მიწად დარეგისტრირებულ 1 ჰექტარ ზღვას „ბათუმის იახტ კლუბი“ 2037 წლამდე ითხოვს

სახელმწიფომ ბათუმის იახტკლუბთან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობი არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთად დაირეგისტრირა. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში რამდენიმე დღის წინ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ნაკვეთის რეგისტრაცია შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ წერილის საფუძველზე, იახტკლუბის მოწყობისა და განვითარების მიზნით განხორციელდა. ამჯერად „ბათუმელებმა“ ოფიციალურად მოიპოვა წერილი, რომლითაც ჩანს, რომ კომპანია აღნიშნული ნაკვეთის 2037 წლის დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის მიერ სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრისთვის გაგზავნილ წერილში წერია, რომ ქონების ეროვნულ სააგენტოში შესულია შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ განცხადება, რომლითაც „დასმულია საკითხი ნავსაყუდელის მიმდებარედ შავი ზღვის აკვატორიის [9698 კვ.მ დაურეგისტრირებელი მიწის ნაკვეთი] 2037 წლის 30 ნოემბრამდე სარგებლობის უფლებით გადაცემის თაობაზე“.

პრივატიზების დეპარტამენტი თხოვს მომსახურების ცენტრს, მოკლე ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და უძრავი ქონების სახელმწიფოს საკუთრებაში დარეგისტრირება.

კომპანიის წერილში ნახსენები „მიწის ნაკვეთი“ და დეპარტამენტის მიერ აღნიშნული „უძრავი ქონება“, როგორ „ბათუმელებმა“ გაარკვია ზღვის ნაწილია ბათუმის იახტკლუბთან, რომელიც სახელმწიფომ მართლაც დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთად.

„გთხოვთ, მოიკვლიოთ აღნიშნული უძრავი ქონების ირგვლივ არსებული მდგომარეობა და გვაცნობოთ ადგილზე არსებული სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც შესაძლოა გავლენას ახდენდეს პრივატიზების საკითხზე“, – აღნიშნულია პრივატიზების დეპარტამენტის მიერ მომსახურების ცენტრისადმი გაგზავნილ წერილში.

სახელმწიფო ქონების პრივატიზების დეპარტამენტის მიერ სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრში გაგზავნილი წერილიდან

„ბათუმელებისთვის“ უცნობია, რა მოიკვლია სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრმა ქონების პრივატიზების კუთხით, ვინაიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ დოკუმენტებში, რაც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მოგვაწოდა, ეს არ ჩანს. თუმცა, სააგენტოდან რამდენიმე დღის წინ მოგვწერეს, რომ „ამ ეტაპზე აღნიშნული უძრავი ქონების პრივატიზების ან დროებით სარგებლობაში გადაცემის საკითხი არ განიხილება“.

ბათუმის იახტკლუბის განვითარება პროექტ „რივიერა ბათუმის“ ნაწილია, რომელიც „სილქ როუდ ჯგუფმა“ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის თანადაფინანსებით უნდა განახორციელოს.

შპს „ბათუმის იახტ კლუბი“, რომლის წერილის საფუძველზეც სახელმწიფომ ზღვის ნაწილი ცალკე ნაკვეთად დაირეგისტრირა, ის კომპანიაა, რომელსაც იახტკლუბი და მიმდებარე ტერიტორია განსაკარგავად 19-წლიანი იჯარით შპს „რივიერამ“ გადასცა. თავის მხრივ, „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ შპს „რივიერას“  ეს ტერიტორია 20 წლით აჭარის მთავრობამ გადასცა 1 ლარად – იახტკლუბის განვითარების ვალდებულებით.

ქვემეიჯარე „რივიერასა“ და ქვემოიჯარე „ბათუმის იახტ კლუბს“ შორის ქვეიჯარის ხელშეკრულება რეესტრში 2018 წლის 28 მაისს დარეგისტრირდა. იჯარის საბოლოო ვადა სწორედ 2037 წლის 30 ნოემბერია.

როგორი იქნება ბათუმის იახტკლუბი? – „ბათუმელებს“ თავის დროზე მოგვაწოდეს პროექტის თავდაპირველი ვერსია. ამ პროექტის შესახებ შეგიძლიათ ვრცლად იხილოთ ამ ბმულზე.

აღნიშნული პროექტით იახტკლუბთან დაგეგმილია მცურავი საშუალებების სპეციალური ბენზინგასამართი სადგურის აშენებაც. პროექტში აღნიშნული იყო, რომ სადგური „უზრუნველყოფს ბენზინის ავზის შევსებას, ბუნებაზე მიყენებული ზიანის გარეშე. აგრეთვე, ამ სერვისის დახმარებით იახტების მფლობელები თავს აარიდებენ ბენზინის მოძიების და მოტანის რთულ პროცესს. ამისათვის, მიწაში განთავსდება საწვავის ავზი, ხოლო საწვავის შესავსები სპეციალური აპარატურა განთავსდება ნავსაყუდელის ტერიტორიაზე. ბენზინის ჩასასხმელი აპარატურა იქნება დამონტაჟებული საერთაშორისო სტანდარების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხოებას. შესაბამისად, აუცილებელია ადგილობრივი მთავრობის დახმარება, რომ უზრუნველყოს იქ მდგომი თევზსაჭერი გემების გაყვანა იახტკლუბის ტერიტორიიდან“.

„სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ იახტკლუბისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს, რომელიც მოიცავს: მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კაზინოს, საზოგადოებრივ სივრცეებს. ბათუმის საკრებულოს მიერ დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის თანახმად, ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებულია ნავმისადგომი იახტებისთვის.

ამ თემაზე ვრცლად:


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.