„ბოშები გელაურიდან“

Batumelebi.ge  იწყებს კამპანიას „ბოშები გელაურიდან“. კამპანიის ფარგლებში გაეცნობით ქობულეთში, სოფელ გელაურში მცხოვრები ბოშების ყოველდღიურობას, საქმიანობას, ადათებს. დღეს მოგითხრობთ ბოშების ერთ ოჯახზე, სადაც 12 ბავშვი ცხოვრობს. მათგან ათი სკოლაში დადის. მიუხედავად იმისა, რომ სწავლა რამდენიმე დღეში დაიწყება, ბავშვებს სკოლაში წასასვლელად საჭირო ნივთები ჯერ კიდევ არ აქვთ.

დარიკო მელამედოვა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

ეს დარიკო მელამედოვაა. ცხოვრობს გელაურში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში. დარიკო ბოშაა. იღებდა სოციალური დახმარებას, რომელიც დროებით შეჩერებული აქვს. სოციალური დახმარების შეწყვეტა სწავლის დაწყებას დაემთხვა. ამიტომ იძულებულია 16 სექტემბერს სკოლაში მხოლოდ პატარები გაუშვას.

„დიდების გაშვება უფრო ძვირი ჯდება. ხომ იცით ყველაფერი ძვირია, 50-60 ლარი უნდა მაინც თითოს. ამ წელს კარგი ვაჭრობა არ იყო და საკმარისი ფული ვერ მოვაგროვე,“ –  ამბობს დარიკო.

გელაურში 26 ბოშა ოჯახი ცხოვრობს

გელაურში 26 ბოშა ოჯახი, დაახლოებით 263 ბოშა ცხოვრობს. ბოშა ბავშვების ნაწილი განათლებას ქობულეთის მეხუთე საჯარო სკოლაში იღებს, ნაწილი კი სკოლაში არ დადის. სკოლაში წაუსვლელობის რამდენიმე მიზეზი აქვთ. მათ შორის ერთ-ერთ მიზეზად ბოშები ტანსაცმლისა და სასკოლო ნივთების უქონლობას ასახელებენ.

გელაური

პროექტს “ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.