობს სახელმწიფო საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს

რას სთავაზობს სახელმწიფო საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტებს

posted in: ევროინტეგრაცია | სტატია წაკითხულია 252-ჯერ

ნებისმიერ ემიგრანტს, რომელიც უცხო ქვეყანაში არალეგალურად ცხოვრობს და საქართველოში დაბრუნებას თავისი ნებით გადაწყვეტს, დაადეპორტებენ ან რეადმისიის პროგრამაში მოხვდება, სახელმწიფო რეინტეგრაციაში დახმარებას სთავაზობს.

2017 წელს პროგრამის განხორციელებაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 590 ათასი ლარი დაიხარჯა, 2018 წელს კი, 650 ათასი ლარია გათვალისწინებული.

რამდენად არის ინფორმაცია „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომი, რამდენი მიგრანტი მიმართავს სახელმწიფოს და რამდენი იღებს დაფინანსებას – ეს არის ის საკითხები, რომლებითაც „ბათუმელები“ დაინტერესდა.

იმისთვის, რომ ქვეყანაში დაბრუნებული მიგრანტი სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში ჩაერთოს, რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს – იყოს საქართველოს მოქალაქე, საზღვარგარეთ ერთ წელზე მეტი ხანი ჰქონდეს გატარებული არალეგალურად ან იყოს თავშესაფრის მაძიებელი. მისი საქართველოში დაბრუნებიდან არ უნდა იყოს ერთ წელზე მეტი გასული. პროგრამა არ ვრცელდება იმ ემიგრანტებზე, ვინც უცხოეთში ლეგალურად ცხოვრობს.

მიგრანტებს ოთხი მიმართულებით შეუძლიათ დახმარების მიღება. შეუძლიათ მოითხოვონ სამედიცინო მომსახურების და მედიკამენტების დაფინანსება, პროფესიული გადამზადების პროგრამაში ჩართვა, დროებითი საცხოვრებლის (4 დღე) ქირა და სოციალური პროექტის დაფინანსება. დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა, რაც შეიძლება ერთმა მიგრანტმა სახელმწიფოსგან მიიღოს, 4 ათასი ლარია. ამ თანხიდან მხოლოდ 1000 ლარი შეიძლება გამოიყენონ სამედიცინო პროცედურებისათვის. დანარჩენი თანხა სოციალური პროექტის განხორციელებას უნდა მოხმარდეს.

თბილისსა და რეგიონებში უკვე შერჩეულია ის ორგანიზაციები, რომლებიც სამინისტროსთან ერთად განახორციელებენ პროექტს. საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების პროგრამაში ჩართვის მსურველებმა მათი ადგილმდებარეობის მიხედვით უნდა მიმართონ შემდეგ ორგანიზაციებს: თბილისში საზოგადოებრივ დამცველს, სამცხე-ჯავახეთში რეგიონალურ ასოციაცია ტოლერანტს, ზუგდიდსა და ქუთაისში ფონდ „აფხაზინტერკონტს“, აჭარა-გურიაში ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირ „ინტელექტს“, კახეთში კი კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდს.

2013-2016 წლებში პროექტს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებდა ევროკავშირის დაფინანსებით. 2017 წლიდან სამინისტრომ სრულად გადაიბარა პროგრამა და მას რეგიონებში პარტნიორი არასამთავრობოების დახმარებით ახორციელებს.

როგორც „ბათუმელებს“ სამინისტროში უთხრეს, 2017 წელს პროგრამაში მონაწილეობის სურვილი 482-მა მიგრანტმა გამოთქვა. მათგან მხოლოდ 147-მა მიიღო დაფინანსება. ეს ნიშნავს იმას, რომ თითოეული მიგრანტი, რომელიც პროგრამაში იღებს მონაწილეობას, კონკურენციაშია სხვა მიგრანტთან.

„ეს საბიუჯეტო თანხაა და მისი გაფლანგვა მიზანშეწონილი არ არის. ჩვენ გვინდა ჩავდოთ ინვესტიცია, მწირი დაფინანსებაა, მაგრამ მაინც გამართლებული უნდა იყოს. უნდა შევარჩიოთ ისეთი პროექტები, რომელსაც აქვს პერსპექტივა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა.

2017 წლის მაისიდან 2018 წლის თებერვლამდე აჭარა-გურიის რეგიონში მცხოვრები 23 მიგრანტი დაფინანსდა. 2016 წელს კი 29 ბენეფიციარმა ისარგებლა პროგრამით. ბათუმში პროექტს კოორდინირებას GCRT წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის ბათუმის ფილიალი უწევდა. ორგანიზაციის წარმომადგენელი ნანა გორგილაძე ამბობს, რომ დაფინანსებულ პროექტებს შორის იყო ისეთი პროექტები, როგორიცაა, მაგალითად, ფუტკრის ოჯახის შეძენა, მინიტრაქტორი სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისთვის, სილამაზის სალონში საჭირო ინვენტარი, ერთ ქალბატონს კი მანქანა შეუძინეს, ტაქსიზე სამუშაოდ.

„ყველაზე მეტი მიგრანტი, რომელმაც მოგვმართა, რუსეთიდან იყო. ესენი იყვნენ ხელოსნები, რომლებიც დაადეპორტეს. დაწერეს პროექტები და შევუძინეთ სამუშაო იარაღები, რითაც სახლებში სარემონტო სამუშაოებს ატარებენ,“ – ამბობს ნანა გორგილაძე.

აჭარა-გურიაში 2018 წლის მაისიდან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების“ პროგრამას სამინისტროსთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაცია „ინტელექტი“ ახორციელებს. პროგრამის კოორდინატორი დავით არძენაძე ამბობს, რომ წელს მათ ორგანიზაციას 30-მა მიგრანტმა მიმართა. უმრავლესობა რუსეთიდან არის დეპორტირებული ან ნებაყოფლობით წამოსული. არძენაძე იმ ეტაპებს აღწერს, რაც მიგრანტმა უნდა გაიაროს, სანამ დაფინანსებას მიიღებს.

„პირველად ბაზაში ხდება პოტენციურ ბენეფიციართა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის მოგროვება. დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ ხდება ერთიან ბაზაში რეგისტრაცია.

შემდეგ დადგინდება რა მიმართულებით სჭირდება დახმარება. მაგალითად, თუ სჭირდება სამედიცინო დახმარება, აუცილებლად უნდა მოიტანოს ექიმიდან „ფორმა 100“. პარალელურად ხდება სხვა სახელმწიფო პროგრამების ანალიზი – ხომ არ აფინანსებს რომელიმე სტრუქტურა აღნიშნულ მომსახურებას.

ბიზნესმიმართულებას რაც შეეხება, რამდენიმე ეტაპს გადის მიგრანტი  – პირველი არის ბიზნესიდეები წარმოდგენა და გაცხრილვა. ამის შემდეგ ვუტარებთ ტრენინგებს დაგეგმარებასა და ბიზნეგეგმის შემუშავებაზე. როდესაც წარმოადგენენ ბიზნესგეგმას, იქმნება კომისია, რომელიც საბოლოოდ აფასებს მათ. შემდეგი ეტაპია ბენეფიციართა გასაუბრება და საბოლოოდ იღებენ გადაწყვეტილებას დაფინანსებაზე,“ – ამბობს დავით არძენაძე.

აღსანიშნავია, რომ ბენეფიციარს უშუალოდ არ აქვს თანხასთან შეხება. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პარტნიორი ორგანიზაცია „ინტელექტი“ იძენს ყველა იმ ნივთს, რომლებიც მიგრანტს ბიზნესის დასაწყებად სჭირდება.

რამდენად ეფექტურად მუშაობს  პროგრამა – ვკითხეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილს.

შოთა რეხვიაშვილი: „ეს არის სოციალური პროექტი – საუბარია პატარა, მოკრძალებული პროექტების დაფინანსებაზე. სანამ დაბრუნებული მიგრანტი გაერკვევა, სად რა სახელმწიფო პროექტებია, ჩვენ უზრუნველვყოფთ მას პირველი ნაბიჯებისთვის. მდგრადობის თვალსაზრისით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 95 %-ზე მეტი ჩვენი დაფინანსებული პროექტები მუშაობს. ეს არის ძალიან კარგი შედეგი“.

2014-2016 წლების მონაცემებით, პროგრამაში ჩართვა მთელი ქვეყნის მასშტაბით 3527 მიგრანტს სურდა. აქედან პროექტის ბენეფიციარი 1104 ადამიანი გახდა – 619 ქალი და 485 კაცი. მათგან 903 საქართველოში ნებაყოფლობით იყო დაბრუნებული, 21 რეადმისიით და 180 კი დეპორტით.

რეადმისიის ვალდებულება  2011 წლიდან მოქმედებს ევროკავშირთან. რაც გულისხმობს შემდეგს – თუ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, თავის ტერიტორიაზე აღმოაჩენს სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მყოფ საქართველოს მოქალაქეს, საქართველო ვალდებულია, რომ უზრუნველყოს მისი უკან, საქართველოში დაბრუნება.

რეადმისიის ვალდებულების მნიშვნელობას განმარტავს ვანო ჩხიკვაძე, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი.

„რეადმისიის ხელშეკრულება არის საქართველოს ვალდებულება და ერთ-ერთი პირობა უვიზო მიმოსვლის. ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმზე როდესაც არის საუბარი, იგულისხმება რამდენიმე კრიტერიუმი, რა შემთხვევაშიც შეიძლება თეორიულად ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი. ერთ-ერთი კრიტეტიუმი არის რეადმისიის შეთანხმების შეუსრულებლობა. იმ შემთხვევაში თუ საქართველო არ ითანამშრომლებს ან შეაჩერებს რეადმისიით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ევროკავშირს გააჩნია უფლება, აამოქმედოს საქართველოსთან მიმართებაში შეჩერების მექანიზმი. აქედან გამომდინარე ეს არის ორმხრივი სამოძრაო ქუჩა. ერთის მხრივ ჩვენ გვაქვს გარკვეული უფლებები, რაც გამოიხატება საქართველოს მოქალაქეების უვიზოდ გადაადგილებაში, იგულისხმება ევროკავშირში და შენგენის ზონის ქვეყნებში და მეორეს მხრივ ჩვენ გვაქვს ვალდებულება, იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ქვეყანაში აღმოჩნდება სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საქართველოს მოქალაქე, ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ის საქართველოში“.

 

მასალა მომზადებულია პროექტის – „მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში “ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.