ნარგიზ ჯინჭარაძე – ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში

ნარგიზ ჯინჭარაძე,  ქობულეთის N5 საჯარო სკოლის დირექტორი

ბოშები საკმარისად არ არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში.  მას შემდეგ, რაც ჩვენ ურთიერთობა გვაქვს მათთან და გააქტიურდა ეს პრობლემა, იქედან თუ ავითვლით, ინტეგრაციის საკმაოდ კარგი ხარისხი და დინამიკაა, მაგრამ ეს საკმარისი მაინც არ არის.

ეს არის გრძელვადიანი საკითხი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სახელწიფოსა და საზოგადოების როლებს. რა თქმა უნდა, სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა უმცირესობების მიმართ და ისეთი მოწყვლადი და მარგინალიზებული ჯგუფის მიმართ, როგორიც ბოშები არიან. აქ ძალიან ბევრია სამუშაო. ვერ ვიტყვით, რომ არაფერი არ კეთდება, მაგრამ საკმარისი არ არის ეს ინტეგრაციის ხელშეწყობისათვის.

ასევე განსაკუთრებულია სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა. სტერეოტიპები, ბოშების მიმართ გულგრილი და ზიზღნარევი დამოკიდებულება არსებობს და ჯერ კიდევ არ არის აღმოფხვრილი. საჭიროა სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ამას ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფო ინსტიტუტებმა, ადგილობრივმა თვითმმართველობამ, სოციალურმა სამსახურმა, განათლების სამინისტრომ, ჯანდაცვამ. ყველას აქვს შეხება ამ სოციუმთან, ყველასთან არის სამუშაო.

ჩვენი კანონმდებლობა არეგულირებს, მაგალითად, განათლების ხელმისაწვდომობას ყველასთვის. მაგრამ შესაცვლელია ფორმები ურთიერთობის, ეს სახელმწიფოსგან უნდა მოდიოდეს. თუ ბოშასთვის სახელმწიფო ენა არ არის ქართული, მისი ბრალი ხომ არ არის, რომ ოჯახში არ ლაპარაკობენ ქართულად და ვერ ახერხებს ის რეგისტრაციის გავლას, ონლაინრეგისტრაციას, განცხადების დაწერას.

მშობელს არც აქვს ხოლმე სურვილი ჩარიცხოს თავისი შვილი სკოლაში და საბოლოოდ ამ ბავშვისთვის ხელმიუწვდომელია განათლება. ამიტომ არის განსაკუთრებით სენსიტიური თემა და განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს.

სტერეოტიპები შემიძლია დავყო ასაკობრივად, მაგალითად, ახალგაზრდებს უკეთესი დამოკიდებულა აქვთ ბოშების მიმართ, ვიდრე 30 წელს გადაცილებულ ადამიანებს.  ადამიანები სტერეოტიპებისგან გათავისუფლებას თავისით ვერ მოინდომებენ, თუ მათ არ ექნებათ მოტივაცია. ჩვენი საზოგადოების ცნობიერება იმ დონეზე არ არის, რომ თავისთავად იმუშაოს სტერეოტიპების აღმოფხვრაზე. ამისთვის უნდა იყოს მოტივატორები და ამაზე სახელმწიფომ და ხალხმა ერთსულოვნად უნდა იზრუნოს. საბავშვო ბაღებში, სკოლებში, საჭიროა წამახალისებელი აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ამ თემის სოციალიზაციას და სამოქალაქო ინტეგრაციას. იგივე თვითმმართველობას შეუძლია კვოტირება შემოიღოს თემის წარმომადგენელისთვის, რომელიც ადვოკატირებას გაუწევს თემის პრობლემებს

პროექტს “ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.