გაჯანსაღება რუსული ტრენაჟორებით – 5 წელში ბიუჯეტიდან 13,3 მილიონი დაიხარჯა

თბილისის სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონის გამგეობები, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერია, ფოთისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, ქუთაისის მერია – ეს ის უწყებებია, რომლებმაც 2020 წელს, ხელშეკრულებები რუსული წარმოების სპორტული საქონლის შესყიდვაზე გააფორმეს. რუსული წარმოების ტრენაჟორებსა და ატრაქციონების შეძენა-მონტაჟისთვის ხელშეკრულებები მიმდინარე წელს, 2 ქართულ კომპანიასთან, ჯამში 1 379 003 ლარზეა გაფორმებული.

„ჯეო პარკი“ და „გეო-გრინი“ ის კომპანიებია, რომლებიც ტენდერებში იმარჯვებენ და შემსყიდველ საბიუჯეტო ორგანიზაციებს ძირითადად რუსულ პროდუქციას სთავაზობენ. „ბათუმელების“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების გადამოწმებით აღმოჩნდა, რომ ამ ორ კომპანიასთან, ბოლო 5 წლის განმავლობაში, 27 საბიუჯეტო ორგანიზაციას სულ 141 ხელშეკრულება აქვს გაფორმებული, ჯამში 13 312 139 ლარზე.

საჯარო უწყებების მიერ რუსული პროდუქციის შეძენაზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ 2 წლის წინ კვლევაც კი გამოაქვეყნა. ორგანიზაციაში მაშინ განაცხადეს, რომ „ცვლილებები უნდა შევიდეს სახელმწიფო შესყიდვების საკანონმდებლო ბაზაში, რომელიც გარკვეულ შეზღუდვებს დააწესებს რუსული წარმომავლობის [როგორც ოკუპანტი ქვეყნის] პროდუქციის შესყიდვაზე“.

„რუსული პროდუქციის შეძენაზე ჩვენ პირველად ყურადღება გავამახვილეთ სახელმწიფო უწყებების მიერ  2012-2018 წლებში რუსული წარმოების ავტომანქანების [„ნივა“] შეძენაზე. მაშინ აღმოვაჩინეთ, რომ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აჭარის მთავრობასაც, სხვადასხვა დროს 3 მილიონი ლარის ნივა ჰქონდა ნაყიდი. მაშინ ვთქვით, რომ დასაწყები იყო ცვლილებები, უფრო სწორად ცვლილებებზე ფიქრი, რომელიც შეეხებოდა ოკუპანტ ქვეყანაში წარმოებული პროდუქციის საქართველოში ამ გზით გასაღება-შეძენას, შემსყიდველი ორგანიზაციების მხრიდან. აუდიტორიას უნდა ახსოვდეს და იცოდეს, რომ, როცა სახელმწიფო შესყიდვებით თანხა ირიცხება ამა თუ იმ კომპანიის ანგარიშზე, ეს არის ხალხის შემოსავალი, ხალხის ფული ბიუჯეტიდან. სამწუხაროა, როცა ჩვენი რეკომენდაციის გამოქვეყნების 2 წლის თავზეც იგივე ვითარება გვაქს და თქვენს მიერ აღმოჩენილი გარემოებები ადასტურებს იმის საჭიროებას, რომ კანონმდებლობაში აუცილებლად უნდა გატარდეს შესაბამისი ცვლილებები“, – გვითხრა მალხაზ ჭკადუამ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ სამოქალაქო საბჭოების კოორდინატორმა.

18 ივნისს, ასპინძის მუნიციპალიტეტმა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯეო პარკთან“, რომელიც შემსყიდველს რუსეთში წარმოებულ ტრენაჟორებს სთავაზობს, ხელშეკრულება გააფორმა. ტენდერი, ასპინძის სოფელ ხერთვისში და სოფელ ივერიაში გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობას [მონტაჟი და ტრენაჟორებისთვის საჩრდილობელი ფანჩატურისა და მოედნის მოწყობა] ითვალისწინებს.

ასპინძის მუნიციპალიტეტს ტენდერი 38 ათასი ლარით ჰქონდა გამოცხადებული. „ჯეო პარკთან“ კი ხელშეკრულებაც 30 ათას ლარზე გაფორმდა. ამ კომპანიას ტენდერში კონკურენტი არ ჰყოლია.

ასპინძის მუნიციპალიტეტმა გასულ წელს „ჯეო პარკთან“ ხელშეკრულება 19 ათას ლარზეც გააფორმა. მაშინაც რუსული ინვენტარი შეიძინეს.

„ჯეო-პარკის“ მიერ წარდგენილი ფასების ცხრილი და სერტიფიკატი [თარგმანი] / ტენდერიდან

ანალოგიურ მომსახურებაზე 130 200 ლარით ჰქონდა გამოცხადებული ტენდერი ბორჯომის მუნიციპალიტეტს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. პრეტენდენტი „გეო-გრინია“. რუსული წარმოების გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების მონტაჟს, კომპანია მუნიციპალიტეტს 128 895 ლარად სთავაზობს.

რუსული ტრენაჟორების შეძენასა და მონტაჟზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტს სხვადასხვა დროს ჯამში 294 772 ლარის ხელშეკრულებები აქვს გაფორმებული „გეო-გრინთან“, ხოლო მიმდინარე წელს, 109 994 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება „ჯეო პარკთან“.

„გეო-გრინის“ მიერ წარდგენილი ფასების ცხრილი და სერტიფიკატი [თარგმანი] / ტენდერიდან

ორთავე კომპანია, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, შემსყიდველებს ერთსა და იმავე ქარხანაში წარმოებულ რუსულ პროდუქციას სთავაზობს.

2020 წლის ივნისში 127 631 ლარზე გააფორმა ხელშეკრულება „გეო-გრინთან“ თბილისის სამგორის რაიონის გამგეობამაც. სამგორშიც რუსულ ტრენაჟორებს დაამონტაჟებენ.

სამგორის გამგეობას რუსული ინვენტარის შეძენა-მონტაჟისთვის 2017 წლიდან დღემდე 1 478 472 ლარზე აქვს ხელშეკრულებები გაფორმებული კომპანია „ჯეო პარკთან“.

ამ კომპანიასთან წელს ორი ხელშეკრულება გააფორმა ნაძალადევის გამგეობამაც, ჯამში 333 784 ლარზე. მთლიანობაში კი, რუსული ტრენჟორებისა თუ სხვა სპორტული ინვენტარის შეძენა-მონტაჟისთვის თბილისის ნაძალადევის გამგეობას სულ 1 952 279 ლარზე აქვს გაფორმებული ხელშეკრულებები.

„ტენდერში მითითებული არ არის კონკრეტულად რუსული იყოს, ან არა ტრენაჟორები, ამის უფლება ჩვენ არანაირად არ გვაქვს. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ქვეყანაშია წარმოებული პროდუქცია. მთავარია, ტენდერის მოთხოვნებს აკმაყოფილებდეს“, – გვითხრეს თბილისის ნაძალადევის რაიონის გამგეობის სატენდერო კომისიაში. „კონკრეტულ კითხვებზე პასუხის მისაღებად კი, შეგიძლიათ ოფიციალურად მოიწეროთ წერილიო“.

„ის, რომ შენ მწარმოებელი ქვეყანა მიუთითო, ან შეზღუდო, არის ტენდერის პირობების დარღვევა. არსებული კანონმდებლობიდან გამომდინარე ამას ვერავინ გააკეთებს. ყველა ტენდერი არის აბსოლუტურად ღია და ნებისმიერს შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. ხელშეკრულება ფორმდება კომპანიასთან და კონტრაქტორი კომპანია რას შემოიტანს, რომელი ქვეყნის წარმოების პროდუქციას, ამას შენ ვერ შეზღუდავ. შეიძლება შეზღუდვა იმ კუთხით, რომ თუ არ აკმაყოფილებს შემოთავაზებული პროდუქცია იმ ხარისხს, რაც მოთხოვნილია ტენდერის პირობით. მინდა გითხრათ, რომ არ შემოდის მხოლოდ რუსული პროდუქცია, არის თითო-ოროლა შემთხვევა და შემდეგ ეს სულ ხმაურდება“, – გვითხრეს თბილისის მერიის პრესსამსახურში.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ როცა შესყიდვა ხორციელდება შესყიდვების პროცედურების დაცვით და მიმწოდებელი კომპანია სთავაზობს ისეთ პირობებს, როგორსაც საბიუჯეტო ორგანიზაცია ითხოვს, ეს სამართლებრივად პრობლემას არ წარმოადგენს. „მაგრამ, არ შეიძლება მშრალი სამართლით საუბარი, იმიტომ, რომ სამართლის გამოყენება კონტექსტის გარეშე შეიძლება დამღუპველიც აღმოჩნდეს. რა მაქვს მხედველობაში – როდესაც შენ ზრდი ოკუპანტ სახელმწიფოზე ფინანსურ და ეკონომიკურ დამოკიდებულებას, რა თქმა უნდა, აძლიერებ ოკუპანტი სახელმწიფოს ბერკეტებს შენს წინააღმდეგ.

ამას ორი სხვადასხვა მხარე აქვს. პირველი ის, რომ ეკონომიკურად უფრო მეტად დამოკიდებული ხდები ოკუპანტ ქვეყანაზე, რაც სახელმწიფოებრივად წამგებიანია და არ აქვს მნიშვნელობა ეს რა დონეზე ხდება – სპორტულ ინვენტარს შეიძენ, თუ გაზსადენს აძლევ. მეორე არის ის, რომ შენ, შენი ქვეყნის მოქალაქეების დამოკიდებულებას, განწყობას ქმნი… ისინი თვლიან, რომ მათი კეთილდღეობაა მნიშვნელოვანი, რაც ძალიან ადამიანურია, მაგრამ განწყობა ექმნებათ ისეთი, რომ იყოს რუსეთი, თუ კარგად ვიცხოვრებთ. ეს პროცესი [შენ რომ დღეს, მაგალითად, საჭმლის ფულის შოვნა შეგიძლია უფრო იოლად რუსული პროდუქციის შემოტანით] ხვალ და ზეგ, ადამიანის უფლებების თვალსაზრისით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის თვალსაზრისით, შექმნის პრობლემას – ოკუპანტი ქვეყანა თავს მოგახვევს თავის ინტერესს“.

რუსული ტრენაჟორების შეძენაზე მიმდინარე წელს ხელშეკრულებები ასევე გააფორმეს ქუთაისის მერიამ [213 941 ლარზე – „ჯეო პარკთან“], გლდანის რაიონის გამგეობამ [223 993 ლარზე – „ჯეო პარკთან], ფოთის მერიამ [191 999 ლარზე – „გეო-გრინთან“], ადიგენის მუნიციპალიტეტმა [104 496 ლარზე – „გეო-გრინთან“].

გარდა ამისა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ ორი კომპანიისგან რუსული სპორტული ინვენტარი შეიძინეს ამბროლაურში, ახალციხეში, გორში, ზესტაფონში, ლაგოდეხში, ონში, სამტრედიაში, ცაგერში, წყალტუბოში, ჭიათურაში; ასევე რუსული პროდუქცია შეიძინეს თბილისის მერიამ, ჩუღურეთის, საბურთალოს, დიდუბის, ვაკის, კრწანისის რაიონების გამგეობებმა.

„ჯეო-პარკისგან“ რუსული ტრენაჟორები შეიძინა ბათუმის ბულვარმა [78 692 ლარად, 2017 წელს], ქედის მუნიციპალიტეტმა [ 44 213 ლარად, 2018 წელს] და შუახევის მუნიციპალიტეტმაც [5 215 ლარად, 2019 წელს].

ბულვარმა სხვადასხვა მომსახურებასა და რუსული ტრენაჟორების შესაძენად „ჯეო პარკთან“ ხელშეკრულება 87 500 ლარზე 2014 წელშიც გააფორმა.

ამონარიდი ბათუმის ბულვარის მიერ გამოცხადებული ტენდერის დოკუმენტებიდან

 

მხოლოდ რუსული წარწერა ტრენაჟორზე, რომელიც ქალაქ ახალციხეშია დამონტაჟებული /ფოტო გადაღებულია 17.06.2020

„ჯეო პარკს“ და „გეო-გრინს“, ტენდერებში კონკურენტები უმეტეს შემთხვევებში არ ჰყავთ. 2020 წელს გამოცხადებულ 9 ტენდერიდან ორზე მეტი პრეტენდენტი სამში მონაწილეობდა.

მაგალითად, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების შესყიდვაზე გამოცხადებულ ერთ-ერთ ტენდერში სამი პრეტენდენტი მონაწილეობდა. აქედან ორი გამგეობას მომსახურებას გაცილებით დაბალ ფასად სთავაზობდა, ვიდრე გამარჯვებული „ჯეო პარკი“, თუმცა, დაბალი შეთავაზების მქონე კომპანიებს სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა.

ამ ტენდერში „ჯეო პარკმა“ 224 000 ლარი დაასახელა და გაიმარჯვა, მისი კონკურენტები კი გლდანის გამგეობას იგივე მომსახურებას [ოღონდ თურქული წარმოების ტრენაჟორებს] 197 598 და 207 207 ლარად სთავაზობდნენ.

კონკურენტებს კომისიის გადაწყვეტილება დისკვალიფიკაციაზე შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში არ გაუსაჩივრებიათ.

„ტექნიკური დოკუმენტაციის გამო მოგვცეს დისკვალიფიკაცია, ამიტომ გასაჩივრებას აზრი არ ჰქონდა. არის ტენდერები სადაც ვიმარჯვებთ“, – გვითხრეს ერთ-ერთ პრეტენდენტ კომპანიაში.

შპს „ჯეო პარკი“ თბილისში 2008 წელსაა რეგისტრირებული. ამ კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ნიკოლოზ ალიბეგაშვილი.

შპს „გეო-გრინი“ კი თბილისში 2003 წელსაა რეგისტრირებული. რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, კომპანიის 100% წილის მფლობელი და დირექტორი არის ლელა გუდაშვილი.

„მე გავახსენებ საზოგადოებას, რომ ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი და ყველა საერთაშორისო უცხოურ კომპანიას, თუ ის მოიწადინებს ბიზნეს საქმიანობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გარკვეულ სანქციებს ვუწესებთ. ამ შემთხვევაში ვგულისხმობ დიპლომატიური მისიების ჩართვას და სხვა. შესაბამისად, ჩვენ თუ ვსაუბრობთ ოკუპაციის შესახებ კანონის სულისკვეთებაზე, ეს რაღაცნაირად უნდა გავრცელდეს სახელმწიფო შესყიდვების გზით რუსეთში წარმოებული პროდუქციის შემოტანაზეც“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა საერთაშორისო გამჭვირვალობიდან.

მისივე თქმით, „ეს არის სრულიად ცალმხრივი პროცესი. ჩვენ არ გვახსენდება ქართული კომპანია, რომელიც რუსეთში სახელმწიფო ტენდერებში იღებს მონაწილეობას და იქ აწვდის გარკვეულ პროდუქციას. ამიტომ, ეს ცალ კარში თამაშს ჰგავს, როცა მხოლოდ ჩვენ ვიღებთ რუსულ პროდუქციას. ამ შემთხვევაში თუნდაც ეს ტრენაჟორები“.

გარდა იმისა, რომ ქართულ კომპანიებს ბიუჯეტის ფულით შემოაქვთ რუსული პროდუქცია, საქართველოში არის ასობით კომპანია, რომლებიც სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობენ და რომლებიც რუსული კომპანიების ფილიალებს წარმოადგენენ, ან პარტნიორები [მეწილეები] არიან რუსული კომპანიები, ან რუსეთის მოქალაქეები.

გასულ წელს „ბათუმელებმა“ შეისწავლა სახელმწიფო ტენდერები და აღმოჩნდა, რომ 2012 წლიდან 2019 წლამდე პერიოდში ასეთ კომპანიებთან სახელმწიფო უწყებებმა ხელშეკრულებები, ჯამში, 139 024 429 ლარზე გააფორმეს. ამ პერიოდში კი სხვადასხვა რუსული კომპანია [მათი ფილიალები] საქართველოში 231 ტენდერში გამოაცხადეს გამარჯვებულად.

გარდა იმ 208 კომპანიისა, რომელთა დამფუძნებლები [მთლიანად ან ნაწილობრივ] რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული კომპანიები არიან, საქართველოში [„ბათუმელების“ მიერ 2019 წელს გადამოწმებული მონაცემებით] 5 088 ისეთი კომპანიაც არის დარეგისტრირებული, რომელთა ერთი პარტნიორი [მეწილე] მაინც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ან ორმაგი [აქედან ერთი რუსეთის] მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირია.

საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში უშუალოდ რუსული [არარეზიდენტი] კომპანიებიც მონაწილეობენ.

იმ რუსული კომპანიების რიცხვი, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო შესყიდვებში მიმწოდებლებად არიან დარეგისტრირებული და ტენდერებში მონაწილეობენ, 2013 წელთან შედარებით, 2019 წლისთვის, თითქმის 17-ჯერ გაიზარდა. აქედან მარტო გასულ, 2019 წელს, შესყიდვების სააგენტოში დამატებით 16 ახალი რუსული კომპანია დარეგისტრირდა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს, საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების გვერდზე მიმწოდებლად რეგისტრირებული იყო 179 რუსული კომპანია [ეს რაოდენობა 2018 წელს იყო – 163].

წყარო: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო / ეკა ბერიძის ინფოგრაფიკა

„ამ საკითხს მთავრობამ, უპირველეს ყოვლისა კი, პარლამენტმა უნდა მიაქციოს ყურადღება, რომ დაიწყოს ამაზე საუბარი, თანაც იმ რისკების გათვალისწინებით, რა რისკების ქვეშ ჩვენ გვიწევს ცხოვრება – ეს არის ოკუპაცია, ეს არის დეზინფორმაციული, ჰიბრიდული ომი, რომელსაც მართავს რუსეთი საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა საშუალებით და ჩვენ გვაქვს ოკუპაციის შესახებ კანონი, ვითხოვთ დეოკუპაციას… სხვადასხვა საერთაშორისო დონეზე ჩვენი ქვეყნის პირველი პირები ამაზე საუბრობენ და ამ დროს დიდძალი საბიუჯეტო სახსრები გადის სწორედ რუსეთში იმ კომპანიების გზით, რომლებსაც შემოაქვთ ესა თუ ის რუსული წარმოების პროდუქცია. პრაქტიკულად, საბიუჯეტო თანხების გადინება რუსეთის ტერიტორიაზე, რუსულ ანგარიშებზე, ეს არის, ალბათ, რაღაცნაირად არათანმიმდევრობის მაგალითი“, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

მისივე თქმით, „სასწრაფოდ არის დასაწყები იმაზე ფიქრი, თუ რა ფორმას მიიღებს ეს შეზღუდვა, როგორ განხორციელდება, შეიძლება გამოვიყენოთ სხვა ქვეყნების მაგალითები, ვთქვათ უკრაინის, ან ჩამოვიყვანოთ ისეთი დარგის სპეციალისტები, რომლებსაც ექსპერტული ცოდნა აქვთ და აქვთ გამოცდილება ამ კუთხით“.

„გამჭვირვალობის“ შეთავაზება ძალზედ მნიშვნელოვანია და ყურადსაღებია“, – ამბობს თამარ კორძაია. – „გასათვალისწინებელია იგივე უკრაინის პრაქტიკა, რომელიც რუსულ პროპაგანდას ებრძვის თავის სახელმწიფოში, ვინაიდან უკრაინა და ჩვენ ერთ ნავში ვზივართ რუსეთის წინააღმდეგ. ანუ რუსეთი ცდილობს, რომ ორივე დაიპყროს სხვადასხვა მეთოდით და რა თქმა უნდა, თითქოსდა ეს უწყინარი 13-მილიონის ტენდერებიც, უწყინარი სულაც არ არის საბოლოო ჯამში, თუ შევხედავთ ამას გლობალურად, ქვეყნის მასშტაბით. ფულს სუნი არ ასდისო გამოთქმა რომ არის, ძალიან კარგად ასდის და ისე საშინლად, რომ შეიძლება ძვირი დაგვიჯდეს ეს ყველაფერი, თუ ასე გლობალურად არ დავინახავთ ნებისმიერ ტენდერში რუსულ ინტერესებს, რუსული პოლიტიკის ინტერესებს. ამიტომ, არ შეიძლება ეკონომიკური პროექტების განხილვა, პოლიტიკური კონტექსტების გარეშე“.

მთავარი ფოტო: „ჯეო პარკისგან“ შეძენილი ტრენაჟორები ბათუმის ბულვარში /ტრენაჟორები, პანდემიის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებიდან დღემდე ამკრძალავი ლენტებითაა შემოღობილი
სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.