სოხუმის ჩანახატი და The Illustrated London News

სოხუმის ჩანახატი და The Illustrated London News

posted in: ევროინტეგრაცია | სტატია წაკითხულია 199-ჯერ

1842 წლის 14 მაისს მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა ლონდონში. სწორედ იმ დღეს, მსოფლიოში პირველმა ილუსტრირებულმა ჟურნალმა The Illustrated London News იხილა მზის შუქი. ავტორი და გამომცემელი, ბრიტანელი ჟურნალისტი და პოლიტიკოსი,  ჰერბერტ ინგრამი იყო. გრავიურებით დატვირთული ჟურნალი, რომლის ფასი 6 პენსს შეადგენდა, 16 გვერდზე იყო გაწყობილი და კვირაში ერთხელ უნდა გამოსულიყო.

პირველი ნომერი 26 000-იანი ტირაჟით გაიყიდა. ამის მიუხედავად, მომდევნო ნომრების მიმართ საზოგადოებას იგივე ინტერესი არ გამოუჩენია, თუმცა ბერგმანი გამოცემაზე უარის თქმას არ აპირებდა. 1842 წლის მეორე ნახევარში საქმეები უკეთ წავიდა და სულ მალე ტირაჟმა 40 000-ს გადააჭარბა. წლის ბოლოს კი 60 000 ეგზემპლარს მიაღწია. ეს ციფრი წარმოუდგენლად დიდი იყო იმ დროისთვის.

ტირაჟის ზრდას არც მომდევნო წლებში უჩიოდა ვინმე, 1851 წლისათვის 130 000-ს გადააჭარბა, ერთი წლის შემდეგ 150 000-ს შეადგენდა უკვე. ხოლო ყირიმის ომის დროს, 1855 წლისთვის, ყველაზე მაღალი ტირაჟით გამოდიოდა და კვირაში 200 000 ეგზემპლარი იყიდებოდა.

განსხვავებით ჟურნალის გამოცემის პირველი წლებისგან, ყირიმის ომის დროს (1853-1856 წწ) The Illustrated London News აღარ იყო ერთადერთი ილუსტრირებული ჟურნალი. კონკურენტები უკვე მოიძებნებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ევროპის კონტინენტზეც. თუმცა ყირიმის ომის დროს ჟურნალს ერთი უპირატესობა მაინც ჰქონდა, ის როჯერ ფენტონი იყო,  ომის ფოტოგრაფის ერთ-ერთი პიონერი, ვინც ომის მიწურულს ფრონტის ხაზზე იღებდა ფოტოებს.

ცხადია, The Illustrated London News-ის, როგორც მსოფლიოში პირველი ილუსტრირებული ჟურნალის გამოცემა მნიშვნელოვანი მოვლენაა, მაგრამ ჩვენთვის სხვა რამით არის გამორჩეული ეს ჟურნალი. სწორედ The Illustrated London News არის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ილუსტრირებული ჟურნალი, სადაც 1855 წელს, ყირიმის ომის დროს, სოხუმის ერთ-ერთი პირველი გრაფიკული ჩანახატი დაიბეჭდა, წარწერით – SOUCHOUM-KALEH, FROM AN ORGINAL SKETCH (სოხუმ კალე, ორიგინალი ჩანახატიდან).

ჩანახატის მინაწერის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ სოხუმის ეს ჩანახატი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს იმდროინდელ რეალობასთან. ევროპულ პრესაში დაბეჭდილი სოხუმის ამაზე ძველი ჩანახატი ისევ ყირიმის ომს უკავშირდება და 1854 წლით თარიღდება, როდესაც ფრანგულ „L’ILUSTRATION JOURNAL UNIVERSEL“-ში გამოქვეყნდა. საერთოდაც უნდა ითქვას, რომ ყირიმის ომის დროინდელ ევროპულ ილუსტრირებულ პრესაში არაერთი ჩანახატია გამოქვეყნებული როგორც სოხუმის, ისე ბათუმის შესახებ.

სოხუმის მომცრო ზომის 9×29 მმ ჩანახატზე რთულია ზუსტად კონკრეტული შენობების იდენტიფიცირება, თუმცა ჩანახატის ცენტრში მაღალი მილის ფორმის ნაგებობაა, ირგვლივ სხვადასხვა დანიშნულების შენობებით. მარცხენა მხარეს სამხედრო ობიექტი უნდა იყოს, რომლის ერთ ნაწილში სავარაუდოდ დროშაა აღმართული. ჩანახატზე, მარცხნივ სანაპიროსთან ქედზე, ერთმანეთის მიყოლებით სამხედრო კარვები უნდა იყოს გაშლილი. ცნობილი ამბავია, რომ ყირიმის ომის დროს ოსმალების დესანტმა, ომარ ფაშას მეთაურობით, სოხუმი აიღო. უფრო მეტიც, ერთი ხანობა ოსმალური დესანტი სამეგრელოშიც კი შეიჭრა (არსებობს 1860 წელს ინგლისში გამოცემული წიგნი, სადაც შეტანილია გრავიურა – ომარ ფაშას მიერ მდინარე ენგურზე გადასვლა), თუმცა მათ ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა ეკატერინე დადიანის მეთაურობით.

ყირიმის ომის დროინდელ ბრიტანულ, ისევე როგორც ფრანგულ, ილუსტრირებულ ჟურნალებში სოხუმის, ბათუმის და რედუტ-კალეს (დღევანდელი ყულევის ტერიტორია) ჩანახატების გამოჩენა არ იყო უბრალო ცნობისმოყვარეობის ამბავი. ყირიმის ომი მაშინდელი ევროპის მთავარი პოლიტიკური თემა იყო და ევროპელებს აინტერესებდათ ყველა და ყველაფერი, რაც ომთან შეიძლებოდა ყოფილიყო დაკავშირებული. ბევრი მიზეზის გათვალისწინებით, ყირიმის ომში შავ ზღვაზე ბატონობის საკითხი ერთ-ერთი საკვანძო მოვლენა იყო. ამ მხრივ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე არსებულ ნავსადგურებს განსაკუთრებული ადგილი ეკავა. შესაბამისად, The Illustrated London News-ის ინტერესი სოხუმის მიმართ სრულიად ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენდა. მით უმეტეს, რომ XIX საუკუნის ოცდაათიანი წლების დასაწყისიდან სოხუმში საბაჟო მოქმედებდა, 1846 წლიდან ნავსადგურად იყო გამოცხადებული, ხოლო 1847 წლიდან ქალაქის სტატუსს ატარებდა უკვე.

1855 წელს, სოხუმის ერთ-ერთი პირველი ჩანახატის მსოფლიოს პირველ ილუსტრირებულ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, სოხუმის სხვადასხვა ჩანახატები არაერთხელ დაიბეჭდა The Illustrated London News-ის ფურცლებზე. ოფიციალურად, ჟურნალის გამოცემა 2003 წელს შეწყდა, თუმცა ინტერნეტში დღემდე შეიძლება ჟურნალის ძველი ნომრების ნახვა, რომელთა ნაწილიც იყიდება. სოხუმის ეს ჩანახატი, მისი გამოქვეყნებიდან 164 წლის შემდეგ, შოტლანდიაში, გლაზგოდან 26 კმ-ს დაშორებით მდებარე პატარა დასახლებაში ვიპოვე და ის ახლა უკვე საქართველოშია.

მთავარი ფოტო: სოხუმი 1855, ბრიტანულ ჟურნალში გამოქვეყნებული ილუსტრაცია

ავტორი: სულხან სალაძე

_______

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.