შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტში ასოცირების ხელშეკრულების შესახებ

18 აპრილს, ხულოს ცენტრში გაიმართა მეორე შეხვედრა პროექტის ფარგლებში “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში”.

ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლის მოსახლეობამ მიიღო ინფორმაცია საქართველოს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესახებ.  კერძოდ,  სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სფეროში. გარდა ამისა,  ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხების მიმართულებით. განვიხილეთ ნაკისრი ვალდებულებები, რა შესრულდა და რა დარჩა შესასრულებელი, ვისაუბრეთ თუ რა სიკეთის მომტანია ასოცირების შეთანხმება თითოეული მოქალაქისთვის.

ვიდეო-რგოლების საშუალებით, მსმენელებმა იხილეს ქართული პროდუქტების მაგალითები რომელთა გატანა წარმატებით ხორციელდება ევროკავშირის ბაზარზე. შეხვედრის პროცესში ასევე გაეცნენ ასოცირების ხელშეკრულების ინტერაქტიული გზამკვლევის ვებ-პორტალს www.aa.ge და გადაეცათ საინფორმაციო ცნობარი, რათა მარტივად მოიძიონ მათთვის სასარგებლო ინფორმაცია აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით. ეს საშუალებას მისცემთ თვალი ადევნონ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების პროცესს.

შეხვედრის დამატებითი ფოტო-მასალა შეგიძლიათ  იხილოთ აქ 

პროექტი “მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა ასოცირების ხელშეკრულების შესრულების პროცესში” ხორციელდება ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით.