FEMMES DE TEFLIS – პირველი ჩანახატი ტფილისელი ქალების შესახებ

FEMMES DE TEFLIS – პირველი ჩანახატი ტფილისელი ქალების შესახებ

posted in: ევროინტეგრაცია | სტატია წაკითხულია 274-ჯერ

XVII საუკუნის შუა პერიოდისთვის ნიდერლანდები ევროპის სწრაფად განვითარებადი ქვეყანა იყო. 1640 წლისათვის ნიდერლანდების სავაჭრო კომპანიები 2000-ზე მეტ გემს აერთიანებდა და გემების ეს რაოდენობა იმ დროისთვის ნებისმიერი საზღვაო ქვეყნის გემების რაოდენობაზე მეტი იყო. ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანია 30 000-ზე მეტ მეზღვაურს ითვლიდა. ვესტ ინდოეთის კომპანია კი წარმატებით ცურავდა ცენტრალური და სამხრეთ აფრიკის, ასევე ამერიკის სანაპირებისკენ.

საზღვაო და სავაჭრო კომპანიების სწრაფმა განვითარებამ ნიდერლანდებში წარმოუდგენლად დიდ ინფორმაციას მოუყარა თავი. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების პარალელურად, ამსტერდამში ერთმანეთზე უკეთესი რუკები, ატლასები და გლობუსები გამოიცემოდა. ცნობარები და შემეცნებით წიგნები ახალ და მანამდე უცნობ ინფორმაციას აწვდიდა  ევროპელ მკითხველს მსოფლიოს ქვეყნების გეოგრაფიის, ისტორიის და ეთნოგრაფიის შესახებ. XVII საუკუნის დასაწყისიდან ამსტერდამი ევროპული კარტოგრაფიის ცენტრად მიიჩნეოდა და სწორედ ამ ქალაქში მოღვაწეობდნენ სახელოვანი კარტოგრაფები: იოდოკუს ჰონდიუსი, ვილემ ბლუ და იან იანსონი.

კარტოგრაფიას  და საგამომცემლო საქმიანობას მნიშვნელობა არც მომდევნო საუკუნეში დაუკარგავს ამსტერდამში. სწორედ XVIII საუკუნის დასაწყისში პარიზიდან ჯერ ლონდონში, ხოლო შემდეგ ჰააგასა და ამსტერდამში ჰენრი აბრაჰამ ჩატელაინი (1684-1743წწ.) გამოჩნდა.

ჩატელაინი პარიზული წარმოშობის ჰუგენოტი პასტორი იყო. ის საოცრად კარგად უკავშირებდა ერთმანეთს გეოგრაფიას, ისტორიას, ეთნოგრაფიას, ჰერალდიკას და კოსმოგრაფიას. მის მიერ გამოცემულ რუკებსა და გრავიურებს კი აღფრთოვანებაში მოჰყავდა ევროპელი მკითხველი.

ჩატელაინის სახელს მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო „ისტორიის ატლასის“ გამოცემა უკავშირდება. ატლასის პირველი გამოცემა 1705-1720 წლებში იბეჭდებოდა ამსტერდამში და XVIII საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ გამოცემად ითვლება. საერთო ჯამში, ისტორიის ატლასის სრული გამოცემა შვიდი ტომში განაწილდა და ზღვა მასალას მოუყარა თავი.

ატლასი, რომლის გამოცემაშიც ჩატელაინის მამა და ძმა იყვნენ ჩართული, აერთიანებდა ინფორმაციას XVIII საუკუნის დასაწყისის ჩათვლით, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეჭირა ევროპას, ამერიკას, აფრიკას, ახლო აღმოსავლეთს, მონღოლეთს, ჩინეთს, იაპონიას ინდონეზიას და სხვა ქვეყნებს. ასევე წარმოდგენილი იყო ინფორმაცია კოლონიების და გეოგრაფიული აღმოჩენების შესახებ.

გვერდი სომხეთსა და საქართველოს შესახებ ჰენრი აბრაჰამ ჩატელაინის ატლასიდან

ჩატელაინის ატლასში გამოქვეყნებული რუკების მნიშვნელოვანი ნაწილი ფრანგი კარტოგრაფის, გიომ დელილის შემოქმედებიდან იყო აღებული, ხოლო ცნობები სხვადასხვა ქვეყნებისა და მოვლენების შესახებ- იმ დროის საუკეთესო მოგზაურების ჩანაწერებიდან. მათ შორის, ჟან შარდენის და ჟოზეფ ტურნეფორის მოგზაურობის ამსახველი გამოცემებიდან.

ისტორიის ატლასის V ტომი 1719 წელს ამსტერდამში გამოიცა. ატლასის ამ ტომიდან ჩვენთვის საინტერსო 28-ე გვერდია, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოს და სომხეთს ეძღვნება, მთლიანობაში 28-ე გვერდზე 10 გრავიურა და 11 ტექსტია დაბეჭდილი. გრავიურებიდან – „TEFLIS CAPITALE DE GEORGIE“ და „FEMMES DE TEFLIS“, ასევე ტექსტები „DES GEORGIENNES“ და „DE TEFLIS“ საქართველოს უკავშირდება.

ყველა გრავიურა, რომელიც ჩატელაინმა ისტორიის ატლასის V ტომის 28-ე გვერდზე გამოიყენა, ფრანგი ბოტანიკოსის, ჟოზეფ ტურნეფორის მოგზაურობის დროს არის შესრულებული. ტურნეფორი თბილისში, მხატვარ კლოდ ობრიესთან ერთად, 1701 იმყოფებოდა. ობრიეს მიერ ჩახატული თბილისი სიძველის მიხედვით მეორეა შარდენის მოგზაურობის დროს, 1672-1673 წლებში ჩახატული თბილისის პანორამული ხედის შემდეგ. სამაგიეროდ, „FEMMES DE TEFLIS“ თბილისელი ქალების პირველი ჩანახატი უნდა იყოს, რომელიც 1701 წელს შესრულდა და 1719 წელს ჩატელაინის ატლასის V ტომში დაიბეჭდა.

„FEMMES DE TEFLIS“-ის გრავიურის პარალელურად, „DES GEORGIENNES“-ის ტექსტში საუბარია ქართველი ქალების სილამაზესა და ჩაცმის სტილზე. ასევე ყურადღება არის გამახვილებული, რომ სილამაზით გამორჩეულებს 6-7 წლის ასაკიდან იტაცებენ და სპარსეთსა და თურქეთში გაჰყავთ.

დროის თვალსაზრისით, 1719 წელს, მაშინ როდესაც ჩატელაინმა ატლასის V ტომში საქართველოსთან დაკავშირებული გრავიურები და ტექსტი დაიბეჭდა, შარდენის და ტურენფორის მოგზაურობის ჩანაწერები უკვე გამოცემული იყო საფრანგეთში, ინგლისსა და ნიდერნლანდებში. ამ მოგზაურობების მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს უკავშირდებოდა და ევროპელ მკითხველს, სხვა ქვეყნების პარალელურად, საქართველოს შესახებ აწვდიდა ინფორმაციას.  ევროპაში დიპლომატიური მისიით მყოფი სულხან-საბა 1719 წლისათვის უკვე საქართველოშია დაბრუნებული. ვახტანგ VI-ე კი თბილისში, პირველ ქართულ სტამბაში ბეჭდავდა წიგნებს.

ჰენრი აბრაჰამ ჩატელაინის ისტორიის ატლასის შვიდივე ტომი – 1705-1720 წლების სრული გამოცემა, საკმაოდ დიდ იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა ევროპაში არაერთი ძველი რუკებით და წიგნებით მოვაჭრე ყიდის ჩატელაინის ატლასის ცალკეულ ნაწილებს, უმეტესად, გერმანიასა და საფრანგეთში. ჩატელაინის ატლასის V ტომის 28-ე გვერდი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს უკავშირდება, სულ სხვაგან, კვიპროსში ვიპოვე და აუქციონის საშუალებით შევიძინე.

ავტორი: სულხან სალაძე

_____

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.