ბოშა ქალის ერთი დღე სახლსა და ბაზარში

ქობულეთში, სოფელ გელაურში, მცხოვრები ბოშა ქალები თავს ბაზრებში ვაჭრობით ირჩენენ და ოჯახებსაც არჩენენ. სამუშაო დღე მათთვის ადრე დილას იწყება. ალაგებენ სახლს, ამზადებენ სადილის, შემდეგ კი ჩანთებს და ასე მძიმე ჩანთებაკიდებულები მიდიან სავაჭროდ. ასეთია გელაურელი ბოშა ქალების ყოველდღიურობა – ისინი უმეტეს შემთხვევაში, ბათუმში დადიან სავაჭროდ.

ნებისმიერ ამინდსა და სეზონზე ბოშა ქალები მუდამ ეზიდებიან მძიმე ტვირთს ჩანთებით, რომ საღამოს სახლში წასაღები საკვების ფული იშოვონ.

ფატიმა  54 წლისაა და გელაურში ცხოვრობს. ჰყავს სამი შვილი და შვილიშვილები. ის ხან ქობულეთის ბაზარში ატარებს გასაყიდ ნივთები, ხანაც ბათუმში მიაქვს. ძირითადად სუნამოებით ვაჭრობს. თუ ბათუმში დააპირებს ვაჭრობას, წინა დღეს ნივთებს ქალაქშივე ტოვებს, რომ მძიმე ტვირთის ტარება ერთი ქალაქიდან მეორეში არ მოუწიოს.

ფატიმა

ფატიმა:

“ერთ ადგილას ჯდომას მირჩევნია ასე ვიარო და გზადაგზა ვყიდო საქონელი. ახლა ყველას უჭირს, ბოშასაც, ქართველსაც, მუშაობა არ არის. კაცები სახლში არიან, ბავშვებს უვლიან, საჭმელსაც უკეთებენ, სკოლაში დაჰყავთ. მეც ვსწავლობდი სკოლაში, მაშინ რუსული სკოლა იყო.

ახლა რომ ვივაჭრებ, წამალი უნდა ვიყიდო. ოპერაცია მაქვს გაკეთებული. ათასი რამე გვჭირდება, ეს ცხოვრება არ არის. ადრე ბოშებს ჰქონდათ ქონება, სამკაულები, ოქროს კბილები (იცინის), ახლა პურის ფულს თუ ვიშოვით, ეგეც კარგი იქნება.

გასაყიდ საქონელს “ხოფაზე” ვიღებთ იაფად, “ოფტაოებში” (საბითუმოდ) და მერე გვრჩება 50 თეთრი ან ლარი თითო გაყიდული ნივთიდან, იაფად ვყიდით ჩვენც.”

ბათუმის ავტოსადგურში ორ ბოშა ქალს ჰქონდა გაშლილი სავაჭროდ გამოტანილი ნივთები. ფატიმას მსგავსად ისინიც სუნამოებს, ჰიგიენურ საშუალებებსა და წვრილმან ტექნიკას ჰყიდიან. ეს მათი ყოველდღიურობაა და ჩვენთან ამაზე საუბარი არ მოინდომეს.

ბოშა ქალები ბათუმის ავტოსადგურში

სავაჭროდ გამოსულ ბოშებს ქობულეთის ბაზარშიც შევხვდით. ისინი ჩანთებით დაატარებენ გასაყიდ კოლგოტკებს, სუნამოებს და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს.

მოვაჭრეები ქობულეთის ბაზრობის მიმდებარედ

როგორც წესი, როცა ბოშა ქალები ოჯახს ქმნიან, იწყებენ მუშაობასაც. მათი როლი თემში უმნიშვნელოვანესია, ძირითადად, ქალები მიიჩნევიან ოჯახში ფულის შემტანებად, ამის გამო მათი ცხოვრება რთულია. უწევთ შვილების გაჩენა, ვაჭრობა, სახლის საქმეების კეთება.

ხშირად ახალგაზრდა გოგონები დაქორწინებამდე სრულფასოვან განათლებას ვერ იღებენ, რადგან სკოლაში სიარულის ნაცვლად სახლში რჩებიან და მცირეწლოვან და-ძმებზე ზრუნავენ. ამის გამოა, რომ ისინი შემდგომში ვერ საქმდებიან  და ისევ სავაჭროდ გასვლა უწევთ. ერთგვარი მოჯადოებული წრის გარღვევა შეიძლება ახალმა თაობამ შეძლოს: გელაურში მცხოვრები ბოშა ბავშვები, მათ შორის გოგონებიც, ხშირ შემთხვევაში სკოლაში ახერხებენ სიარულს. რამდენიმე მათგანი პროფესიულ სასწავლებელშიც სწავლობს.

ამ გოგონებს იმედი აქვთ, რომ დასაქმდებიან და ღირსეულად იცხოვრებენ.

პროექტს “ქობულეთში მცხოვრები ბოშების ინტეგრაციის ხელშეწყობა” ახორციელებს “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.