ახალგაზრდების ჩართულობა არჩევნებში

posted in: მულტიმედია | 0

26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, გადაცემა „ჰეშთეგის“ პირდაპირ ეთერში მაყურებელმა იხილა  ხატია სიხარულიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი თემაზე: „ახალგაზრდების ჩართულობა არჩევნებში“.

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თუ გადავხედავთ, ერთ-ერთი აქტუალური თემა სწორედ არჩევნებია. თითქმის ყოველი არჩევნების შემდეგ ისმის კრიტიკა, რომ ახალგაზრდები პასიურობენ, აქტიურად არ ერთვებიან პოლიტიკურ პროცესებში, რასაც  სხვადასხვა კვლევებიც ადასტურებს. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დაფინანსებით 2013-2014 წლებში ჩატარდა „ ახალგაზრდების ეროვნული კვლევა საქართველოში“, რომლის ერთ-ერთი თემატური ნაწილის – „ახალგაზრდების ჩართულობა“ ფარგლებში რამდენიმე ძირითადი შედეგი გამოვლინდა:

  • საქართველოში ახალგაზრდებს აქვთ შეზღუდული ცოდნა მოსახლეობის უფლებებსა და მოვალეობებზე. 15–29 ასაკობრივი ჯგუფის ახალგაზრდების მხოლოდ 11,6%ია ინფორმირებული სამოქალაქო უფლებებზე, კონკრეტულად კანონმორჩილებაზე, გადასახადების გადახდასა და არჩევნებში მონაწილეობაზე.
  • საქართველოში ახალგაზრდები არ არიან აქტიურად ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მათი უმრავლესობა (90.4%) მიიჩნევს, რომ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს ახალგაზრდებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაში, თუმცა 2013 წელს მხოლოდ 10.9%–მა მიიღო რეალური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იმ საკითხებზე, რომლებიც ახალგაზრდებს ეხებათ.

აღნიშნული პრობლემებიდან გამომდინარე, სიუჟეტში იხილავთ ქუჩის გამოკითხვას, საიდანაც გავიგებთ რამდენად არიან ჩართულები ახალგაზრდები არჩევნების პროცესში.

ასევე, მოისმენთ დემოკრატიის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის – არჩილ ხახუტაიშვილის კომენტარს, რომელიც ისაუბრებს დემოკრატიისთვის არჩევნების მნიშვნელობასა და ახალგარზდების ჩართულობის აუცილებლობაზე. გარდა ამისა, გაგვიზიარებს ახალგაზრდებთან მუშაობის გამოცდილებას, თუ რამდენად ერთვებიან ისინი სამოქალაქო ცხოვრებაში და რა იწვევს მათ ინერტულობას.

საინტერესოა ფსიქოლოგ  ქეთი ბერიძის   მოსაზრება ახალგაზრდების ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე და იმ შესაძლო მიზეზებზე, რაც ახალგაზრდების ნაკლებ აქტიურობას იწვევს პოლიტიკურ პროცესებში.

სიუჟეტის ბოლოს, მოვისმენთ რამდენიმე ახალგაზრდის მოსაზრებას, თუ რატომ მიდიან არჩევნებზე და რატომ უნდა ჩაერთონ ამ პროცესში მათი თანატოლები.

თემის  სრული მიმოხილვა  იხილეთ ქვევით  განთავსებულ  ვიდეოში,  22:30  წუთიდან

გადაცემა მზადდება პროექტის“სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”ფარგლებში,  რომელსაც ახორციელებს“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED) დაფინანსებით.