თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს კონკურსს ჟურნალისტიკის სასწავლო კურსებზე

posted in: სიახლე | 0

ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“ აცხადებს კონკურსს ჟურნალისტიკის სასწავლო კურსებზე. პროგრამა გამიზნულია იმ სტუდენტებისა და მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ ისწავლონ და იმუშაონ თავისუფალ მედიაში.

სასწავლო კურსებზე სტუდენტები და მოსწავლეები მიიღებენ პრაქტიკულ ცოდნას ჟურნალისტიკაში. სწავლის განმავლობაში მათ საშუალება ექნებათ არა მარტო სასწავლო პროცესისთვის მოამზადონ საგაზეთო სტატია/ სატელევიზიო/რადიო გადაცემა, არამედ მათი ნამუშევარი მიეწოდება მოსახლეობას, როგორც ალტერნატიული, ახალი თაობის მიერ მომზადებული პროდუქცია.

პროგრამის მონაწილეეები შეირჩევიან კონკურსის წესით – გასაუბრების საფუძველზე. პროგრამის ხანგრძლივობა 5 თვეა. სწავლება დაიწყება 2010 წლის ოქტომბერში. მსმენელები სასწავლო კურსს გაივლიან სასწავლო პროცესიდან (სკოლა, უნივერსიტეტი) მოწყვეტის გარეშე. პროგრამა ითვალისწინებს თეორიულ და პრაქტიკულ კურსს შემდეგ საგნებში:

პრაქტიკული კურსი:

ტელეჟურნალისტიკა: სატელევიზიო ახალი ამბების მომზადების დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ახალი ამბების გაშუქებას, ფაქტების მოპოვებასა და დამუშავებას. კურსის თეორიული ნაწილი მოიცავს მთლიანად წარმოების პროცესის საფუძვლების დაუფლებას, კამერის ეფექტურ გამოყენებას, მონტაჟს, გადაღების ტექნიკას, ჟურნალისტის, ოპერატორის, რედაქტორის, სტუდიის დირექტორისა და სხვათა უფლება-მოვალეობების შესწავლას.

გაზეთის დიზაინი/დაკაბადონება: მსმენელები შეისწავლიან დიზაინის პრინციპებს, გაზეთის აწყობას, ფოტოებით, ინფორმაციული გრაფიკებით გაფორმებას. სათაურების, ილუსტრაციებისა და ზოგადად პუბლიკაციების სტილის თავისებურებებს.

რადიოჟურნალისტიკა: კურსის მიმდინარეობისას სტუდენტები ისწავლიან საინფორმაციო სამსახურის რეჟიმში მუშაობას. ახალი ამბებისა და რადიოგადაცემების მომზადებას. აუდიოაპარატურის გამოყენებას, გადაცემების მომზადებას და დამონტაჟებას ციფრული აუდიოტექნიკის საშუალებით.

ახალი მედია : ბლოგის შექმნა და საიტზე მუშაობა;

რეპორტინგი: მსმენელები ისწავლიან სტატიების, ნიუსების მომზადებას, ინტერვიუს წარმართვის ტექნიკას, რესპონდენტებთან ურთიერთობას, ინფორმაციის მოპოვების სხვადასხვა გზებსა და წყაროებთან მუშაობას. კურსი მსმენელებს შეასწავლის სარედაქციო სტატიების და საავტორო სვეტების წერას, რათა პრაქტიკული დავალებების საფუძველზე გამოუმუშავდეთ წერის საკუთარი მანერა, კრიტიკული აზროვნება, კითხვის დასმისა და ანალიზის უნარი.

თეორიული კურსი:

  • ჟურნალისტური ეთიკა;
  • საგამოძიებო ჟურნალისტიკა;
  • კონფლიქტების გაშუქება.

ლექციები წარიმართება ქართულ ენაზე და მას წაიკითხავენ როგორც ქართველი ასევე უცხოელი სპეციალისტები.სასწავლო პროცესში, მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით, დაგეგმილია დისკუსიები იმ დროისთვის აქტუალურ თემებზე.

პროექტში მონაწილეობის მსურველებმა ქვემოთ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე; ელ ფოსტა: batumi_ijh@yahoo.com

შევსებული ანკეტა (ანკეტის ფორმის გადმოსატვირთად დააწკაპუნეთ ტექსტის ბოლოს მითითებულ PDF ფაილზე)

  • ბიოგრაფიული მონაცემები (СV რეზიუმე);
  • მოტივაციის წერილი, სადაც დასაბუთებული იქნება, ამ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი (ერთი გვერდი);
  • სარეკომენდაციო წერილი სასწავლო ადგილიდან ან ჟურნალისტიკაში დასაქმებული პირისაგან.

გასაუბრების დღის შესახებ კონკურსანტებს ეცნობებათ მოგვიანებით.

საბუთების მიღების ბოლო ვადა: 08.10.2010, 18:00 სთ.

მისამართი: ასოციაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“, ბათუმი, მ. აბაშიძის გამზირი #48. ტელ: 7 91 52; საკონტაქტო ინფორმაცია: პროექტის დირექტორი: ტელ.: 893 307155; პროგრამის კოორდინატორი: ტელ.: 879 223633

„მედია სკოლის“ მხარდაჭერას ახორციელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და B|S|T.