ელენე პროშიკიანი: სამწუხაროდ, ამჟამად ბოშათა მიმართ ნდობა დაკარგულია

ელენე პროშიკიანი, ბოშათა საკითხების კოორდინატორი „ეთნიკურობის და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრში“

ჩემი აზრით, საქართველოში მცხოვრები ბოშები საერთოდ არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში.

სახელმწიფოს მხრიდან დაინტერესება ნაკლებია, რადგან საქართველოში მცხოვრები ბოშები არ არიან იმდენი, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლებად განიხილონ და მათთვის რამე გააკეთონ. თუმცა იუსტიციის სამინისტრო ძალიან გვეხმარება, მაგალითად, პირადობის მოწმებების აღებაში. ეს სერვისი არ არის უფასო, ამაში ხელს გვიწყობენ საერთაშორისო ორგანიზაციები. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ იმ ბოშებისთვის, რომლებსაც არ აქვთ მსგავსი დოკუმენტები, უფასო გახდეს ეს სერვისები. ასევე კარგი იქნება, თუ მთავრობა ყურადღებას მიაქცევს ქუჩაში მცხოვრებ ბავშვებს.

ყურადღება უნდა მიექცეს ასევე განთლების სფეროს, ეს იქნება ბაღები თუ სკოლები. განათლების სისტემაში ჩემი არასამთავროებში მუშაობის 10-წლიან პერიოდში, სამწუხაროდ, მხოლოდ 223 ბავშვის ჩართვა მოხერხდა.

საზოგადოებას დიდი როლი აქვს ინტეგრაციაში. სტერეოტიპების გამოა, რომ ბოშებს საზოგადოებაში არ იღებენ. ხშირად ამბობენ, რომ მათი ადგილი არ არის საქართველოში და უნდა გავყაროთ, თუ ეს შეხედულებები შეიცვლება, რა თქმა უნდა, ინტეგრაციის საკითხიც წინ წაიწევს.

სახელმწიფო და საზოგადოება თანაბრად უნდა იყოს ჩართული სტერეოტიპების მსხვრევაში, თუმცა მნიშვნელოვანია თავად ბოშათა თემის მხრიდან დაინტერესება, რომ სტერეოტიპები გაქრეს მათ შესახებ. სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს მათ მიმართ ინტერესი და ნდობა დაიბადოს თავიდან. სამწუხაროდ, ამჟამად ბოშათა მიმართ ნდობა დაკარგულია.

პროექტს “ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.