დისკუსია №6 – მედია და საზოგადოება

დისკუსიათა ციკლის “მედია და საზოგადოება” მე-6 შეხვედრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედში გაიმართა. აჭარის ტელევიზიის გადაცემა “ჰეშთეგის” ჟურნალისტი მარი ბოლქვაძე და “ბათუმელების” მარკეტინგის მენეჯერი არჩილ კახაძე საჯარო სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ესაუბრნენ.

შეხვედრების ფორმატი მოიცავს მედიის წარმომადგენლების მიერ მონაწილეებისთვის თავიანთი მიზნებისა და მუშაობის პრინციპების გაცნობას, შემდგომ ნაწილში კი მოსახლეობა უშუალოდ იმ საკითხებს გამოკვეთს რაც აწუხებთ.
აღნიშნულ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის პრობლემები რაც ქობულეთისა და ქედის მუნიციპალიტეტებში გამართული დისკუსიებისას გამოვლინდა, საუბარია
სწრაფი ჩარიცხვის აპარატების არარსებობაზე. სოფელ ქედქედის საჯარო სკოლის პედაგოგებმა ასევე აღნიშნეს საბანკო სერვისების არახელმისაწვდომობა, ვინაიდან ანაზღაურების ასაღებად მათ ქალაქში უწევთ ჩასვლა.

მედიის წარმომადგენლებმა დასაწყისშივე ისაუბრეს სკოლის მოძველებულ შენობასა და სპორტული მოედნის ინფრასტრუქტურაზე. საჯარო სკოლის დირექტორმა აღნიშნა, რომ ელოდებიან ტენდერის გამოცხადებას, რომლითაც სკოლის ახალი შენობა უნდა აიგოს. იქამდე კი ქედქედის საჯარო სკოლის 105 მოსწავლე ახლომდებარე  შენობაში, მეორე სმენაში გააგრძელებს სწავლას.
მედიის წარმომადგენლები ასევე დაინტერესდნენ სკოლის ბიბლიოთეკის, ბუფეტისა და ლაბორატორიების მდგომარეობით.

შეხვედრის ბოლოს გადაცემა “ჰეშთეგის” ჟურნალისტმა მოსწავლეებს მოქალაქე ჟურნალისტის სტატუსით ჩართვა შესთვაზა, რაც საშუალებას მისცემს ახალგაზრდებს ხელი შეუწყონ სოფლის პრობლემების გაშუქებას.

მსგავსი შეხვედრების მიზანია ხელი შევუწყოთ მედიის მონაწილეობით აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის საჭიროებების იდენტიფიცირებას. მიმდინარე წლის განმავლობაში კიდევ 4 დისკუსია გაიმართება, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფელში.

მომზადდა შეხვედრის ვიდეო-ჩანაწერი, ბეჭდვური ვერსია განთავსდება ვებ-გვერდზე http://batumelebi.netgazeti.ge/

შეხვედრის დამატებითი ფოტო-მასალა შეგიძლიათ იხილოთ აქ 

დისკუსიათა ციკლი მზადდება „სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერის“ პროექტის ფარგლებში, ამერიკული ორგანიზაციის NED-ის დაფინანსებით.