პროფესიული განათლება

25 დეკემბერს, 19:00 საათზე, გადაცემა „ჰეშთეგის“  პირდაპირ ეთერში გავიდა ხატია სიხარულიძის მიერ მომზადებული სიუჟეტი თემაზე: „პროფესიული განათლების მნიშვნელობა“.

პროფესიულ განათლებას საქართველოში დიდი ტრადიცია აქვს. არაერთი ხელობა, რომელიც დღეს პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლება, საქართველოს შორეული წარსულიდან იღებს სათავეს. მაგალითად, მევენახე-მეღვინე, კალატოზი, მებათქაშე, მღებავი, ზეინკალი, მძერწავი, თექის ხელოსანი, მემინანქრე, მშენებლობის მწარმოებელი, ფარმაცევტის თანაშემწე და ა.შ.

პროფესიული განათლება არის უმოკლესი გზა დასაქმებისკენ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს კვალიფიციური კადრების გაზრდას, ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. გარდა ამისა, შრომის ბაზარზეც მოთხოვნადია ზემოაღნიშნული პროფესიები. მაგალითად, ძალიან მაღალია მოთხოვნა მებათქაშეებზე, მაგრამ ამ პროფესიის შესწავლა ძალიან ცოტას უნდა. აქაც მენტალობის პრობლემამდე მივდივართ. საზოგადოებას ბოლომდე არ აქვს გაცნობიერებული ის სიკეთეები და უპირატესობები, რასაც პროფესიული განათლება სთავაზობს ახალგაზრდებს. დღეს გვყავს ძალიან ბევრი უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქე, რომლებსაც რეალურად პროფესია არ აქვთ, შესაბამისად, შრომის ბაზარზე ვერ საქმდებიან. საზოგადოებამ უნდა გაიაზროს, რომ მთავარია, ღირსეულად დასაქმდე და შენი საქმის პროფესიონალი იყო, ამის მისაღწევად კი ერთადერთი გზა უმაღლესი განათლება არ არის.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2016 წლის მდგომარეობით, პროფესიული საგანმანათლებლო ქსელი საქართველოში აერთიანებს 126 საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელთა შორისაა: 88 პროფესიული კოლეჯი – 20 საჯარო და 68 კერძო.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2014 წელს საჯარო პროფესიულ კოლეჯებში 9603 სტუდენტი ჩაირიცხა. 2015 წელს – 10405, 2016 წელს პირველი ჩარიცხვის მიხედვით – 3595 სტუდენტი.

რაც შეეხება სტუდენტების განაწილებას ასაკის მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი 19-23 ასაკობრივ კატეგორიაშია.

სიუჟეტში გაეცნობით აჭარაში არსებულ შემდეგ პროფესიულ სასწავლებლებს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში არსებული პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრი, საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“, პროფესიული კოლეჯი „ბლექსი“, ბათუმის სამედიცინო აკადემია, ბათუმის დამოუკიდებელი უნივერსიტეტი. აღნიშნული სასწავლებლების წარმომადგენლები ისაუბრებენ პროფესიული განათლების მნიშვნელობაზე და იმ პროგრამებსა და მიმართულებებზე, რასაც ახალგაზრდებს სთავაზობენ. ასევე, იხილავთ პროფესიული განათლების სტუდენტებს, რომლებიც თავიანთი სასწავლებლის სიკეთეებსა და ამ არჩევანის გაკეთების მიზეზებზე საუბრობენ.

იხილავთ ქუჩის გამოკითხვას, საიდანაც გამოიკვეთება საზოგადოების დამოკიდებულება პროფესიული განათლების მიღებასთან დაკავშირებით.

გადაცემა  მზადდება  პროექტის “სიტვის თავისუფლების მხარდაჭერა” ფარგლებში,   რომელსაც  ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”,  ამერიკული ფონდის “ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის” (NED)  დაფინანსებით.

თემის  სრული მიმოხილვა იხილეთ ქვევით მითითებულ ვიდეოში

[kad_youtube url=”https://youtu.be/_M9ll6TIlJQ” width=640 height=360 ]