დისკუსია "ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“

posted in: დისკუსია | 0

2016 წლის 26 აგვისტოს დაბა ხულოში ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე- „ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“.2016 წლის 26 აგვისტოს დაბა ხულოში ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე- „ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“.
დისკუსიის მომხსენებლები იყვნენ:
• ოთარ გელაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე
• კახა დეკანაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე
მოდერატორი: – დავით ლოსაბერიძე – ა(ა)იპ – „ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრის“ – თავმჯდომარე, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი – საქართველოდან.

დისკუსია მომზადდა ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებული პროექტის „დემოკრატიული იდეების განვითარება“ ფარგლებში.

დავით ლოსაბერიძე -ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონალური თვითმმართველობის კონგრესის ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის ექსპერტთა საბჭოს წევრი – საქართველოდან

თემა ძალიან დიდია და შევეცდები ზოგადი ხედვები და პრობლემები ჩამოვაყალიბო იმ შესაძლებლობებზე რაც არსებობს და გაჩნდა ასოცირების ხელშეკრულების შემდეგ. ეს არის ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოყენება უნდა. მათში მოიაზრება როგორც ფინანსური ინსტრუმენტები მხარდამჭერი საერთაშორისო პროგრამებიდან, რომელიც მუნიციპალიტეტბმაც შეიძლება მიიღონ, ისე სხვადასხვა ერთობლივი სამუშაოები სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა.

ის რეფორმა, რომელიც საქართველოში ამჟამად მიმდინარეობს, რიგით მეხუთეა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. კარგი იქნება გავიხსენოთ ევროკავშირის ექსპერტთა საბჭოს ბრიტანეთის წარმომადგენლის სიტყვები, რომელიც საქართველოში ნამყოფი არ არის, მაგრამ მონიტორინგის სისტემაში მონაწილეობს. მან ხუმრობით თქვა: „ქართველები 25 წელია სამსართულიან სახლს აშენებთ, ამ წლების მანძილზე 4 აგური დადეთ, თქვენ თუ ასე გააგრძელეთ 3500 წლის შემდეგ ძალიან კარგი ქვეყანა გექნებათ”. ამით მიგვითითა იმაზე, რომ რაღაცეები კეთდება. ყველა ხელისუფლებას რაღაც ნაბიჯები აქვს გადადგმული და უსამართლობა იქნება ეს არ დავინახოთ. არის საზოგადოების, ადგილობრივი ჯგუფების, ბიზნესის ინტერესები, ეს ყველაფერი ნორმალური პროცესია, მაგრამ ჯობია იყოს ერთიანი ჩამოყალიბებული სტრატეგია და ეს არის ის სფერო, სადაც ქართველები წინ ვერ ვართ.

კოდექსის რამდენიმე ძირითად პოსტულატზე მინდა ყურადღება გავამახვილო. ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი, რომელიც პირველად დადგა 2006 წლის შემდგომ, როცა სოფლებში გაუქმდა თვითმმართველობები, დაბებში და ქალაქებში, ამან რესურსების მობილიზაციის საშუალება მისცა რაიონულ დონეს, სადაც ავიდა თვითმმართველობა, მაგრამ მოსახლეობასთან დაშორება გამოიწვია. იქ სადაც ხდება დიდი ჯგუფების ინტერესების დაცვა, პატარა ჯგუფები რჩება ყურადღების მიღმა და პირიქით. ამაში მიზანმიმართულად ვინმეს ბრალი არ არის, ყველას აქვს ინტერესი, რომ თავის სოფელში/ქალაქში გააკეთოს რაღაც, მაგრამ ფინანსები არასდროს არის საკმარისი, ამიტომ ტერიტორიული ოპტიმიზაციის საკითხი რაც დაიწყო 7 თვითმმართველი ქალაქის გამოყოფით, გრძელდება. სახელმწიფო კომისია ამაზე მუშაობს და ინიციატივები არის. აქ არამარტო ქალაქების თვითმმართველობის სტატუსზეა საუბარი, არამედ მსგავსი ტიპის ჰომოგენური მუნიციპალიტეტების ჩამოყალიბებაზე. შეიძლება რაღაც სახის მუნიციპალიტეტბში რაღაც ნაწილი ცალკე ჩამოყალიბდეს, ამის უფლება კანონმდებლობით არის.

სტრუქტურასთან დაკავშირებით სიახლე იყო პირდაპირი არჩევის წესი, ამასთან დაკავშირებითაც არის სხვადასხვა დამოკიდებულება, სწორია თუ არასწორია, იურიდიულად გამართლებულია თუ არა? ევროპის მაგალითებიდან ზოგ ქვეყანაში არის ერთი, ზოგში მეორე და არცერთი არ არის არადემოკრატიული. მერი და გამგებელი შეიძლება იყოს პირდაპირ არჩეული, შეიძლება იყოს საკრებულოს მიერ არჩეული, შეიძლება იყოს მოწვეული მენეჯერი. აქ ქარტია მხოლოდ ცნობს 3 პრინციპს, რასაც თვითმმართველობა ითვალისწინებს: 1) უნდა არსებობდეს, როგორც საკუთარი იურიდული პირი თავისი ტერიტორიით; 2) აუცილებლად უნდა ჰყავდეს წარმომადგენლობით არჩეული ორგანო; 3) აუცილებლად უნდა ჰქონდეს საკუთარი შემოსავლები (არა ტრანსფერები) და ბიუჯეტი, სადაც პილიტიკას განსაზღვრავს თვითონ.
ფინანსებთან დაკავშირებით ვიცით, რომ დიდი ომი იყო ხელისუფლების ორ ბანაკს შორის, ერთს წარმოადგენდა ფინანსთა სამინისტრო და მეორეს ინსფრასტრუქტურის სამინისტრო. ამ დაპირისპირებაში მოხდა საშემოსავლოს ნაწილის დატოვება. უფლებამოსილებების გაზრდის მიმართულებით გამიჯვნა ქონებისა და უფლებამოსილებისა კულტურის სფეროში. არის საუბარი, რომ სკოლების მმართველობა გადაეცეს თვითმმართველობებს, ფინანსებიც უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს, იმიტომ რომ მან უკეთ იცის რა არის ადგილზე განსახორციელებელი. ეს არის გეგმა ყოველ შემთხვევაში.

თქვენთვის მშვენივრად არის ცნობილი, რომ 1% სავალდებულოდ ჩაიდო მოხელეთა უნარების გაზრდაში და ამას გარდა დონორი საერთაშორისო ორგანიზაციები მზადყოფნას გამოთქვამენ თუ სურვილი იქნა, რომ თანადაფინანსებაც იყოს მოხელეთა კვალიფიკაციის გაზრდისა, იმიტომ, რომ კვალიფიციური კადრების სიმცირეა. ჭირს კარგი ფინანსისტის, იურისტის გაჩერება ადგილზე, როცა ბევრად მეტს უხდიან ბიზნეს სექტორში.

ორი რამ ჯერ კიდევ მისაღწევია: 1) მოსახლეობის კმაყოფილების ხარისხი, რამდენად არის ის ჩართული ამ საქმეში და რამდენად დაცულია მისი ინტერესი; 2) სერვისების საკითხი, სადაც პირველ ადგილს იკავებს საგზაო ინფრასტრუქტურა – სოფლებში განსაკუთრებით, წყალმომარაგების, სასმელი და სარწყავი წყლის სტრუქტურა, შემდგომ მოდის მყარი ნარჩენების გატანა, საბავშვო ბაღების დაფინანსების პროგრამა, რომელიც ასევე დასარეგულირებელია.

დასასრულს ერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოს გაუხსნა რამდენიმე დამატებითი ინსტრუმენტი, მაგალითისთვის ერთ-ერთი რომელზეც მე ამჟამად ვმუშაობ, ეს არის ინტერმუნიციპალური თანამშრომლობის პროგრამა. ვერც ერთი მუნიციპალიტეტი, მარტო აღებული, რაც არ უნდა ტრანსფერი მისცე ვერ მოახერხებს მთლიანად პრობლემების გადაჭრას. საქართველომ მიიღო საშუალება, რომ კონკურსებში მონაწილეობდეს. ადრე ამის შანსი არ ჰქონდა რადგან ასოცირებულიც არ იყო. როცა ევროკავშირის წევრი გავხდებით მაშინ უფრო მეტი შანსი იქნება. მე შემიძლია შევადარო ეს პოლონეთს, როგორც კი მან ხელი მოაწერა ასოცირებას, დაიწყო ამ პროგრამებზე მუშაობა. ბუნებრივია არის პრიორიტეტების პრობლემა. შემოდიან ენერგოეფექტურობის ფონდები, ოღონდ არა ისე, რომ ფულს თვითნ მისცემენ, არამედ ქართულმა მხარემ, მუნიციპალიტეტებმა უნდა წარადგინონ პროექტები და იმ კვოტების ფარგლებში, რაც გვაქვს და ეს მცირე არ არის თუ გამოვიყენებთ. რამდენიმე ასეულ მილიონ ევროზეა საუბარი ყოველწლიურად მარტო მუნიციპალიტეტებზე. პოლონეთში 2007-2013 წლებში გრანტების სახით მხოლოდ თვითმმართველობებმა სხვა პროგრამები რომ არ ჩავთვალოთ, მიიღო 80 მილიარდ ევროზე მეტი. ოღონდ განსხვავებით ზოგიერთი ქვეყნისგან ჯიბეში კი არ წაიღეს ეს ფული, განავითარეს ინფრასტრუქტურა, საკუთარი ბიზნესები, შევიდნენ გერმანიის, საფრანგეთის ბაზრებზე.

დღეს საქართველოსთვის 3000-მდე ჩამონათვალი არის ღია შესასვლელად, თუ იქნება ხარისხი შესაბამისი. როგორ იქნება ეს, არის ქვეყნის გადასაწყვეტი, მოახდეს ამის ორგანიზებას, თუ ვერ მოახდენს. მე იმედი მაქვს რომ მაღალმთიანი აჭარა იქნება ერთ-ერთი მოწინავე ამ პროგრამებში, ოღონდ ეს უნდა იყოს მუნიციპალიტეტების ხედვა. მთავარი არის პრიორიტეტების განსაზღვრა.

ჯუმბერ დემეტრაძე: ხულოს საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“:
სახელმწიფო ქვეყნის განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მაგალითად, ავიღოთ თუნდაც მაღალმთიანი დასახლების მდგომარეობიდან გამომდინარე ის კანონმდებლობა, რომელიც ახლა იქნა მიღებული. ის რომ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების კუთხით დღეს მუნიციპალიტეტებს ზოგადად გაეხსნათ ხელ-ფეხი იმ შეღავათებით, რომელიც არის გაწერილი, ამას ყველა ვემხრობით და ვაღიარებთ. თუნდაც მასწავლებელების სახელფასო წახალისებები, რომელიც სექტემბრიდან იწყება, თუნდაც პირველ, მეორე და მესამე შვილზე გამოყოფილი დახმარებები; ის რომ მესამე შვილის გაჩენაზე მაღალმთიანი სოფლის მაცხოვრებელ გაჭირვებულ ოჯახს 2 წლის განმავლობაში დაენიშნება 200 ლარი ყოველთვიური ხელფასის სახით – ეს არის ძალიან დიდი შეღავათი. გარდა ამისა ზოგადად ქვეყანა მომართულია იქითკენ, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ყველა სფერო რომელსაც ზოგადად განვითარების რესურსი აქვს ქვეყანაში.

არ შეიძლება არ აღინიშნოს ის პროგრამები, რომლებიც ახლა დაიწყო მცირე მეწარმეების ხელშეწყობის, საერთოდ ბიზესის წამოწყების. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების მთავარ პრობლემას ეს ძირითადად არის გზა, ინფრასტრუქტურა, სხვა შემდგომი სისტემების მოწესრიგება, თუნდაც კანალიზაცია.

შევეცდები მოკლედ ჩამოვთვალო რაც გაკეთდა ხულოს მუნიციპალიტეტში 2016 წელს, რადგან ანალიზი გარკვეული სახით საჭიროა. დაიგო 9 კმ ასფალტი, სადაც დახარჯულია 2 850 000 ლარი, ასევე შიდა გზებზე ბეტონი – 7,5 კმ, სადაც დახარჯულია დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი. ჩვენი მუნიციპალიტეტი ზოგადად მოიცავს 700კმ გზას, ეს არის სოფლის ცენტრებთან მიმავალი და ასევე მთებში გადასაადგილებელი გზები. რაც შეეხება სოფლის მეურნეობის კუთხით დასახულ პროგრამებს, ხულოს მუნიციპალიტეტს განსაკუთრებული პრივილეგია აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მეურნეობის განვითარების თვალსაზრისით ერთ-ერთი პერსპექტივა არის ამ მუნიციპალიტეტში. აქ ვგულისხმობ მესაქონლეობას და მეურნეობის სხვა დარგებს. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკიდან მუნიციპალიტეტში არის გადმოცემული ე.წ სათიბი და სახნავი მექანიზმები 300 ერთეული, რძის გადამამუშავებელი მანქანები 800 ერთეული, 45 სული რქოსანი პირუტყვი მომრავლების კუთხით.

ახალი მეურნეობის დანერგვა მუნიციპალიტეტში, ეს არის თხილის, კაკლის და მოცვის მეურნეობის განვითარება. ამჟამად განვითარებულია 25 ჰექტარი თხილის მეურნეობა, 16 ჰექტარი კაკლის, 1 ჰექტარი მოცვის მეურნეობა, რომელიც პროგრამის ფარგლებში დაიწყო და რა თქმა უნდა კარგი შედეგი აქვს მას. გარდა ამისა რას აკეთებს მუნიციპალიტეტი? საბედნიეროდ გაგვეზარდა ადგილობრივი შემოსავლები რაღაც დონით. მანამდე იყო მინიმალურ დონეზე, დაახლოებით ბიუჯეტის 3-5%, დღეს ფაქტობრივად ჩვენი ბიუჯეტის ⅓-ს წარმოადგენს ადგილობრივი შემოსავლები. ეს გვაძლევს საშაულებას, რომ ხულოს მუნიციპალიტეტმა დანერგოს ჩამოაყალიბოს და განავითაროს ის მიმართულებები, რომლებიც ყველაზე მეტად ტკივა ადგილობრივ მოსახლეობას.

ასლან ჭანიძე – „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“: ეს ზრდა ხომ ხულოს მუნიციპალიტეტში ჰესების მშენებლობით არის გამოწვეული, თუ ბიზნეს სექტორის განვითარებით?

ჯუმბერ დემეტრაძე: ძირითადი ნაწილი არის ჰესების მშენებლობის პროცესიდან გამომდინარე და საკმაო მოცულობის ნაწილი ადგილობრივი ბიზნესის განვითარების კუთხით.

მოვიყვან მარტივ მაგალითს: ის რომ ხულოს მუნიციპალიტეტში რამოდენიმე წლის წინ არ მოედინებოდა წყალი, არ შეიძლებოდა რაიმე სახის მარტივი ობიექტი აშენებულიყო. დღეს წყლის სისტემა თავიდან ბოლომდე მოგვარებულია, ბოლო 2 წლის განმავლობაში გაკეთდა 5-6 ავტომობილის სამრეცხაო, რაც თავის მხრივ აისახა მოსახლეობაზე. გარდა ამისა ინფრასტრუქტურული ობიექტების მიმართ მაქსიმალურად ცდილობს მუნიციპალიტეტი ჩამოაყალიბოს ის რესურსი, რომელიც პერსპექტივაში მოგვცემს დოვლათს. ასევე უნდა ითქვას, რომ მთავარი პრიორიტეტი არის განათლება, კულტურა, სპორტი.

სპორტის მიმართულებით რა წარმატებაც აქვს ეს ყველამ იცის – ბრინჯაოს მედლის მფლობელი გვყავს უკვე ოლიმპიადაზე. ამას გარდა სკოლამდელი აღზრდის 11 ახალი ობიექტი გვაქვს ბოლო 2 წლის განმავლობაში. რაც საფუძველს გვაძლევს იმისა, რომ ხვალ და ზეგ ძალიან წარმატებული თაობა და საზოგადოება მივიღოთ. მუნიციპალიტეტში რომ ყველაფერი არ ყვავის ეს ფაქტია, გვაქვს 12 მუნიციპალური პროგრამა, რომელიც ელემენტარულად ამოსუნთქვის საშუალებას შეიძლება აძლევდეს გაჭირვებულ მოსახლეობას. აქამდე იყო და დღესაც არის უსახლკარობის პრობლემა და ესეც ფაქტია. ამიტომ მუნიციპალიტეტმა შემოიღო პროგრამა რომელიც უსახლკარო ოჯახს საშუალებას აძლევს მინიმალური თავშესაფარი მიიღოს.

კახა დეკანაძე: ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე: ყურადღება მინდა გავამახვილო ხულოს განვითარებაზე, რისი გაკეთება შეიძლება და რა შეცდომებია დაშვებული. 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაკეთებული 9 კილომეტრიანი ასფალტირებული გზა არაფერს ნიშნავს. გოდერძის უღელტეხილი ძალიან სწორი პროექტი იყო რომელიც წინა ხელისუფლებამ დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, 75 ათასი ლარის ღირებულების ტურნიკეტები ამ ხელისუფლებამ მოხსნა გოდერძის უღელტეხილზე და ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაში გადაიტანა. 325 ათასი ლარი გამოიყო სანიაღვრე არხების მოწესრიგებისთვის, მხარი დავუჭირეთ ამ პროექტის შესრულებას მაგრამ ვერ განახორციელეს. კურორტ ბეშუმში ავაშენეთ ამბულატორია, რომელიც დამსვენებლებს მოემსახურებოდა. წელსაც და გასულ წელსაც სასწრაფო ადის ყოველდღიურად და დღეში 30 ლიტრი საწვავი არამიზნობრივად იხარჯება. რაც შეეხება ბაღებს არც ერთი ბაღი გამართული არ არის. რაიონში ნეპოტიზმია, როგორც სოფლის რწმუნებულები, ასევე საარჩევნო კომისიის წევრები ამ კუთხით შეირჩნენ. გამგებელსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შორის არის დაპირისპირება და მათი ეს უთანხმოება გადადის ხალხის უპატივცემულობაში. დღეს ხელისუფლებას არ აქვს მყარი პოზიცია, ვერ ჩამოყალიბდნენ რუსეთის მიმართულებით არიან თუ პროდასავლურები, ორი თამაშით ხალხი არის ცოდვა. ხულოში 2500 ოჯახი იღებდა სოციალურ დახმარებას დღეს 1300 ოჯახი იღებს, ოჯახების უმრავლესობას დაუმსახურებლად შეუჩერეს დახმარება. გამგებელს ვთხოვეთ ინფორმაცია სოფლის მეურნეობის კუთხით რამდენმა ოჯახმა მიიღო სახნავი ვაუჩერები, გამგებელმა კი გადაგვამისამართა საკონსულტაციო ცენტრში, ცენტრმა მოგვწერა რომ ამ ინფორმაციის გაცემაზე პასუხსმგებელი გამგეობა იყო.

გამგებელს ასევე ვთხოვეთ ინფორმაცია მოეწოდებინა ხულოში არსებულ სათვალთვალო აპარატებზე და ვკითხეთ თუ რა მიზანს ემსახურებოდა ის. გვიპასუხა, რომ ვიდეოკონტროლი მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით სჭირდებათ და მართვის სისტემა მის კაბინეტშია. გამგებელს არ უნდა ქონდეს იმის დრო დაჯდეს კაბინეტში, საჯარო მოხელეებს და მოქალაქეებს დააკვირდეს, ამისთვის დაცვა არსებობს. რაც შეეხება სამივლინებო ხარჯებს, 325 დღე გამგებლის მძღოლი მივლინებით იმყოფებოდა. ეს ინფორმაცია გემგებელმა მოგვაწოდა.
ოთარ ცეცხლაძე – პარტია „თავისუფალი დემოკრატები“: წინა და მიმდინარე წლის პრიორიტეტებში დიდი განსხვავება არ არის და თითქმის ერთი და იგივეა. წელს 2 მილიონ ნახევარზე მეტი გათვლილია წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაზე. ბოლო 10 წლის განმავლობაში, დაახლოებით 5 მილიონამდე თანხაა დახარჯული, მაგრამ შორს რომ არ წავიდეთ, გამგეობის შენობაში მესამე სართულზე რომ ამობრძანდეთ, წყალს ვერ ნახავთ. რაც შეეხება ბიუჯეტის დაგეგმვას, წელს თითქმის 14 მილიონამდეა ბიუჯეტი, როდესაც 2004 წლის ხულოს რაიონის ბიუჯეტი 650 000 ლარი იყო. მე ვთლი, რომ ის პროპორციულად კარგად ვერ ნაწილდება, არაფერია ისეთი რაც დაკავშირებული იქნება ადგილობრივი შემოსავლების ზრდასთან. ამ წლის ზრდა ჩვენგან აბსოლუტურად დამოუკიდებლად მოხდა – ჰესების მშენებლობამ გამოიწვია ქონების გადასახადის შემოსვლა ჩვენს ბიუჯეტში და ეს ძალიან კარგია. თუმცა, ამით არ უნდა ვიყოთ კმაყოფილი იმიტომ, რომ დაახლოებით ერთ წელში დამთავრდება ჰესების მშენებლობა და შემოსავალი მოიკლებს. დასაქმებული ადამიანების რაოდენობაც მკვეთრად შემცირდება. ჩვენ გვაქვს სპეციალური დეპარტამენტი, რომელიც საავტომობილო გზებსა და მელიორაციას ემსახურება, მე ბოლო 3-4 წლის განმავლობაში მათი გაკეთებული არხი არ მინახავს.

ჩვენთან არ არის ისეთი ადგილობრივი რესურსი, რომ რაიონი განვითარდეს. ჩეხავენ ხეებს და გააქვთ თურქეთში, აქ რომ არსებობდეს ავეჯის გადამამუშავებელი საამქრო, ეს ბევრად მეტ შემოსავალს მოიტანს. ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა რაიონი – წყალდიდობები, როდის სად მოხდება მეწყერი არავინ იცის, არ არის მიწისქვეშა ნაგებობები, სათანადო არხები, რომ ეს წყალი სადღაც წავიდეს, მიდის ყანაში, ეზოში და წარმოიქმნება მეწყერი. მაგალითად ვაშლოვანი, თხილნარა, ღორჯომის ცენტრის მიმდებარე ტერიტორია, ეკოლოგიური უსაფრთხოების მიზნით ერთი თეთრი არ არის ჩადებული 2017 წლის ბიუჯეტის პროექტში. ერთადერთი რაც ამუშავდა ბოლო წლების განმავლობაში ეს არის დიოკნისის რძის გადამამუშავებელი ქარხანა.

იმ სერვისების სამსახურებში, რომლებიც ისევ მთავრობის ა(ა)იპ-ია, ძალიან ბევრი ცოდვა ტრიალებს – ნეპოტიზმი, კორუფცია. ფერმერმა, რომელსაც 2 ძროხა ყავს, მიიღო 2 სეპარატორი, შეგვიძლია მივიდეთ და შევამოწმოთ. ფერმერს კი, რომელსაც 12 ძროხა ყავს, იმას არ აქვს, იმიტომ რომ იმ 2 -ძროხიანმა დაწერა 18 მყავსო, არავის შეუმოწმებია ეს. ზოგიერთი პროექტის მიმართ არის დიდი კითხვის ნიშნები, პირველი პირები ვალდებული არიან მეტი კონტროლი დააწესონ. ვისურვებდი რომ 2017 წლის პრიორიტეტებში იყოს რაიონში პანსიონის არსებობა, ამაში ვგულისხმობ იმას, რომ ცენტრში იქნება ერთი საცხოვრებელი სადაც იქნებიან მოჭიდავე, მოცეკვავე, მუსიკის ნიჭით გამორჩეული ბავშვები. იმიტომ, რომ 84 სოფელში მუსიკალურ სასწავლებელს ვერ გააკეთებ, იქ ყველგან არ იქნება ჭიდაობის მწვრთნელი, არადა ჩვენ ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვყავს.

ჯუმბერ დემეტრაძე: საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება“: ბატონო ოთარ მე გეთანხმებით რომ დღეს მუნიციპალიტეტში ძალიან გვიჭირს სანიაღვრე არხების და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის მხრივ, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ 2014-2015 წლებში დავიწყეთ ამ სისტემის შექმნა და ჩვენი ბიუჯეტი არ იძლევა საშუალებას, რომ ეს პრობლემა 1-2 წელში თავიდან ბოლომდე იქნას მოგვარებული. რაც შეეხება სამასალე ხე-ტყის განაწილების პრობლემას, კომისია მიდის ადგილობრივი ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელთან ერთად, ამოწმებს ობიექტს და ამის მიხედვით გამოუყოფს მასალას. რაც შეეხება წყალს, 5 მილიონი არ დახარჯულა, 1 700 000 დაიხარჯა, ეს მხოლოდ დაბის, ცენტრის მომარაგებაზე იყო გათვლილი. ამავე დროს გარკვეული მიზეზების გამო თავი იჩინა წყლის პრობლემამ დაბის მიმდებარე ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. მერე წყლის დებეტის გადანაწილება მოუხდა მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ ლოკალურად მომხდარიყო ამ პრობლემის მოგვარება. აქედან გამომდინარე კვლავ განიცდის ხულოს მუნიციპალიტეტი ამ პრობლემას. მომავალშიც დაიხარჯება იმიტომ რომ არა მხოლოდ ცენტრი იქნას დაკმაყოფილებული არამედ მთლიანად მუნიციპალიტეტი.

რაც შეეხება კომისიებს ბატონო კახა, კომისია კომპლექტება პარტიების წარმომადგენლებით და კონკურსით. ეს კონკურსი ვინ ჩააბარა ეს სხვა საქმეა. სოციალური დახმარება კი არ შემცირდა, ამ სააგენტოს აქვს თავისი მიმართულება, რომელიც გარკვეული პერიოდის მერე უნდა გადამოწმდეს, შეუწყდა გარკვეულ ოჯახს რამდენიმე პერიოდით.

ბადრი გორგაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხულოს საკრებულოს წევრი: რომელ განვითარებაზე ვსაუბრობთ ხულოს რაიონში… რქოსანი პირუტყვი შემოიყვანეს და გადასცეს მამიდაშვილებს, ბიძაშვილებს და ა.შ. ჩვენ არ გვისაუბრია განათლების სისტემაზე, თქვენ აღნიშნეთ, რომ ბევრი ვერ წერს გრანტს, ვერც დაწერს, თუ განათლება არ არის მაღალ დონეზე. კარგია რომ ბაგა-ბაღები შენდება, მაგრამ ეს პროექტი ძალიან უხარისხოდ გრძელდება. ჩვენი რაიონისთვის უკეთესი იქნება თუ გრანტები წამოვა განათლების სფეროში. უცხო ენებში გვაქვს ძალიან დიდი პრობლემა, არ გვყავს სპეციალისტები. მოსწავლე ან ვერ ამთავრებს სკოლას, ან ატესტატს ვერ იღებს, ან გადის საზღვარგარეთ სამუშაოდ, ზოგი ადგილზე ეგუება მდგომარეობას. ჩვენ გვაქვს ახალგაზრდული ცენტრი ხულოში, მაგრამ ის მეტწილად არის პოლიტიკური ნაწილი, სოფლების ახალგაზრდობასთან არ აქვს ურთიერთობა. ჩვენ გვყავს ეკომიგრანტებიც, რომლებზეც არსად არის თანხა გამოყოფილი.

მურად გორგაძე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი: 2012 წელს ჩვენ სხალთაში ავაშენეთ 7 ბინა, წინა ხელისუფლებაზე მაქვს საუბარი. ამ ხელისუფლებამ კი არ მისცა გაჭირვებულ ოჯახებს ნებართვა, რომ იქ შესახლებულიყვნენ. შუახევში აშენდა საავადმყოფო მაგრამ ექიმები არ არიან, შარშან ხულოს საავადმყოფოც იხურებოდა. უნდა შევიმუშავოთ მექანიზმი რომ ექიმებს ხელფასები გავუზარდოთ, რომ მაღამლთიან რეგიონში მოსახლეობას მოემსახურონ.

დავით ლოსაბერიძე: პრობლემა არის საინფორმაციო ბაზების არარსებობა, ბოლო სრული აღწერა ქვეყანაში და ქონების სრული ინვენტარიზაცია განხორციელდა კომუნისტების მმართველობის დროს. იმის მერე აღარ ჩატრებულა. ეს გასაკეთებელია, 7000-მდე კულტურული ძეგლი არის აღრიცხული სახელმწიფოს მიერ და ამის ⅔ არის კიდევ აღურიცხავი. საქართველო მეორე ადგილზეა ევროპაში ისტორიული ძეგლების სიმჭიდროვით, ამათგან უვლის მხოლოდ 24 ძეგლს. ბუნებრივია, დგება საკითხი ვინ უნდა მიხედოს ამ ყველაფერს?

არსებობს ორი მოსაზრება: ადგილზე ჩვენ რომ მივცეთ ძალაუფლება, დაიწყება ნეპოტიზმი, კორუფცია, “არ ჰყოფნით კომპეტენცია” – ეს არის ერთი ხედვა, რომ ადგილზე არაფერი უნდა იმართოს და მას ყველა ხელისუფლებაში ყავს მომხრეები. მეორე ხედვა არის ის, რომ ადგილზე უნდა გადაეცეს ძალაუფლება, მაგრამ როგორ უნდა დაიძლიოს ის კორუფციის საფრთხეები, ნეპოტიზმის მომენტები? თუ ცენტრი გააკონტროლებს, მაშინ არის პოლიტიკური კონტროლის საფრთხე. ეს პრობლემა არის აღმოსაველთ ევროპაშიც.

დისკუსია -"ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“

დისკუსია -"ხულოს მუნიციპალიტეტის 2017 წლის პრიორიტეტები“