სულხან-საბა და კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა

სულხან-საბა და კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა

posted in: ევროინტეგრაცია | სტატია წაკითხულია 34-ჯერ

ავტორი: სულხან სალაძე 

ეს რუკა – „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა“ – გასული წლის 17 თებერვალს, გერმანიაში, ბავარიის მხარის ერთ პატარა დასახლებაში მცხოვრები ანტიკვარიატით მოვაჭრისგან შევიძინე. რუკა საინტერესო ჩანდა, მასზე მოცემული იყო XVIII საუკუნის დასაწყისი, შავ და კასპიის ზღვებს შორის მოქცეული ქვეყნები. ბეჭდვის შემდეგ რუკაზე გავლებული ფერადი ხაზები, რუკის ზომა და, რაც მთავარია, რუკის ისტორია – სულხან-საბას და გიომ დელილის ურთიერთობა, რუკის მაღალ ფასს უკანა პლანზე სწევდა.

ერთი სიტყვით, რუკა იაფი არ იყო, მაგრამ საქმეში ჩახედული მეგობრის რჩევის შემდეგ, გადაწყვეტილება იოლად მივიღე. დღეს ამ რუკის ფასი სამჯერ უფრო ძვირია, ვიდრე ერთი წლის წინ.

გერმანული საფოსტო მომსახურების უმაღლეს ხარისხში დარწმუნებული მშვიდად ველოდებოდი რუკის საქართველოში ჩამოსვლას, მაგრამ გაურკვეველ მიზეზთა გამო, რუკამ დაიგვიანა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ის ახლა ჩემი სახლის სრულუფლებიანი წევრია.

მინდა ცოტა რამ თქვენც გაგიზიაროთ „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკის“ შესახებ. მაშ ასე:

XVIII საუკუნის დასაწყისში, სამეფო სამთავროებად დაშლილ საქართველოში, ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენა, 1713-1716 წლებში, სულხან-საბა ორბელიანის ელჩობა იყო ვატიკანსა და საფრანგეთში. ელჩობის მასალების თანახმად, სულხან-საბა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-თან შეხვედრების დროს, სხვა საკითხების პარალელურად, სპარსეთში, გილიანისა და შემახის მხარეებში აბრეშუმის წარმოებას და ვაჭრობას შეეხო. აქ მთავარი ის იყო, რომ საბას, აბრეშუმის წარმოება-ვაჭრობის საკითხი საქართველოზე გამავალი სატრანზიტო გზით საფრანგეთთან უნდა დაეკავშირებინა. ცხადია, სრული სურათის შესაქმნელად, შესაბამისი რუკა იქნებოდა საჭირო.

სულხან-საბა ორბელიანი

თემისადმი ფრანგების ინტერესს ისიც მოწმობს, რომ ისინი სულხან-საბამდეც ცდილობდნენ ისეთი რუკის შექმნას, რომელიც ზუსტად ასახავდა კასპიის ზღვის მეზობელ ქვეყნებს და მათ შორის საქართველოს. რუკა შესაძლებელს გახდიდა მაქსიმალურად ზუსტად წარმოედგინათ, თუ რამდენად რეალური შეიძლება ყოფილიყო სპარსეთის პროვინციებთან ვაჭრობა. ამ საქმეში სულხან-საბას უდავოდ მნიშვნელოვანი როლი შეიძლებოდა ეთამაშა.

არსებობს მოსაზრება, რომ 1723 წელს ცნობილი ფრანგი კარტოგრაფის გიომ დელილის მიერ გამოქვეყნებული, შესანიშნავი „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა“, სულხან-საბა ორბელიანის ხელნაწერ მოხსენებას ეფუძნება. ეს მოხსენება, რომელსაც სრულებით შესაძლოა რუკაც ერთვოდა თან, სამწუხაროდ, დღემდე ნაპოვნი არ არის. თუმცა, გიომ დელილის 1723 წლის რუკის ლეგენდაში ნამდვილად არის მინიშნება, რომ რუკა სულხან-საბას მოხსენებას ეფუძნება და ამის შესახებ რუკის მარჯვენა ზედა კუთხეშიც არის მინაწერი.

ამ რუკაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში, უცვლელად არის შემონახული და იკითხება წარწერა: „კასპიის ზღვის მიმდებარე მიწების რუკა. შედგენილი მეფისთვის ამ ზღვის რუკიდან, რომლის შესადგენად მეფის მითითებით იხელმძღვანელეს: სულხან-საბას, ქართველი თავადის ხელნაწერებით; სპარსეთის კარზე ელჩების, ბატონების გრუზიუსის, ზურაბეკისა და ფაბრიციუსის ჩანაწერებით და იმ განმარტებებით, რომლებიც მოცემულია ამ ქვეყნის მრავალი, საქმეში ჩახედული ადამიანის მიერ, გიომ დელილის, პირველი სამეფო გეოგრაფის, სამეფო მეცნიერებათა აკადემიის წევრის, ასტრონომიული დაკვირვებების გათვალისწინებით“.

წარწერა რუკაზე, სადაც მოხსენიებულია სულხან-საბა

სავარაუდოდ, სულხან-საბა ორბელიანს საფრანგეთის მეფის კარზე ყოფნისას უნდა გაეცნო გიომ დელილი, რომელიც იმ დროისთვის უკვე ცნობილი ასტრონომი, გეოგრაფი და კარტოგრაფი იყო. სულხან-საბას საფრანგეთში ჩასვლის დროს, დელილი სამეფო გეოგრაფის წოდებას ატარებდა. უფრო მეტიც, 1702 წლიდან პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრი იყო და არაერთი ცნობილი რუკა ჰქონდა შედგენილი.

გიომ დელილი

სწორედ გიომ დელილის უნდა ესარგებლა სულხან-საბა ორბელიანის ხელნაწერებით, რომლის წყალობითაც, მაშინდელმა ევროპამ, XVIII საუკუნის დასაწყისის კავკასიის ყველაზე ზუსტი რუკა ნახა. რუკის დეტალურობაზე ისიც მიუთითებს, რომ ეკლესიების, ციხესიმაგრეებისა და დასახლებების გარდა, რუკაზე ისეთი ობიექტები და ადგილებია აღნიშნული, როგორიცაა ხიდები და გზები. მარტო ქართლში, მტკვარზე სამი ასეთი აღნიშვნაა: გორთან, მცხეთაში და თბილისში. საგულისხმოა ისიც, რომ კავკასიის ნაწილში რუკის ტოპონიმიკა ქართულია. სათავადოებიდან კი რუკაზე მხოლოდ ერთი სათავადო – „საორბელა“ არის აღნიშნული ტანძიასთან ერთად. სავარაუდოდ, სულხან-საბას მეცადინეობით და მისი დიდი დამსახურებით.

გიომ დელილიის მიერ 1723 წელს, პარიზში გამოცემული „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა“

„კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა“ გიომ დელილიმ პირველად 1723 წელს გამოსცა პარიზში. მოგვიანებით რუკა არაერთხელ გამოიცა ევროპის ქალაქებში. მათ შორის, XVIII საუკუნის ოცდაათიან წლებში ამსტერდამში – „Covens & Mortier“-ის უდიდეს კარტოგრაფიის საგამომცემლო სახლში, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა იმდროინდელ ევროპაში.

არც თუ მცირე ხნის განმავლობაში, სულხან-საბას წერილობით მოხსენებაზე დაფუძნებული გიომ დელილის „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა“, უმნიშვნელოვანეს წყაროდ რჩებოდა კავკასიის და მისი მიმდებარე ქვეყნებით დაინტერესებული ევროპელებისთვის. რჩებოდა მანამ, სანამ ევროპელებმა გიომ დელილის ძმის, ჟოზეფ ნიკოლა დელილის მიერ, 1766 წელს გამოცემული ვახუშტი ბატონიშვილის საქართველოს რუკის ფრანგული ვერსია არ ნახეს.

თუმცა, ეს უკვე სხვა ამბავია.

გიომ დელილის მიერ 1723 წელს გამოცემული რუკა XVIII საუკუნის დასაწყისის საქართველოს ყველაზე ზუსტი აღწერაა

დელილის რუკაზე, ციხეების, ქალაქების და დასახლებების გარდა, დატანილია გზები და ხიდები

დელილის რუკაზე, ციხეების, ქალაქების და დასახლებების გარდა, დატანილია გზები და ხიდები

____________________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.