ბოშა გოგოების არჩევანი

ქობულეთელ ბოშა გოგონებს თუ შეხვდებით, როგორც არ უნდა გაგიკვირდეთ, გეტყვიან, რომ სწავლა უნდათ. აქ და ამ თემში სკოლა ჯერ არც ერთ გოგოს არ დაუმთავრებია, მაგრამ ზოგიერთმა მეცხრე კლასის ატესტატი აიღო. აი, სწორედ ისინი გეგმავენ პროფესიულ სასწავლებელში სწავლას. რატომ? – მათი პასუხი საქმიანია, არ სურთ დედების გაკვალულზე სიარული. მოკლედ, ბოშა გოგონები გელაურიდან თავიანთ მომავალს სხვაგვარად ხედავენ. მათ დიდი ბრძოლები ელით – ტრადიციებსა თუ დისკრიმინაციასთან.

ლილი და ლარისა

 

ლილი და ლარის ალიმოვები

ლილი 14 წლისაა, ლარისა – 65-ის. სოფელ გელაურში, ბოშების უბანში თუ დაინახავ ლილის, იქვე ახლოს აუცილებლად იქნება ლარისაც. ლილი ლარისას შვილიშვილია. მხიარული ბებია და შვილიშვილი ერთად ხშირად სეირნობენ. ლილი სულ სიცილით ყვება, როგორ არ უნდა მის ბაბუას მოკლე კაბა რომ ჩაიცვას, მაგრამ ბებო უჭერს მხარს ამ საკითხში. სწორედ ამიტომ ისეთი კაბა აცვია, როგორიც მოსწონს მას და არა ბაბუას.

ლარისა: „ბებერი ქალი ხომ არაა, ასე იყოს. მომწონს ასე რომ აცვია, ახალგაზრდა გოგოა. ბაბუას არ მოსწონს. მე მხარს ვუჭერ. ჩემი მეორე შვილიშვილი, მონიკა ასე არ ჩაიცვამს. ჩვენთან ასეთი წესია, გოგო რომ თხოვდება, გრძელი კაბა უნდა ჩაიცვას. შარვალი არ შეიძლება. მონიკა უკვე გათხოვდა“.

ლარისა კატეგორიული წინააღმდეგია, მაგალითად, ლილის დაქორწინების და ამ საკითხშიც ერთსულოვანია თავის შვილიშვილთან. „14 წლის არის, ჯერ ბავშვია. პატარა გოგომ არაფერი არ იცის“.

როგორ არის გადანაწილებული ბოშა ოჯახში ქალისა და კაცის როლები? – ამ კითხვას ლარისა შელამაზების გარეშე პასუხობს: „ვაჭრობა, ყველაფერი, საჭმელი, გოგოები აკეთებენ. ბიჭები რას აკეთებენ? – არაფერი, მარტო დადიან. მაგრამ ზოგჯერ კი ეხმარებიან [გოგოებს]“.

შეკითხვაზე: პასპორტი გაქვთ, ცოტა განაწყენდა – „ბრადიაგა“ ხომ არ ვარ, პასპორტი რომ არ მქონდესო.

ლარისა: მე 22 წლის გავთხოვდი. ახლა 65 წლის ვარ. პენსიონერი. 6 შვილი მყავს – სამი გოგო, სამი ბიჭი და 20 შვილიშვილი. ჩემი შვილები ყველა გელაურში დასახლდნენ. ადრე ვვაჭრობდი. ცოტას ახლაც ვვაჭრობ. პენსია მაქვს და დახმარება. ახლა ვაჭრობა არ არის. ადრე იყო ცხოვრება კარგად, ყველაფერი იყო, ახლა არაფერი არ არის.

ლარისას სკოლაში არ უსწავლია. არც ის იცის, მისი მშობლები სად ცხოვრობდნენ საქართველოში ჩამოსვლამდე. ახლა სკოლაში მისი შვილიშვილები სწავლობენ – ერთი ბიჭი დამამთავრებელ კლასში, ხოლო ერთიც – პირველში. ლილიმ სკოლაში სულ ექვსი წელი ისწავლა. მერე სკოლიდან გამოვიდა – უსინათლო და-ძმა ჰყავს და ამბობს, რომ მათზე ზრუნვა მისი ვალდებულებაა. ზოგიერთი ბოშა გოგოსგან განსხვავებით ლილის არ შეუძლია სწავლა გააგრძელოს პროფესიულ სასწავლებელში. ატესტატი არ აქვს და იმიტომ.

 

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=uHrwNUBTORI” width=640 height=360 ]

 

14 წლის ლილის დროს მშობლები უკონტროლებენ. „თუ მშობლები მეტყვიან სახლიდან გარეთ არ გახვიდეო, ვერ გახვალ. რომ გახვიდე რა მოხდება? – თუ გახვალ ჩხუბობენ“.

მარიშკა

ადრე 19 წლის ბოშა აუცილებლად გათხოვილი იქნებოდა, მე არ გავთხოვდი. არც ვაპირებ. უნდა ვისწავლო, ჩემი ჯიბის ფული რომ მქონდეს.

მარიშკა ასლანოვა

სკოლა მე-9 კლასიდან მივატოვე. ახლა 19 წლის ვარ. ქობულეთის კოლეჯში ვისწავლე სტილისტობა – სამთვიანი კურსი მქონდა.  რაღაც პროექტი იყო – ტრენინგებზე წამიყვანეს, ჯერ თბილისში რამდენჯერმე, შემდეგ პოლონეთში ვიყავი. გველაპარაკებოდნენ სწავლაზე. ვისწავლე, მაგრამ შეჭრა კარგად არ ვიცი. სამთვიანზე კარგად ვერ ვისწავლე, ამიტომ სწავლის გაგრძელება მჭირდება.

მარიშკას დედა

მე მინდა, რომ თავისი საქმე ჰქონდეს, თავისი მომავალი. თავის ჯიბეზე ექნება რაცხა. მე აღარ მეტყვის, დედა ეს მინდა, ის მინდა, წავა და თვითონ იყიდის, თავის თავს მიხედავს. მე 14 წლის გავთხოვდი და რა ვნახე კარგი – „სუმკა“ და ბაზარი. სახლში საქმე – საჭმელი, დალაგება და გადის დრო. ჩემს შვილს არ ვამუშავებ, სანამ ქალიშვილია და სახლშია. რომ გათხოვდება… დედამთილთან რომ მიდიხარ, უნდა იმუშავო…

მარიშკას ბიძა

თუ ისწავლის, თავისთავს მიხედავს. წინ წასვლა იქნება თუ რაცხა, მაგის ტვინზე იქნება. რომ გათხოვდება, დედამისივით კი არ წავა სავაჭროდ. დღე და ღამე, წვიმაში და მზეში რომ დადიან ლუკმაპურისთვის. თავისი ხელობა ექნება. მთავარია, სამუშაო იყოს.

მარიშკა

მთელი დღე სახლში ვარ – ვრეცხავ, ვალაგებ. როცა დრო მაქვს, ნათესავებთან გავალ, მზესუმზირას შევჭამ. ქართველი მეგობრები ბევრი მყავს, სტუმრადაც დავდივართ ერთმანეთთან. ასე ვერთობი… დედას ვუთხარი, რომ მივეხმარებოდი მუშაობაში, მაგრამ უარი მითხრა – ისწავლე და ისე იმუშავეო. ვერ წარმომიდგენია, რომ იგივე სამუშაო შევასრულო, რასაც დედაჩემი ასრულებს – მე სტილისტობა მინდა. ასე ყოფნა სისულელეა.

დედა

თუ სამუშაო ექნება, მანქანაც ეყოლება და ყველაფერიც ექნება. მეც აღარ ვივლი ბაზარში.

მარიშკა

ახლა სკოლაში ჩავეწერეთ ექვსი ბოშა გოგო და „პრავაზე“ გვინდა სწავლა. შეიძლება მასწავლებელი აქ  მოვიდეს, [გელაურის] სკოლაში.

დედა

ექვსი შვილი მყავს, სამი შვილიშვილი. დღეში მინიმუმ 70 ლარი მჭირდება. არც ერთი შვილი არ მუშაობს. ქირით არის ერთი სიძე, მაგრამ ჩემთან არიან დილიდან საღამომდე. მეორე გოგოც სტუმრად მყავს, ქუთაისში გათხოვდა და ზაფხულობით აქ ჩამოდის. მძიმეა დედის საქმე. მე რასაც გავყიდი, იმას საჭმელში ვხარჯავ. დღეში გვჭირდება10 პური. მოგებაზე ჩვენ ვერ ვმუშაობთ… ამ სახლში დედამთილი ცხოვრობს, ორი მაზლი და ჩემი ოჯახი. სახლი რომ მქონდეს, სხვაგან წავიდოდი და ვიცხოვრებდი ჩემს შვილებთან ერთად, მშვიდად და არა ასე, ერთად.

ბებია

ეს ჩემი სახლია. მე ვიყიდე. 59 წლის ვარ, 50 წელია აქ ვცხოვრობ. ჯერ პენსიას არ ვღებულობ, არც არაფერს. უკვე ვეღარ ვმუშაობ, მაგიტომ რომ ავად ვარ… ბოშების ცხოვრება არასდროს შეიცვლება. ადრე ბათუმში დავდიოდი, ვვაჭრობდი „დუხებით“, ხალხს ვიცნობდი. ძველი ცხოვრება, „ციგანის“ როგორც იყო შარშან [ძველად], ისეც არის ახლა: პატარობიდან ვაჭრობა ქუჩაში.

მარიშკა და მისი ბებია

დედა

ჩვენ დახმარება გვჭირდება. ადრე 1000 ლარს ვიღებდი წელში და ბაღნებისთვის ვყიდულობდი რაღაცებს. მრავალშვილიანი დედა ვარ. ახლა შემიჩერეს – შვილები გაგეზარდაო. თბილისში ბევრი კარგი კანონია, ბათუმშიც. ხალხს ეხმარებიან. ჩვენ თვიდან თვემდე ვიღებთ კაპიკებს. თბილისში რომ არის კანონები, აქ რატომ არ არის იგივე კანონი?

[kad_youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=GJNgSIReEls” width=640 height=360 ]

 როცა არ იცი, რომ შეგიძლია უფასოდ ისწავლო

„ატესტატი მაქვს“ – პირველი წინადადება ეს იყო, რაც მან გვითხრა. ლიზა მელიასლანოვას ასევე აქვს ბევრი დრო, ყოველ შემთხვევაში, ახლა. ადრე ასე არ იყო – თავისი და-ძმებისთვის რომ მოევლო, მეცხრე კლასიდან გამოიყვანეს. ახლა ისინი გაიზარდნენ და თავად ბევრს ფიქრობს იმაზე, თუ როგორ გახდეს სტილისტი.

მიიჩნევს, რომ ახლა ის პერიოდი დაუდგა, როცა შეუძლია იფიქროს მხოლოდ საკუთარ თავზე. აქვს თავისუფლება და ახალი მიზანი – იშოვოს სამსახური და ცხოვრება მოიწყოს. მხოლოდ ამ გეგმების შესრულებას მოსდევს ფიქრები ოჯახის შექმნაზე. დაქორწინებას იმ შემთხვევაში აპირებს, თუ „ნორმალურ ადამიანს შეხვდება“.

ლიზას, ისე, როგორც ბოშების სრულ უმრავლესობას, ვისაც ვესაუბრეთ, მიაჩნიათ, რომ ადრე გათხოვება არ შეიძლება. როცა ეკითხები – რატომ? გპასუხობენ: „ახლა სხვა კანონია“.

ლიზა მელიასლანოვა

ბოშებში, მათ შორის გელაურშიც, ჯერ კიდევ არის გოგოს მოტაცების ტრადიცია, მაგრამ „მოტაცებაც მაშინ ხდება, თუ გოგოს და ბიჭს უყვართ ერთმანეთი“. „სხვა შემთხვევაში, პატარა გოგოს არ გაათხოვებენ. თუ გოგო არ იქნება თანახმა, არც მაშინ გაათხოვებენ“, – ასე ჩამოაყალიბა ლიზამ სრულწლოვნებამდე ქორწინებაზე თავისი შეხედულება.

ქორწინებაზე საუბრისას ლიზა კიდევ ერთ აკრძალვაზე გვიყვება: „მესამე-მეოთხე თაობის ნათესავების შეყვარება აკრძალულია, მით უფრო, თუ ერთად ვიზრდებით“. გელაურში მცხოვრებ ბოშებზე ლიზა ამბობს, რომ „აქაური ბიჭები ბიძაშვილები, ესე იგი, ჩემი ძმები არიან“.

გარდა ამისა, ძალა დაკარგა აკრძალვამ – ბოშა „სხვაზე“ არ უნდა გათხოვდესო. გელაურში გეტყვიან, რომ ბევრი გოგო გათხოვდა ქართველზე და ბევრი ბიჭი დაქორწინდა არაბოშაზე.

რადგანაც ლიზა ჯერ გათხოვებას არ აპირებს და ვერც სტილისტობის კურსის მიყვანა შეძლო ბოლომდე, ცდილობს დრო სხვაგვარად გაიყვანოს: „ვდგები დილით, ვსაუზმობ, სახლს ვალაგებ, ვრთავ მუსიკას, მეგობრები მოდიან, ფილმს ვუყურებთ. როდესაც დედა ბრუნდება სამუშაოდან, ოჯახის საქმეს თავს ვანებებ და ვსეირნობ“.

საუბრის დასასრულს ლიზა ასე ამხნევებს საკუთარ თავს: „მე მაქვს სტილისტობის მონაცემები, ასევე შემიძლია კერვა, სადილის მომზადება, მაგრამ გადავწყვიტე სტილისტობა, რადგან მიყვარს ეს საქმე. აუცილებლად გავხდები სტილისტი“.

გელაურში ცხოვრობს 24-25 ბოშა ოჯახი, დაახლოებით 350 ადამიანი. აქაურ ბოშებს, თითქმის ყველას, აქვს საკუთრება. სახლები არ აქვთ მათ, ვინც ოჯახიდან გადის და ცალკე იწყებს ცხოვრებას.

კოლეჯი „ახალი ტალღა“ – აქ შეიძლება გოგოებმა ისწავლონ 

მაია წულუკიძე, კოლეჯ „ახალი ტალღის“ ღონისძიების მენეჯერი ამბობს, რომ მისთვის უცნობი იყო ბოშა გოგონების განწყობა კოლეჯში სწავლის გაგრძელების შესახებ. მაია ამბობს, რომ ამ გოგონებს დაეხმარება:

„ჩვენთან მიღება არის წელიწადში ორჯერ – საგაზაფხულო და საშემოდგომო. საგაზაფხულო მიღება უკვე დამთავრდა. შემდეგი მიღება იქნება სექტემბერში და სწავლა დაიწყება ოქტომბერში. ჩვენთან სტილისტობა ისწავლება ცხრა თვის განმავლობაში. ამ ცხრა თვეში არის თეორიული და პრაქტიკული კურსი, სრული ჩართულობა. კურსდამთავრებულებს ჩვენ ვასაქმებთ. ჯერ პრაქტიკაზე ვუშვებთ და თავის გამოჩენის შემთხვევაში დასაქმდებიან. ბევრ სალონთან გვაქვს მემორანდუმი გაფორმებული.

ეს გოგონები სექტემბერში უნდა მოვიდნენ ჩვენთან. აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მე-9 ან მე-12 კლასის ატესტატი. პროფესიული ეროვნული გამოცდების ჩაბარება მოუწევთ, ძალიან მარტივი უნარებია ჩასაბარებელი“.

„ისინი ტრადიციებსა და თავისუფლებას შორის მერყეობენ

ლენა პროშიკიანი, ეთნიკურობისა და მულტიკულტურულიზმის შესწავლის ცენტრის ბოშათა საკითხების კოორდინატორი:

მე ვიმუშავე ოთხ გოგოსთან, რომლებიც გალაურში ცხოვრობენ. მათ კოლეჯში სტილისტობის სამთვიანი მოკლე კურსი გაიარეს. სწორედ ამის შემდეგ რადიკალურად გადაწყვიტეს, რომ მათი სამსახური ქუჩაში არ იქნება. ზუსტად იციან, რა უნდათ – უნდათ პროფესიული განათლების მიღება; არ იციან ამის მიღწევა როგორ შეიძლება, მაგრამ იციან, რომ გასაყიდი საქონლით სავსე ჩანთას არ მოიკიდებენ.

მათი ცხოვრება არც თუ ისე მრავალფეროვანია – ტრადიციებსა და თავისუფლებას შორის მერყეობენ. ზოგი იცვამს მოკლე კაბას და შარვალს, არადა, ეს ამ თემში კარგ ტონად არ ითვლება.

კულტურა და ტრადიციაა – ქალს არ უნდა ეცვას შარვალი, ვიწრო კაბა, არ უნდა ეცვას ისე, რომ მისი სხეული ჩანდეს, თავშალი უნდა ჰქონდეს გათხოვილ ქალს. როგორც კი გოგონა გადის სახლიდან, ის ატარებს თავისი ოჯახის სახეს. როცა გოგონას ასე აცვია და სხვა კაცები უყურებენ, რა თქმა უნდა, თვალში ხვდებათ – რას ჰქვია ბოშა გოგონას ასე აცვია.

გოგონები იძახიან, რომ როცა გათხოვდებიან, მაშინ ჩაიცვამენ გრძელ კაბას, ბოშას თუ გაყვა, თორემ ქართველს თუ გაყვა, ალბათ არასდროს ჩაიცვამს გრძელ კაბას.

გოგონებმა ერთბაშად თუ გადაწყვიტეს, რომ აი, ჩვენ ხვალიდან ყველანი ვიცვამთ შარვალს, რა თქმა უნდა, ბაბუები ამ პროცესს გააჩერებენ, მათ ზეგავლენა აქვთ ახალგაზრდებზე. თემში უფროსის პატივისცემა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ვფიქრობ, მაქსიმუმ 5-10 წელი და ეს ყველაფერი დაიკარგება. სამწუხაროდ, ის ფრიალა ყვავილებიანი კაბები აღარ არის. ფაქტობრივად, ყველაფერი იკარგება.

სამწუხაროდ, ამ გოგონების განათლება არის ნულს ქვემოთ. უნდა ისწავლონ არა მხოლოდ პირველი სამი კლასი, არამედ უფრო მეტი. მშობლებმაც უნდა გაიგონ, რომ ეს მათი შვილებისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე პრობლემაა სახელმწიფო ენის არცოდნა. ვერც ერთი პროფესიული კოლეჯი ვერ მიგიღებს, თუ ვერ ჩააბარე გამოცდა.

საქართველოს ხუთივე რეგიონში კომპაქტურად დასახლებული ბოშები ერთნაირი წესით ცხოვრობენ. მამაკაცი, თუ ის პატივს სცემს ოჯახს, ცოლს, გადის სავაჭროდ ცოლთან ერთად.

მაგრამ არის სხვა ფაქტორიც – ძალიან ხშირად 16-25 წლის გოგონები იძახიან – „ნეტა, მიგვიღებენ“, ან „ვის რაში ვჭირდებით“. ანუ საზოგადოება როგორ მიიღებს მათ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დისკრიმინაციის კუთხით ძალიან ეშინიათ. არის შიშის და უნდობლობის ფაქტორი. ჰგონიათ, რომ მათ ატყუებენ.

პროფესიული განათლება ამ თემში ახალი ხილია. მე კარგად მახსოვს ის პერიოდი, როცა ძალიან გამიჭირდა ამის ახსნა. როცა გაიგეს ეს რა არის, პირველ გაკვეთილზე მივიდნენ, მერე გაიაზრეს, რომ სხვა ცხოვრებაც არსებობს, სხვანაირად დროსტარებაც შეიძლება და ფულის კეთებაც. შეიძლება არ გახვიდე ქუჩაში და მოწყალება არ ითხოვო, ან არ ათრიო მძიმე ჩანთა. ეს მომენტი გარდამტეხი იყო ამ გოგონებისთვის და ვფიქრობ, რომ თემში ეს გოგონები არიან სამაგალითოები – მათ გადახარშეს ეს ინფორმაცია, რაც მიიღეს. დაინახეს, რომ შეუძლიათ დასაქმდნენ სხვანაირად და არ იყვნენ ვაჭრობის ან მოწყალების იმედად. ეს პოზიტიურ გავლენას მოახდენს სხვებზეც.

რაც შეეხება ოჯახში თანასწორობას, – ბოშების ოჯახში ცოლი ვაჭრობს და ოჯახს არჩენს, მაგრამ ცოლი გამომუშავებულ თანხას აბარებს ქმარს. მამაკაცი წყვეტს, ხვალ რამდენი თანხა სჭირდება ოჯახს საჭმლისთვის. ყველაფერს წყვეტს კაცი.

მეორე როლი მამაკაცის ასეთია: როცა ქალი გადის სავაჭროდ ან მოწყალების მიზნით, მამაკაცი რჩება ოჯახში. ბოშა ოჯახი არის მრავალშვილიანი და კაცი ამ შემთხვევაში უვლის ბავშვებს. ბავშვების უმეტესობა ბაღში არ დადის და, სამწუხაროდ, ამ კუთხით ინტეგრაცია ფერხდება.

ბოშა ოჯახში ყველაფერი დედამთილი, დედამთილი და დედამთილია. როცა სრულფასოვანი ოჯახია [ქმარი ცოცხალია], თუ დედამთილი ასაკშია, ფული ბარდება დედამთილს. ის ანაწილებს თანხას ოჯახში.

დედამთილს შეუძლია დაავალოს რძალს, რომ წავიდეს და მოწყალება ითხოვოს. მამამთილი არ ეტყვის რძალს, წადი და იმათხოვრეო…

მაგრამ ახლა გოგონები მარიშკას მსგავსად სხვაგვარად უყურებენ თავიანთ მომავალს. მით უფრო, რომ შერეული ოჯახების ტენდენცია წამოვიდა. ჩემ გარშემო ყველა – ჩემი მამიდაშვილი, ბიძაშვილი არის გათხოვილი სხვა ეროვნების კაცზე. მე ქვემო ქართლის ბოშებს ვეკუთვნი. თბილისშიც ანალოგიური სიტუაციაა. ყველა ცდილობს თემიდან გავიდეს გარეთ, ამას ერთადერთი მიზეზი და მიზანი აქვს – აღარ უნდათ ცხოვრება ასე გაჭირვებაში.


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – „მულტიკულტურული ინტეგრაცია აჭარაში“ 
პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“.
პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა].
არ არის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.