ეს პროფესია არ მოგცემს უფლებას დაბერდე – ისტორიის მასწავლებელი ბათუმიდან

რომ მქონდეს შანსი რამდენჯერმე დავიწყო ხელახლა ცხოვრება, ისევ მასწავლებელი ვიქნებოდი, ისევ, ისევ და ისევ“ – გვითხრა ბათუმელმა მასწავლებელმა, მადონა გვიანიძემ, რომელიც წლებია მსოფლიო ისტორიას ასწავლის. იგი გაკვეთილზე სოციალურ ქსელებსაც იყენებს და ამბობს, რომ ცდილობს, ყველა გაკვეთილი განსხვავებული იყოს. ინტერვიუში იგი თავის გამოცდილებას გვიზიარებს.

  • ქალბატონო მადონა, როდის გადაწყვიტეთ, რომ თქვენი ცხოვრება ამ პროფესიასთან დაგეკავშირებინათ?თავიდანვე გსურდათ მასწავლებლობა? რას მიიჩნევთ ამ პროფესიის მთავარ სირთულედ?

ეს პროფესია ჩემთვის უცხო არ იყო, რადგან დედა პედაგოგი მყავს, ასე რომ ამ სფეროში ვტრიალებდი, მაგრამ იყო პერიოდი მოსწავლეობისას, როცა მინდოდა ექიმი გავმხდარიყავი, შემდეგ იურისტობაზე ვფიქრობდი, მაგრამ იმდენად რამდენადაც მშობლებმა არ მომცეს უფლება წავსულიყავი ქალაქიდან, ალტერნატივა აღნიშნულ პროფესიაში დავინახე.

ამ პროფესიის მთავარი სირთულე, ვფიქრობ, არის ის, რომ უნდა შეაღო ყველა ბავშვის გულის კარი, აუცილებლად უნდა გტკიოდეს ის, რაც სტკივა მას და უნდა გიხაროდეს ის, რაც მას უხარია.

თუ ამას ვერ გააკეთებ, უკვე პრობლემებს აწყდები… სერიოზულ პრობლემებს აწყდები და არაფერი გამოგივა!

მოსწავლეს შეიძლება შეეშალოს, მასწავლებელსაც… მაგრამ მეორე დღეს ის შეცდომა მასწავლებელმა თვითონ უნდა გამოასწორო, მოსწავლისგან გამოსწორებას არ უნდა ელოდო და ნიშნისმოგების ამბები არ უნდა იყოს. თუ ეს შეგიძლია, პრობლემა არ შეგექმნება.

  • თქვენი აზრითრა მოსწონთ მოსწავლეებს ყველაზე მეტად თქვენს საგაკვეთილო პროცესში?

ალბათ უფრო გულწრფელობა. ჰო, ეს არის! უბრალოდ, მე ვინ ვარ, ეს ვარ, როგორც საგაკვეთილო პროცესში, ისე ცხოვრებაში. როგორც ვიხარჯები იქ, ისე ვიხარჯები აქაც და როცა ამას მოსწავლე ხედავს და გიბრუნებს, აქ ალბათ ჯერ მოწონება, შემდეგ უკვე სხვა ემოციები ჩნდება.

  • ბევრ მოსწავლესთან გაქვთ შეხებათქვენთვის რას ნიშნავს ახალგაზრდებთან ურთიერთობასწავლობთ თუ არა მათგან გარკვეულ საკითხებს და რას?

რა თქმა უნდა, ვსწავლობ. თითოეულ თაობას აქვს თავისი სათქმელი და აი, ამ სათქმელს უნდა ჩაეჭიდო და დროს არ უნდა ჩამორჩე არც შენ.

ახალგაზრდებს მაქსიმალური გაგება უნდათ, კრიტიკა – ნაკლებად. იმ ტყავში უნდა შეძვრე, რა ტყავშიც არიან ეს ბავშვები.

  • როგორც ჩვენთვის ცნობილია, თქვენი საგაკვეთილო პროცესი არ შემოიფარგლება „ჩარჩოში“ ჩასმული პროგრამითრა ხერხებს იყენებთ იმისთვისრომ თქვენი გაკვეთილი იყოს საინტერესო, შემეცნებითი?

თითქმის ყველაფერს, რაც კი შემიძლია და არ შემიძლია.

ველოსიპედს თავიდან მე ვერ შევქმნი, მაგრამ ვცდილობ, რომ ჩემი გაკვეთილი არ იყოს მოსაწყენი და მაქსიმალურად იყოს დატვირთული.

თითოეული გაკვეთილი არის დრო, რომელიც მოსწავლემ საინტერესოდ უნდა გაატაროს.

იმისათვის, რომ სწავლება გავხადო ეფექტური, ჩემი და მოსწავლეების სწავლა-სწავლების პროცესი უნდა შეესაბამებოდეს 21-ე საუკუნის სტანდარტებს. ვფიქრობ, ასეთი, ინტერაქტიული გაკვეთილები უნდა ჩატარდეს ხშირად, რომ მოსწავლეებისთვის მასალა უფრო დასამახსოვრებელი, პროცესი კი საინტერესო და სასიამოვნო იყოს.

  • შარშან, პანდემიის დროს, თქვენ ბათუმის ბულვარში ატარებდით გაკვეთილებს. რა იყო ამ იდეის ინსპირაცია? და აქვე გკითხავთ – ონლაინსწავლებაზე რას ფიქრობთ? თქვენი აზრით, რამდენად აქვს ამას ეფექტი და შედეგი?

შარშანდელი წელი იყო მართლაც წარმოუდგენელი. მეგონა, რომ გადაულახავი სირთულის წინაშე ვიდექი, თუმცა არა მარტო მე, არამედ  სრულიად სამყარო ამ დღეში აღმოჩნდა.

ვფიქრობ, არ დავბნეულვართ პედაგოგები, მალე ავუღეთ ალღო. ონლაინსწავლება სოციალურ შეხვედრებს, რა თქმა უნდა, ვერ სჯობს, მაგრამ ვფიქრობ, ნაკლები შრომა არ ჩაგვიდია.

ერთადერთი, რაზეც ვნერვიულობდი – ეკრანს მიღმა დარჩენილი მოსწავლე რამდენად პასუხისმგებლობით იქცეოდა. სწორედ ეს გახდა საბაბი იმისა, რომ როგორც კი თბილი ამინდი დაიწყო, ეს იყო აპრილის ბოლო – მაისის დასაწყისი, გავედით ბულვარში. გვაძლევს ჩვენი ქალაქი ამის საშუალებას. დავარქვით ამ ადგილს „ჩვენი ეზო“ და ვთანამშრომლობდით იქ, ვფიქრობ, მშვენივრად გამოგვივიდა ყველაფერი… ის დანაკლისი, რაც მქონდა ონლაინრეჟიმიდან გამომდინარე, ყველანაირად ავანაზღაურეთ.

ისტორიის გაკვეთილი ბათუმის ბულვარში

  • რამდენად ძნელია დღეს, 21- საუკუნეში, მოსწავლე დააინტერესო გაკვეთილით და მოწყვიტო სოციალურ ქსელებს?

რთულია, თუმცაღა ზოგჯერ გაკვეთილისთვის მე თვითონაც ვიყენებ სოციალურ ქსელს.

მაგალითად, მომითხოვია იგივე სოციალურ ქსელში სხვადასხვა ისტორიული პიროვნების გვერდის შექმნა, მიწერ-მოწერა. მსგავსი აქტივობით ვცდილობ მოსწავლეებმა იგივე სოციალური ქსელი შემეცნებითად და საინტერესო კუთხითაც გამოიყენონ.

ის, რომ დღეს ბავშვი მოსწყვიტო ამას, ძალიან რთულია… მე ამას ვერ გავაკეთებ! გარკვეული პერიოდით შეიძლება რაღაცით დააინტერესო, მაგრამ ისე, რომ მთელი დღეების განმავლობაში არ შეეხოს ტელეფონს, ეს დღეს მართლაც წარმოუდგენელია და ვფიქრობ, არასწორიც.

არა მარტო სკოლის ასაკის მოსწავლეები, არამედ ზრდასრულებიც არიან მიჯაჭვული დღეს ტელეფონს, მთავარია ადამიანი თვითონ უნდა მიხვდეს, რომ ზომიერება დაიცვას.

  • რას ეტყოდით ადამიანებსრომლებიც მოსწავლეებთან თავისუფალი დამოკიდებულების გამო გაკრიტიკებენ?

ჯანსაღი კრიტიკა ყოველთვის კარგია და მისაღებია. მე მოვისმენ და თუ კრიტიკა მართლა ჯანსაღია და თუ ვფიქრობ, რომ რაღაც შემეშალა, რა თქმა უნდა, იქ წერტილს დავსვამ და აღარ გავიმეორებ.

  • რა რჩევას მისცემდით ადამიანებსრომლებიც ახლა დგამენ ნაბიჯს და აპირებენ გახდნენ პედაგოგები?

მე მქონია შეხება ახალგაზრდებთან, რომლებსაც არც კი განუხილავთ, რომ გახდებოდნენ პედაგოგები, მაგრამ ჩვენი ურთიერთობების შემდეგ, რაც ძალიან მეამაყება, შეუცვლიათ აზრი და დღეს არიან, მაგალითად, ისტორიული ფაკულტეტის სტუდენტები… რამდენიმე წლის შემდეგ ისინიც შეაღებენ სკოლის კარებს და მოსწავლეებთან ექნებათ ურთიერთობა, რაც ძალიან საამაყოა ჩემთვის.

რა შემიძლია ვუთხრა ახალგაზრდებს, რომლებიც აპირებენ პედაგოგობას?! – რთულ გზას დაადგნენ, თუმცა ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა ეს გზა. ეს ის გზაა, რომელიც არ მოგცემს უფლებას დაბერდე, იმიტომ, რომ სულ ახალგაზრდებთან გიწევს ურთიერთობა და შენც იმ ასაკის ხდები, რა ასაკის ახალგაზრდებთანაც ატარებ დღეებს.

  • მიგაჩნიათრომ ბედნიერი მასწავლებელი ხართ? – არჩევანი რომ გქონდეთ, იქნებოდით კვლავ პედაგოგი?

აუცილებლად, ბედნიერი ვარ! მე იმხელა სიყვარულს ვგრძნობ, რომ ამ სიყვარულს ვერ გავცვლი ვერცერთ ჯილდოზე. ეს არის სიხარული, რაც შეიძლება განიცადოს მხოლოდ მასწავლებელმა.

როდესაც უყურებ ვარსკვლავებანთებულ თვალებს და ხედავ, რომ აი, ამ თვალებში იკითხება სიყვარული… და როდესაც ეიმედები ადამიანს, ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა! როდესაც უკვე მეგობრად გთვლის, ესეც ძალიან, ძალიან მაგარია!

რომ მქონდეს შანსი, რამდენჯერმე დავიწყო ხელახლა ცხოვრება, ეს იმხელა სიამოვნებაა, ალბათ ხელახლა მასწავლებელი ვიქნებოდი. ისევ, ისევ და ისევ.

ავტორი: გურანდა ქათამაძე

__________________________________