დისკუსია "შუახევის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები"

posted in: დისკუსია | 0

დაბა შუახევში “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე „შუახევის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“.2016 წლის 27 აგვისტოს დაბა შუახევში არასამთავრობო ორგანიზაცია ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე- „შუახევის მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“.

დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ:
• ვახტანგ ზოიძე – შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
• გელა აბაშიძე- შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი
მოდერატორი: – დავით ლოსაბერიძე – ა(ა)იპ – „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის“ – თავმჯდომარე, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი – საქართველოდან.
დისკუსია მომზადდა ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში.

დისკუსია შუახევში

დისკუსია შუახევში

დავით ლოსაბერიძე, დისკუსიის მოდერატორი: 1991 წლიდან მოყოლებული მეხუთე რეფორმა ხორციელდება და ყოველ ჯერზე რაღაც ნაბიჯი იყო წინგადადგმული. ევროპაში ჩვენ გვეუბნებიან, რომ დაგვეხმარებიან, თუკი `სახლის შენებას~ გადავწყვეტთ, რადგან გვაქვს გამოცდილებაც და ტექნიკურ-ფინანსური რესურსები, სხვა ვერ გადაწყვეტს, როგორი უნდა იყოს ჩვენი სახლი, ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება, რომელიც ძალაშია ყველა ევროპული ქვეყნისათვის. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამ პრინციპებს არ იცავს, არის ბელორუსია, რადგან გარიცხულია ევროსაბჭოდან. სწორედ ამ პრინციპებიდან გამომდინარე დაიწყო მუშაობა თვითმმართველობის კოდექსზე. მე გახლდით საპრეზიდენტო კომისიის წევრი 2005 წელს. ამ თემაზე ყოველი პარტიის შიგნით არის აზრთა სხვადასხვაობა და ყველა მხარე დარწმუნებულია, რომ თვითონ არის მართალი. თვითმმართველობის კოდექსი იძლევა საშუალებას, რომ ეს პრობლემები იქნეს მოგვარებული. წყალმომარაგებასთან დაკავშირებით უფლებამოსილებებს რაც შეეხება, 2005 წლიდან მოხდა ცენტრალიზება და ეს მიიღეს მუნიციპალიტეტებმა, მაგრამ მათ აკლიათ ორი რამ, პირველი- წყლის საკანონმდებლო ბაზა, რომლის განხილვა დღესაც მიმდინარეობს პარლამენტში და მეორე – ეს არის ფინანსები. ჩვენი დასავლელი პარტნიორები მზად არიან აღმოგვიჩინონ არამარტო ტექნიკური, არამედ ფინანსური მხარდაჭერაც. საქართველოს პლუსი არის ის, რომ ევროპის კავშირის ასოცირებული წევრია. ფაქტია, რომ წყლისა და საბავშვო ბაღის პრობლემა დგას დღის წესრიგში რეგიონებში, ამიტომ პირველ რიგში რაც უნდა გაკეთდეს, თვითონ მუნიციპალიტეტმა უნდა გამოთქვას მზაობა ამ საკითხების მოსაგვარებლად.

ვახტანგ ზოიძე, შუახევის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე: ეკონომიკური მდგომარეობა საქართველოში როგორც არის, ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ხელისუფლება 24 საათის განმავლობაში მუშაობს, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. ჩვენ 26 წლის განმავლობაში სახელმწიფოს ვაშენებთ და რთულია ერთი ხელის მოსმით ფეხზე დადგომა. არ ხდება ეკონომიკის განვითარება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვინდა, როგორც ჩვენ ვიმსახურებთ. 2013 წელს ინფრასტრუქტურისთვის იყო გამოყოფილი ნახევარი მილიონი ლარი, ხოლო 2014 წელს, „ქართული ოცნების“ დროს – 2 მილიონ 200 ათასამდე ლარი, 2015 წელს 2 მილიონ-ნახევარი, 2016 წელს კი – 7 მილიონი. ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება ზრუნავს თავის ხალხზე.

ამ ხელისუფლების პრიორიტეტი არის ბაგა-ბაღებისა და სკოლების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურა. შუახევში 5 ბაგა ბაღია მოქმედი, ხოლო 8 სარემონტოა. ვმუშაობთ საგზაო ინფრასტრუქტურაზე, დაგებულია რკინა-ბეტონის საფარი.

გელა აბაშიძე, შუახევის საკრებულოს წევრი, პარტია „თავისუფალი დემოკრატები“: ხიდი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის არის ჩატეხილი და არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობენ, რომ შედგეს დიალოგი მათ შორის. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მოწესრიგებული უნდა იყოს საგზაო ინფრასტრუქტურა და წყალი უნდა ჰქონდეს სოფელს. ის რაც გაკეთდა, არის ძალიან უხარისხო, წყლის მილი არ არის საკმარისი სისქის და არ არის დაფარული. ასევე, წყალი არ მიეწოდება მოსახლეობას სრული დატვირთვით. პროექტები, რომლებიც უნდა დასრულდეს ერთ წელში, ორი წელზე მეტ ხანს გრძელდება. პრობლემა არის ის, რომ დაპროექტება ხდება არასწორად. მაგალითად, თუ შენდება ბაგა-ბაღი, პროექტში უნდა იყოს მოგვარებული კანალიზაციისა და წყლის პრობლემა, ჩვენ შემთხვევაში კი პირიქით ხდება, ჯერ შენდება ბაგა-ბაღი და შემდეგ სხვა დანარჩენი. პრობლემა არის ისიც, რომ კონტროლი არ წესდება შესრულებულ პროექტებზე. ჩემი აზრით ბიუჯეტი უნდა იგეგმებოდეს და იხარჯებოდეს ხალხთან შეთანხმებით, რადგან არსებობს რაღაც პრიორიტეტები, რომელთა გათვალისწინებაც მოსახლეობისათვის არის მნიშვნელოვანი. ხშირ შემთხვევაში მოსახლეობა არ არის ინფორმირებული, თუ როგორ და სად იხარჯება ბიუჯეტი. მე წინააღმდეგი ვიყავი გარე განათების მოწყობაზე, რადგან ეს დიდ თანხასთანაა დაკავშირებული. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ხილის გადამამუშავებელ ქარხანას და ხილის შემნახავ საწყობებს ავაშენებთ, რათა შემდგომ უფრო ხელსაყრელ პირობებში მოხდეს მათი რეალიზაცია. თუკი მოსახლეობა არ გააქტიურდება და პასიური იქნება, არაფერი გაკეთდება. სოფლის მეურნეობის განვითარებაზე უნდა იყოს მეტი ყურადღება. მაგალითად, ხულოში მოსახლეობას მოჰყავს დიდი რაოდენობით კარტოფილი და როცა მისი რეალიზაციის დრო დგება, ფასი დაბალია და გაწეული ხარჯები ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე მიღებული შემოსავალი. ჩემი აზრით, ამაზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ, რომ ხელი შეუწყოს თითოეულ გლეხს და ფერმერს. გარდა ამისა, ქვეყანაში ბევრი რამაა მოსაწესრიგებელი, მათ შორის ჯანდაცვისა და განათლების სისტემა. მე ვფიქრობ, რომ სოციალურად დაუცველის სტატუსი უნდა მიენიჭოს მას, ვისაც შრომა არ შეუძლია.

რამაზ ქარცივაძე, სოფელ ცივაძეების მკვიდრი: ჩვენს სოფელში დარჩა მხოლოდ 10 კომლი. სახელმწიფოს მეთაურებმა გლეხებთან ერთად უნდა მოიფიქრონ რაღაც, რომ სოფელი არ დაცარიელდეს. ეს რაიონული ცენტრია და ყველა დასაქმებულია, მაგრამ მიმდებარე პერიფერიებზე ხალხი უმუშავარია, ოჩხამურისა და ქობულეთის ტერიტორია არის გაპარტახებული, დარგონ თხილი, ბოსტნეული და დაასაქმონ ადამიანები ადგილზე.

პაატა დავითაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი: მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რასაც აკეთებს ხელისუფლება მთიან რეგიონში მოსახლეობის ხელშესაწყობად. პირველ ბავშვზე მშობელს ეძლევა 100 ლარი ყოველთვიურად, ერთი წლის განმავლობაში და ერთჯერადად 500 ლარი სოციალურად დაუცველს. მეორე ბავშვზეც ანალოგიურად, ხოლო მესამე ბავშვზე 200 ლარი – ორი წლის განმავლობაში. ქალაქიდან მომაგრებულ პედაგოგებს ხელფასზე ემატებათ 50 პროცენტი. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სოფლებიდან ხალხი არ წავიდეს. სამი წელი ბაგა-ბაღში ვმუშაობდი და მშობლებს 5 ლარის გადახდა არ შეეძლოთ, ახლა უკვე სახელმწიფო ბაღები არის უფასო.

გია დავითაძე: პრობლემა არის ახალგაზრდებში, ისინი არ დადიან შეხვედრაზე, არ აინტერესებთ.

ნოდარ გოგრაჭაძე: როგორ შეიძლება ახალგაზრდებში იყოს პრობლემა, ახალგაზრდები თურქეთში არიან წასული სამუშაოდ და როგორ ივლიან შეხვედრებზე, სახელმწიფომ არ უნდა დაასაქმოს ისინი? 20 ახალგაზრდაა გასული სოფლიდან, ერთ დღესაც გამოგვყრიან იქედან და მერე სად წავიდეთ?!