სახელები XVII საუკუნის რუკაზე: Tefus – თბილისი, ბათუმი – Lonati, ქუთაისი – Bassachiuch

XVII საუკუნის ფრანგ კარტოგრაფთა შორის, ყველაზე ცნობილი ნიკოლა სანსონი (Nicolas Sanson) იყო. გარდა იმისა, რომ სამეფო კარტოგრაფის სტატუსს ატარებდა, სხვადასხვა დროს საფრანგეთის მეფეებს – ლუი XIII-ს და ლუი XIV-ს ასწავლიდა გეოგრაფიას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ალბათ მაინც ის არის, რომ ნიკოლა სანსონს ფრანგული კარტოგრაფიის მამას უწოდებენ და სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, რომ XVII საუკუნიდან მოყოლებული, კარტოგრაფია საფრანგეთში სხვა სიმაღლეზე ავიდა. სანსონის სახელს სამასზე მეტი რუკის შედგენა უკავშირდება, რომელთაგან არაერთი რუკა ეხება საქართველოს. თუმცა, ამჯერად მხოლოდ ერთი რუკის, კერძოდ – „TURKOMANIA, GEORGIA, COMMANIA“-ს (ტურკომანია, საქართველო, კომანია) შესახებ მოგითხრობთ. უფრო ზუსტად, იოჰან დავიდ ცუნერის (Johann David Zunner) მიერ 1679 წელს, ფრანკფურტში გამოცემული ვერსიის შესახებ.

ცუნერის მიერ რუკის გამოცემამდე, თავდაპირველად, 1652-1656 წლებში ნიკოლა სანსონის მიერ გამოცემული ოთხ ტომეული ატლასში დაიბეჭდა, სახელწოდებით – „TURKOMANIE, GEORGIE, COMMANIE“. რუკის სახელწოდებაში სიტყვა – GEORGIE, ცხადია საქართველოს აღნიშნავდა. COMMANIE – ყივჩაღთა ტომებთან იყო დაკავშირებული, ხოლო TURKOMANIE ოსმალეთის იმპერიის იმ ნაწილს ეწოდებოდა, რომელიც ძველი წყაროების მიხედვით „დიდი არმენია“ იყო.

ნიკოლა სანსონი

XVII საუკუნის მეორე ნახევარში, სანსონის ზემოთ აღნიშნული რუკა, არაერთხელ გამოიცა ევროპაში, როგორც სანსონის ისე, სხვა გამომცემლების მიერ. გამოცემები ძირითადად ერთგვაროვანი იყო და მხოლოდ მცირედი ცვლილებები იყო ასახული რუკაზე. სწორედ ერთ ასეთ გამოცემას წარმოადგენდა, 1679 წელს, გერმანელი გამომცემლის იოჰან დავიდ ცუნერის მიერ, სანსონისეული რუკის გამოცემა ფრანკფურტში. ცუნერმა რუკა იმ წიგნში შეიტანა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მხარეების და ქვეყნებს აერთიანებდა. 1679 წელს, ფრანკფურტში რუკის გამოცემის დროს, ცუნერის გამომცემლობა ერთ-ერთი საუკეთესოდ ითვლებოდა, ხოლო ფრანკფურტს, უმნიშვნელოვანესი ადგილი ეკავა საგამომცემლო სამყაროში.

სანსონისეული რუკის ცუნერის გამოცემაში, რუკის მარცხენა ქვედა კუთხე დეკორატიულ ჩარჩოში მოთავსებულ წარწერას ეთმობა. XVII საუკუნის მეორე ნახევრის კვალობაზე, რუკა საკმაოდ დეტალურია, მაგრამ ერთი შეხედვითაც ნათელია, რომ რუკაზე არაერთი უზუსტობაა. პირველი, რაც მნახველს თვალში ხვდება, ეს დიდი ტბაა თბილისის ჩრდილოეთით, რომელიც სავარაუდოდ სევანის ტბა უნდა იყოს. სანსონისეულ რუკაზე არსებული ეს უზუსტობა, არაერთმა ცნობილმა კარტოგრაფმა გაიმეორა. მათ შორის, ცნობილმა ფრანგმა კარტოგრაფმა – პიერ დიუ ვალმა.

იოჰან დავიდ ცუნერი

რუკაზე თბილისის აღმნიშვნელი სიტყვაა – “TEFUS”, რომლის სამხრეთ დასავლეთით და ჩრდილოეთი, მთის მასივებია წარმოდგენილი. გარდა ამისა, თბილისის აღმოსავლეთით ორი დიდი მდინარე კვეთს ერთმანეთს. თუმცა მდინარეების აღმნიშვნელი სიტყვები არ არის რუკაზე.

რუკის ცენტრში, შავი და კასპიის ზღვებს შორის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, საქართველოს აღმნიშვნელი წარწერა – “GEORGIA” არის დატანილი. ხოლო, ჩრდილოეთიდან სამხრეთით, საქართველოს კიდევ ერთი აღმნიშვნელი სიტყვა – “GURJISTAN”. თბილისის ზემოთ, იკითხება წარწერა – “GEORGY”, რომელიც ვრცელ ტერიტორიას მოიცავს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ, ვრცელდება კასპიის ზღვამდე და სრულდება ჩრდილოეთით, ქალაქ დარუბანდის (Derbent) ჩათვლით.

რუკაზე კიდევ ერთი დიდი წარწერას შავი ზღვის სანაპიროსთან, ჩრდილოეთიდან სამხრეთით -“MINGRELIA” წარმოადგენს (იმ ეპოქის რუკებზე, დასავლეთი საქართველოს, ან მის ნაწილს ხშირად აღნიშნავდნენ სამეგრელოს სახელით), რომლის ზემოთაც „AVOGASIA“ – აფხაზეთია.  რუკაზე იკითხება: გაგრა – Cacari, ბიჭვინთა – Pezonda, სოხუმი – Savatopoli, სანტა-სოფია – S.Soplus (სავარაუდოდ, გენუელების მიერ დაარსებული სავაჭრო ფაქტორია უნდა იყოს), ფაზისი – Fazze, ბათუმი – Lonati, ქუთაისი – Bassachiuch, გორი – Cori. რუკაზე სხვა არაერთი წარწერაა კიდევ, რომლის წაკითხვა და იდენტიფიცირება რთულია. გარდა ამისა, ბევრი გეოგრაფიული ერთეულის ლოკალიზაცია არ არის სწორი.

ცხადია, სანსონისეული რუკის გამოცემის დროს, ევროპაში ჯერ კიდევ არ იყო გამოცემული ფრანგი კარტოგრაფების, გიო დელილის – “კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკა“ და ჟოზეფ ნიკოლა დელილის – „CARTE DE LA GEORGIE“. უფრო მეტიც, სანსონის მიერ რუკის პირველი გამოცემის დროს, ძმები დელილები დაბადებულიც კი არ იყვნენ. შესაბამისად, ჯერ კიდევ ნახევარ საუკუნეზე მეტი იყო დარჩენილი, სანამ გიომ დელილი, სულხან-საბას დახმარებით შედგენილ – „კასპიის ზღვის მეზობელი ქვეყნების რუკას“ გამოსცემდა. ხოლო ჯოზეფ ნიკოლა დელილი, ვახუშტი ბატონიშვილის რუკის ფრანგული ვერსიას, სახელწოდებით – “CARTE DE LA GEORGIE”.

სანსონისეული რუკის ცუნერის გამოცემა, არც საფრანგეთში –  სანსონის სამშობლოში და არც გერმანიაში – ცუნერის სამშობლოში არ მიპოვია. სრულიად მოულოდნელად რუკა ესპანეთში, კასერესის პროვინციის პატარა დასახლება კუაკოს დე იუსტეში ვიპოვე და ის ახლა უკვე საქართველოშია.

ავტორი: სულხან სალაძე.

________

მასალა მომზადებულია პროექტის – „ევროინტეგრაციის პროცესის გაძლიერება მოქალაქეთა ინფორმირების გზით“ფარგლებში. პროექტს ახორციელებს „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტი დაფინანსებულია „ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ [ევროინტეგრაციის პროგრამა]. მასალაში გამოთქმული შეხედულებები და მოსაზრებები არ არის აუცილებელი გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.