დისკუსია №25 საჯარო სკოლაში

დისკუსია №25 საჯარო სკოლაში

posted in: დისკუსია | სტატია წაკითხულია 148-ჯერ

2019 წლის 8 თებერვალს, ბათუმის №25 საჯარო სკოლაში ,,თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის’’ ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე: ანტიდასავლური პროპაგანდა და დეზინფორმაცია. დისკუსიაზე ვიმსჯელეთ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, წყაროების გადამოწმების გზებზე, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ ყალბ ინფორმაციას.

„საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ გადაცემა ჰეშთეგისა და გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა მონაწილეებს აღნიშნულ საკითხებზე ინფორმაცია მიაწოდეს. შეხვედრა საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის გაიმართა.

შეხვედრის  ვიდეო ჩანაწერი  შეგიძლიათ  იხილოთ  ბმულზე

ბეჭდური ვერსია  იხილეთ  ბათუმელების ვებ-გევრდზე

ან გაეცანით  ქვევით

მარი ბოლქვაძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო: ძალიან საინტერესო თემაა დეზინფორმაცია, ჩემი მიზანია პატარ-პატარა ხრიკები გასწავლოთ, თუ როგორ გამოვიცნოთ ის.

ბოლო პერიოდში ყველაზე გავრცელებული იყო დეზინფორმაცია ლუგარის ლაბორატორიის შესახებ – თითქოს იქ ამუშავებენ წითელას, გრიპის ვირუსს და მიზანმიმართულად ავრცელებენ საზოგადოებაში. ამ ლაბორატორიაზე იწერებოდა რუსულ მედიაშიც. თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იყო მიზანმიმართული დეზინფორმაცია. Facebook-ზეც შეგხვდებოდათ უამრავი ჯგუფი, სადაც წერდნენ, რომ ვირუსების პერიოდში უნდა დალიო წყალბადის ზეჟანგი. თუმცა ექიმები ამას უარყოფდნენ და ამბობდნენ, რომ ვაქცინაცია არის ყველაზე კარგი გამოსავალი. მსგავს ჯგუფებს უნდა ერიდოთ, ყველაზე მეტად აქ ვრცელდება დეზინფორმაცია.

ჩვეულებრივი დეზინფორმაციისგან რომ განვასხვავოთ მიზანმიმართული დეზინფორმაცია, ამისთვის საჭიროა განათლება. საჭიროა მუშაობა იმაზე, თუ ვის ვენდოთ. ჟურნალისტებსაც გვიჭირს ამის განსხვავება… მთავარია, დავსვათ ბევრი კითხვა.

ძალიან მარტივია, ადამიანებმა დაიმახსოვრონ დეზინფორმაცია. ლუგარის ლაბორატორიის სიკეთეებზე დეზინფორმაციის გავრცელების შემდეგაც გამოქვეყნდა, თუმცა ეს არავის ახსოვს. ადამიანები უფრო მეტად იჯერებენ დეზინფორმაციას.

ჟურნალისტებმა – მარი ბოლქვაძემ და ჯაბა ანანიძემ საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს მოსწავლეებს

ჯაბა ანანიძე, batumelebi.ge: ერთია, მცდარი ინფორმაცია ინტერნეტში და მეორე მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომ შეიქმნას წარმოდგენები, თითქოს ევროპა არის ცუდი და რუსეთი არის კარგი. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ იმაზე, როგორ განვასხვავოთ მიზანმიმართული დეზინფორმაცია და მცდარი ინფორმაცია.

ერთ-ერთ საიტზე გამოქვეყნდა სტატია, თითქოს თბილისში არსებობს „ირანის ქუჩა“, თუმცა აღმოჩნდა, რომ ეს იყო ფოტომონტაჟი, სინამდვილეში მსგავსი ქუჩა არ არსებობს. როცა ერთხელ ვნახეთ, რომ საიტმა მსგავსი დეზინფორმაცია გაავრცელა, მის მიერ გავრცელებულ სხვა ამბებს უკვე ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ.

პირველი დეზინფორმაცია არის უფრო ეფექტური, ვიდრე შემდეგ დაწერილი სწორი ინფორმაცია. მაქვს რამდენიმე რჩევა: შეამოწმეთ წყაროს სანდოობა, გადაამოწმეთ ავტორის ვინაობა, გამოცემის საკონტაქტო ინფორმაცია. გადაამოწმეთ მასალაში მოწოდებული ციტატების სისწორე. თუკი, ვთქვათ, აჭარაში გავრცელდა რაღაც ინფორმაცია, ამას მარტო აჭარის ტელევიზია ვერ გააშუქებს, ამაზე დავწერთ ჩვენ – „ბათუმელები“ და ამაზე მხოლოდ ერთი მედია არ ისაუბრებს. შესაბამისად, რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი თუ მხოლოდ ერთ მედიას უწერია, უნდა დავიწყოთ ამ ამბის ძიება სხვა გამოცემებშიც.

ანა გორგოშაძე, მოსწავლე: განსაკუთრებული გამოხმაურება მოჰყვა გამოცდების გაუქმების შესახებ ინფორმაციას. თავდაპირველად არ დავიჯერე, ისეთი მედიასაშუალებები წერდნენ ამის შესახებ, არ იწვევდა ჩემში ნდობას.

დისკუსია ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში, რუსული პროპაგანდა

მარი ბოლქვაძე: ხშირად ე.წ. „მანდარინობის“ სეზონზეა ხოლმე მითქმა-მოთქმა, რომ თუ არა რუსეთი, სად უნდა გავიდეს მანდარინი. სინამდვილეში ყველაზე დიდი რაოდენობით  ქართული პროდუქტი – 70%-მდე, გადის ევროპის ბაზარზე.

ჯაბა ანანიძე: ბევრი ფაქტორია, თუ რატომ ვერ გადის ჯერჯერობით ქართული მანდარინი დიდი რაოდენობით ევროპაში. მაგალითად, ხარისხსა და სტანდარტს  უნდა აკმაყოფილებდეს, უნდა იყოს დიდი რაოდენობით მიწოდება, ამისთვის ქართველმა ფერმერებმა უნდა მოიძიონ პარტნიორები და გაერთიანდნენ.

დისკუსია ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში, რუსული პროპაგანდა

დეზინფორმაციის მიზანი არის სკანდალის შექმნა, რეიტინგის მოპოვება, ადამიანების შეცდომაში შეყვანა. მეორე ნაწილია, პოლიტიკური საკითხი. ხშირად, მედიით სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ცდილობენ ნდობის მოპოვებას, ისინი ხშირად ამბობენ, რომ ევროპული ღირებულებების ერთგულები არიან. მათგან ვიღაც პირდაპირ არ ამბობს, რომ რუსეთი არ უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი, მაგრამ ამბობს, რომ თურქეთი მტერია და ყველაზე დიდი საფრთხე საქართველოსთვის. ხშირად ამბობდნენ, რომ 2021 წელს ყარსის ხელშეკრულებით აჭარა მოექცევა თურქეთის ტერიტორიაზე. თუმცა, ეს ასე ნამდვილად არ არის.

დისკუსიის პროცესში ჟურნალისტების კითხვაზე რას გრძნობენ, როდესაც ხვდებიან, რომ დეზინფორმაცია დაიჯერეს, მოსწავლეებმა აღნიშნეს, რომ ნდობა ეკარგებათ მედიის მიმართ და ძალიან ბრაზდებიან საკუთარ თავზე.

დისკუსია ბათუმის 25-ე საჯარო სკოლაში, რუსული პროპაგანდა

ჯაბა ანანიძე: ინფორმაციაში იხარჯება ბევრი ფული. ხშირად გავლენიან მედიასაშუალებებს უხდიან დიდ თანხას პროპაგანდისთვის. რუსეთია ძალიან მსხვილი გადამხდელი, რომ შეიქმნას ყალბი ნიუსები. ბევრი აგრესიული ამბავია. ეს დასავლეთის მედიაშიც ხდება, თუმცა, იქ მეტია სიზუსტე, გადამოწმება. რთულია გამოცნობა, ამა თუ იმ მედიასაშუალების უკან ევროპული ღირებულებები დგას თუ ანტიდასავლური. ხშირად აშკარაა რუსეთის მიერ დაფინანსებული მედიასაშუალებების ნიუსები, თუმცა ასე ცალსახად შეფასებაც რთულია.

დისკუსიის ბოლოს საუბარი ასევე შეეხო გავრცელებულ წარმოდგენას,  თითქოს საქართველოში უძრავ ქონებას მასობრივად ყიდულობენ თურქეთის,  ირანისა და ერაყის მოქალაქეები. „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ წარმომადგენელმა და  დისკუსიის მოდერატორმა, ქეთი ადეიშვილმა, მოსწავლეებს ამ თემასთან დაკავშირებით მომზადებული კვლევა  გააცნო.

ქეთი ადეიშვილი: გამოქვეყნდა კვლევა,  რომელშიც ნათქვამია, რომ  უცხო ქვეყნის მოქალაქეებიდან თურქი, ერაყელი, ირანელი მოქალაქეების მხოლოდ 2% ყიდულობს უძრავ ქონებას. 53% არის რუსეთის მოქალაქე. აქვე მინდა გავამახვილო ყურადღება, რომ აჭარის ტელევიზია და „ბათუმელები“ ხშირად ამზადებს მასალებს  დეზინფორმაციისა და არსებული მითების შესახებ.

დისკუსიათა ციკლი „მედია და საზოგადოება“ იმართება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ფონდის „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED] დაფინანსებით.