უსაფრთხო სკოლა – დისკუსია № 9 საჯარო სკოლაში

დისკუსია ბათუმის №9 საჯარო სკოლაში  თემაზე: უსაფრთხო სკოლა. დისკუსიის მიზანი იყო გვემსჯელა რამდენად არიან სკოლები მზად სხვადასხვა საგანგებო სიტუაციების დროს შესაბამისი რეაგირებისთვის.

ვისაუბრეთ:

– როგორ უნდა გამოიყურებოდეს უსაფრთხო სკოლა;

– რამდენად იციან ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის გამოყენება სკოლის პედაგოგებმა ან მოსწავლეებმა;

-რამდენად არიან ინფორმირებული როგორ უნდა მოიქცნენ საჭიროების შემთხვევაში;

– თეორიული და პრაქტიკული სწავლების როგორი დონეა?

– სიმულაციური ვარჯიშები თუ ტარდება? სისტემატიური ხასიათი რამდენად აქვს?

დისკუსიაში მონაწილეობდნენ: საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები. აგრეთვე „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ გადაცემა ჰეშთეგისა და ონლაინ-გამოცემა „ბათუმელების“ წარმომადგენლები.

გარდა ამისა შეხვედრაზე აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებმა – ფრიდონ ფარსენაძემ და მამუკა თურმანიძემ ისაუბრეს რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს საგანმანათლებლო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების დროს, მონაწილეებს მიაწოდეს საჭირო ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოიქცნენ სხვადასხვა სიტუაციებში და აგრეთვე გააცნეს ხანძარსაწინააღმდეგო მექანიზმები.

დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.

ბეჭდური ვერსია იხილეთ  ქვევით 👇

ლელა დუმბაძე,  „ბათუმელები“: ბუნებრივია, ჟურნალისტებსაც გვიწევს  საგანგებო სიტუაციების გაშუქება, გვაქვს გარკვეული ინსტრუქციები, როგორ უნდა ვიმუშაოთ ასეთ სიტუაციებში ისე, რომ არც საკუთარ თავს შევუქმნათ საფრთხე და არც გარშემომყოფებს.

შესაძლოა გაგვიგია, რომ მიწისძვრის დროს უნდა შევძვრეთ მაგიდის ქვეშ, ვიცით, რომ ხანძრის დროს ლიფტში არ უნდა შევიდეთ – ასეთი დეტალები არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ როცა  მოვხვდებით კონკრეტულ სიტუაციაში, იქ შეიძლება ან არ გაგვახსენდეს ეს ყველაფერი, ან დავიბნეთ. რამდენმა იცით თქვენი სკოლის საევაკუაციო გეგმა? ცეცხლმაქრის გამოყენება? კანონი ავალდებულებს  ყველა საჯარო დაწესებულებას, რომ ცეცხლმაქრები ჰქონდეს. ბევრგან მინახავს ცეცხლმაქრი დაკიდული, მაგრამ პრაქტიკულად მისი გამოყენება შეიძლება ბევრმა არ იცოდეს. ამიტომ მგონია, რომ არა მარტო თეორიული ცოდნის მიცემაა მნიშვნელოვანი ბავშვებისთვის, არამედ პრაქტიკულიც.  სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურა, როგორც სკოლების, ისე სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებების, ყოველთვის არ არის ისე კარგად მოწყობილი, რომ ადამიანებმა შეძლონ თავის დაღწევა უსაფრთხოდ.

მამუკა თურმანიძე, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: როდესაც ვატარებთ სიმულაციურ სწავლებას, სკოლას ვაძლევთ  სამოქმედო გეგმას, სადაც დეტალურად გაწერილია, ვინ რას  აკეთებს, პირველი ვინ რეკავს 112-შივინ აღებს სათადარიგო კიბის  უჯრედს, ამის შემდეგ როდესაც გადაწყვეტს სკოლის დირექცია ჩაატაროს სიმულაციური ვარჯიში, ჩვენ ვესწრებით და ვაკვირდებით.

თემურ ქოქოლაძე, მოსწავლე: ამ თემაზე  ინფორმაციის მიღება კიდევ საჭიროა. მე მქონდა შემთხვევა, ლამის  ზვავში მოვყევი. თხილამურებით ვსრიალებდი და მცირე ზვავი წამოვიდა, ვეცადე, რომ სასწრაფოდ  გავრიდებოდი იმ ადგილს. როდესაც ასეთ სიტუაციაში ხარ, ყველაფერი გახსენდება. მეორე შემთხვევა იყო როდესაც  მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი აფეთქდა. ამ დროს ცეცხლმაქრით სასწრაფოდ ჩავაქრეთ.

თაკო გადილია, მოსწავლე: სკოლა  გვაძლევს იმ დონის  განათლებას, რომ ვიცოდეთ როგორ  მოვიქცეთ მსგავს სიტუაციებში. პიროვნებაზეც არის დამოკიდებული, როდესაც  მოხდება ასეთ სიტუაციაში, რამდენად გაახსენდება როგორ უნდა მოიქცეს. თუ ემოციურია, შეიძლება დაიბნეს.

ივანე ბაკურაძე, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი:  დიდი გამოცდილება მაქვს ამ თემაზე მუშაობის. დავდივარ ზოგადსაგანმანათლებლო  სივრცეებში, უნივერსიტეტებში, საბავშვო ბაღებშიც ვამოწმებდით უსაფრთხოებას. სამწუხაროდ მედიის  ძალიან დიდი დანაშაული შეიძლება იყოს ის, რომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტრაგედია როცა ვიხილეთ, შემდეგ უფრო გააქტიურდა გაშუქება. უფრო მეტი ყურადღება მანამდე რომ დათმობოდა, შეიძლება უფრო მაღალი ცნობიერების დონე ყოფილიყო.  რაც შეეხება სახანძრო უსაფრთხოებას, მინდა გამოვყო სახანძრო სტენდი, სადაც არის ხელსაწყოები, ცეცხლმაქრები, რომლის გამოყენება უნდა მოხდეს იმ შემთხვევაში, თუ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოახერხებს სახანძრო სამსახური დროულად მოსვლას და მანიშნებლები, რომლებიც აუცილებლად უნდა  იყოს ფოსფორის, დაკვამლიანების ან სიბნელის შემთხვევაში, რომ გაყვეთ მათ და გახვიდეთ გარეთ. ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ტიპის ცეცხლის ერთი და იმავე ცეცხლმაქრით ჩაქრობა არ შეიძლება.

ფრიდონ ფარსენაძე, აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური:  ცეცხლმაქრი არის აგრეგატი, რომლითაც  უნდა ვებრძოლოთ ცეცხლის კერას და არაა იმისთვის, რომ  ვებრძოლოთ ხანძარს. ცეცხლის კერა შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ  ადგილას, სწრაფადაალებად ნივთიერებეზე. ცეცხლმაქრები იყოფა ძირითადად  სამ კლასად: მყარი ნივთიერების, თხევადი და სწრაფადაალებადი და შემდეგ  მოდის მაღალი ძაბვის საქრობი აგრეგატი. ჩვენს პირობებში ძირითადად გვხვდება ხელში დასაჭერი.  სამივე კლასს მიეკუთვნება ის, რომლის ქილასაც აწერია ABC. მასში ისეთი ნივთიერებაა, რომელიც მიეკუთვნება სამივე სახის  ცეცხლის ქრობას. მასში მოთავსებულია ფხვნილი, რომელიც შედგება ცარცისგან, ის ასევე შეიცავს მინარევებს და დაწნეხილ ჰაერს. ყველა ფხვნილის ცეცხლმაქრს გააჩნია მანომეტრი, მასში სამი უჯრაა. პირველი უჯრა  მიგვანიშნებს, რომ წნევა არ არის, მეორე უჯრა მეტყველებს გამართულ ცეცხლმაქრზე, მესამე უჯრა კი გვეუბნება, რომ გადამეტებული წნევაა. გარდა ამისა გვაქვს ნახშირორჟანგის გაზის ცეცხლმაქრი. ნახშირორჟანგს შეუძლია -60 გრადუსამდე  დაწიოს ტემპერატურა. ეს ცეცხლმაქრი ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ჩამქრალი ნივთების გასაგრილებლად. სკოლებში ძირითადად გვხდება ნახშირორჟანგისა და ფხვნილის ცეცხლმაქრები. მესამე კლასის ცეცხლმაქრი არის ქაფის, რომელიც ძირითადად ბენზინგასამართ სადგურებსა და  საწყობებში აქვთ. ის ეფექტურია ნებისმიერი სახის ცეცხლისთვის.

ელისო სურმანიძე, მოსწავლე: არიან ბავშვები,  ვისაც აქვთ გავლილი  მსგავსი კურსი, მაგრამ ისეთებიც არიან, რომლებიც  არც მსგავს შეხვედრებს ესწრებიან და მე ვფიქრობ, რომ სკოლაში  საჭიროა ასეთი შეხვედრები მასობრივად ჩატარდეს. პირველი, მეორე, მესამე კლასის  ბავშვებიც უნდა ერკვეოდნენ. შეიძლება სკოლაში გვასწავლიან, გვეუბნებიან რაღაცებს, მაგრამ როგორც  საჭიროა ისე არა.

მამუკა თურმანიძე: მთავარი არის  პრევენცია. ეს ნიშნავს  არ იყო გულგრილი ამა თუ იმ საკითხზე. როდესაც  დაინახავთ რომ სადარბაზოში არის გაზის სუნი, არ  უნდა ჩაიაროთ, უნდა დარეკოთ 112-ზე. უნდა გამოიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა.