შეხვედრა ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში

16 აპრილს ქედის ზრდასრულთა განათლების ცენტრში გაიმართა პირველი შეხვედრა პროექტის ფარგლებში “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”.

მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ, მათგან რა შესრულდა მიმდინარე პერიოდში და სამომავლოდ რა დარჩა შესასრულებელი, რატომ არის მნიშვნელოვანი მათი შესრულება და რა სიკეთეს მოუტანს ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. ვალდებულებების შესრულების მიხედვით დისკუსიის პროცესში დამუშავებული ინფორმაცია მოიცავდა სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებს, აგრეთვე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხებს, იხილეს ვიდეო იმ ქართული პროდუქტების შესახებ, რომელთა გატანა წარმატებით ხორციელდება ევროკავშირის ბაზარზე.

მონაწილეებს ასევე გავაცანით ასოცირების ხელშეკრულების ინტერაქტიული გზამკვლევის ვებპორტალი www.aa.ge ვინაიდან აღნიშნული რესურსი თავს უყრის საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესახებ ინფორმაციას ერთ სივრცეში. ის მოქალაქეებს მისცემს საშუალებას მარტივად მოიძიონ ინფორმაცია რომელ წელს და რა დროში უნდა მოახდინოს საქართველომ თავისი კანონმდებლობის ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან დაახლოება და რა გავლენის მომტანი იქნება ის საზოგადოებისთვის.

შეხვედრის მიმდინარეობისას მონაწილეებს ასევე გადაეცათ საინფორმაციო ცნობარი, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად მოცემულია ის სასარგებლო ბმულები რომლითაც შეიძლება თავად ადევნონ თვალყური სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ საქმიანობას.

შეხვედრის ამსახველი დამატებითი ფოტო-მასალა იხილეთ  ბმულზე 
პროექტი “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში” ხორციელდება ფონდი “ღია საზოგადოება საქაქრთველოს” მხარდაჭერით.